ფეხბურთი

19:00 | 24.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ეკლესიის გუნდი

თბილისში, ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში, შესარჩევი ტურნირის დაწყებამდე, ფეხბურთის გუნდი უწმიდესმა და უნეტარესმა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დალოცა და ბრძანა: საქართველო არ შეარცხვინოთო... მეუფე იობმა თითოეულს ზეთი სცხო და გულიანად აკურთხა. მადლობა ვასილ მაისურაძეს, მადლობა ბიჭებს _ მათ პატრიარქის კურთხევა პირნათლად შეასრულეს: უელსის საკმაოდ ძლიერი ნაკრები გაანადგურეს, მოლდავეთის ნაკრებს პირველ ათ წუთში მოუგეს - ორჯერ გაუტანეს და მერე კი  სიამოვნებისთვის აგორებდნენ ბურთს. ჩვენთან სირბილით დაქანცულ მოლდოველებს კი ორი დღის შემდეგ, უელსთან თამაშის დროს აღარაფრის თავი ჰქონდათ და 0:6 განადგურდნენ.

ჰოლანდიასთან, მესამე თამაშის წინ, ბატონ ვასილს ვთხოვე გუნდთან გასაუბრება. ისიც სიამოვნებით დამთანხმდა. ერთი საათი ვესაუბრე ბიჭებს საქართველოს ისტორიასა და მართლმადიდებლობაზე, ქართველთა ვაჟკაცობაზე, ფეხბურთზე. შემდეგ მათთან ერთად ვივახშმე და ასე ვთქვათ, გუნდის შიდა სამზარეულოში ჩავიხედე. საოცარი დისციპლინა, წესრიგი და ზრდილობა! საქართველოს ეს ნაკრები საქართველოს ეკლესიის გუნდიცაა, რამეთუ თითქმის ყველა აღმსარებელ-მაზიარებელია, ანუ მართლმადი-დებელი ეკლესიის წევრია. ეს კი ვასილ მაისურაძისა და მისი შტაბის დამსახურებაა.

ჰოლანდიასთან აბურჯანიას გოლამდე ორივე გუნდი ბრწყინვალე ფეხბურთს თამაშობდა. ჩვენდა სასიხარულოდ, ყველაფერში ვაჯობეთ: ფიზიკაში, ტაქტიკაში, ტექნიკაში. ორივე გოლი ჩემმა სულიერმა შვილებმა პაპუნაშვილმა და აბურჯანიამ გაიტანეს... 2:1-ის შემდეგ კი დაიწყო ომი! ნამდვილი ომი! თამაშის დამთავრებამდე ნახევარი საათი რჩებოდა, ჰოლანდიას ერთი ბურთის გატანა უნდოდა, რომ საქართველოსთან ფრეს მიეღწია და ჯგუფში არ ჩარჩენილიყო (რას მოვესწარით!) ბიჭებმა ომიც მოიგეს!

ადრე ომებით ვაკვირვებდით მსოფლიოს, მცირერიცხოვანი ჯარით მრავალრიცხოვანთ ვამარცხებდით. სამწუხაროდ, ეს დრო ისტორიას ჩაბარდა. სამყარო სხვა რამით უნდა გავაოცოთ. სახელმწიფოს დონეზე უნდა გადაწყდეს ფეხბურთისა და საერთოდ სპორტის განვითარება. სახელმწიფოს თუ არ აინტერესებს, რა ქნას მარტო ფეხბურთის ფედერაციამ?

ფედერაციაში მისულ ზვიადს, თუ არ მეშლება 18 მილიონი ლარი დახვდა ვალი. ვალი გაისტუმრა, ,,მიხეილ მესხის’’ სტადიონს, საქართველოს ნაკრების ბაზა "ბასას", ლაგოდეხის ბაზას რეკონსტრუქცია გაუკეთა, რამდენიმე ქალაქში მინდორი დააგო. ნუთუ, ისე გავღარიბდით, რომ ფოთში, ოზურგეთში, სამტრედიაში, თელავსა და რაიონულ ცენტრებში 100X50-ზე ბალახისთვის და 5000 პლასტმასის სკამისთვის ვერ მოგვივლია? ფულში როდია საქმე, ჯიგარი აღარ გვაქვს ქართველებს! გამგეობა, საკრებულო თუ მუნიციპალიტეტი იმის ფიქრშია სახლში რა წაიღონ, საკუთარ ეზოებში ბალახსა და ვარდებს კარგად უვლიან! სპორტი, ფეხბურთი, ბავშვების ჯანსაღად აღზრდა ვის აინტერესებს! ბათუმში რაღაცა გაუგებარი უნივერსიტეტი ააშენეს, 30-ე სართულზე ეშმაკის ბორბლით. ასევე უაზროა ანბანის კოშკი. 100 მილიონამდეა დახარჯული!!! თქვე დალოცვილებო! ერთი ლამაზი, ოციათასიანი სტადიონი აგეშენებინათ!!! სირცხვილია, ბათუმს ამდენი ხანი სტადიონი არ ჰქონდეს!

პოლიტიკაში ნუ ერევი, ფეხბურთში ნუ ერევი... ჩვენ რა, სასულიერო პირები საზოგადოების არასრულფასოვანი წევრები ვართ?! როგორ გვიშლით საქართველო გვიყვარდეს, საქართველო გვტკიოდეს, საქართველოს ნაკრებს ვგულშემატკივრობდეთ! ინერციით ხომ არ მოვდივართ კომუნისტურ-ათეისტური აზროვნებიდან?! დასავლეთში, საითკენაც ასე გამალებით მივისწრაფვით: საბერძნეთში, იტალიაში ან სხვაგან სასულიერო პირები საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან. ვერავინ აკადრებს მათ პოლიტიკაში ნუ ერევიო! სტადიონზე რა გინდაო!

განა არ იცით, რომ რომის პაპი ,,სან ლორენსოს’’ გულშემატკივარია და სტადიონზე დადის. პრანდელიმ ევროპის ბოლო ჩემპიონატზე იტალიის ნაკრებს მოძღვარი აუყვანა და არცთუ ძლიერმა ნაკრებმა ფინალში გააღწია. 2004 წელს საბერძნეთის საფეხბურთო ნაკრებს მთელი ქვეყნის გარდა სასულიერო დასი გულშემატკივრობდა და ათონის მთა მათზე ლოცულობდა და საშუალო კლასის გუნდი ევროპის ჩემპიონი გახდა!!!

ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის დიდ საქმეს აკეთებს ბატონი რომან ფიფია. ,,დინამო-არენა’’, ,,დინამოს’’ ბაზა, ბავშვთა აკადემია, რომელიც ნაყოფს სულ მალე გამოიღებს. კარგ საქმეს აკეთებენ ძმები ფხაკაძეები (სტატია რედაქციაში ქუთაისის “ტორპედოდან” ფხაკაძეების წასვლამდე მოიტანეს – რედ.), გურამ რუხაძე, ბესო ჩიხრაძე, ილო კოკაია, ფრიდონ ინჯია!!! დავაფასოთ ასეთი ხალხი, იქნებ სხვა ბიზნესმენებმაც მიჰბაძონ მათ და ფეხბურთში ჩადონ ფული.

დიდი იმედი მაქვს ახალი მთავრობის: პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, ვიცე-პრემიერის კახი კალაძის, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანის, ლეგენდარული დათო ყიფიანის ვაჟის, იგივე სპორტის მინისტრის _ მამასავით დიდი ფეხბურთი არ უთამაშია, თუმცა კაცობასა და განათლებაში არ ჩამორჩება. ისე, ვერის პარკში ვისაც ლევანის თამაში უნახავს, ყველა დამეთანხმება, სასწაულებს ახდენდა. თუ ამათმაც არ მიხედეს ქართულ ფეხბურთს, ჩავთვლი, რომ ჩვენი საშველი მართლა აღარ ყოფილა.

და ბოლოს... მინდა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს მივმართო. წინ, ელიტ-რაუნდია: შვეიცარია, ისრაელი, კვიპროსი. ყველას დაუმტკიცეთ, რომ ქართველნი ღირსნი ვართ გრანდებში თამაშისა!

პ.ს.

შარშან გაზაფხულს, რომში მოსალოცად ვიმყოფებოდი და გამომგზავრება “რომა”-“ლაციოს” დერბის დაემთხვა. რომის ქუჩები ცარიელი იყო სასტუმროდან აეროპორტამდე ტაქსის მძღოლი რადიოში ფეხბურთს უსმენდა. დამტვრეული ინგლისურით ვკითხე, ვის გულშემატკივრობდა –“რომასო”. შენ ვის გულშემატკივრობო? სულ ერთი იყო ჩემთვის “რომა” მოიგებდა თუ “ლაციო”. გული არ გავუტეხე, მეც “რომას”-მეთქი და ტოტი და დე როსი ვუხსენე. როგორც ახლობელ ადამიანს ისე გამომხედა: საიდან ხარო, მკითხა. საქართველოდან - მივუგე და იმან კახი კალაძე მიქო.

ვუყურებდი დაცარიელებულ რომს და გულში ვლოცულობდი თუ ვნატრობდი – ღმერთო! იმ დროს მომასწარი, თბილისური ჯილდაობის დროს, “დინამო-არენა” სავსე იყოს და ქუჩები ცარიელი.

არქიმანდრიტი ანთიმოზი (ბიჩინაშვილი)

 

რედაქტორისგან: ვასილ მაისურაძეს და მის გუნდს ჩვენც კიდევ ერთხელ ვულოცავთ წარმატებას და მომავალში კიდევ უფრო დიდ გამარჯვებებს ვუსურვებთ.

რაც შეეხება თავად სტატიას, რამდენიმე საკითხში მის ავტორს ნამდვილად ვერ დავეთანხმებით, თუმცა, საავტორო უფლებების სრული დაცვით, ამ სტატიაში არანაირი ცვლილება არ შეგვიტანია და როგორც სასულიერო პირის, თანაც ფეხბურთის ქომაგის აზრი, უცვლელად შემოგთავაზეთ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.166222