როგორც იცით, გერმანიაში და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გაყიდვადი საფეხბურთო ავტობიოგრაფიული წიგნი, შტეფან ეფანბერგის სკანდალური ნაღვაწი - “მე ყველას ვუჩვენე!“ - გახლავთ. 10 წლის წინ დაწერილი ეს წიგნი, დღემდე დიდი ტირაჟით იყიდება და გერმანულენოვანი მკიითხველი მოხიბლულია არა მხოლოდ წიგნში აღწერილი ამბებით, არამედ იმითაც, რომ ყოფილ ფეხბურთელს სამწერლო ნიჭი აღმოაჩნდა და თხრობის ორიგინალურ მანერას იყენებს.
სწორედ ამიტომ, ბერლინში მოქმედმა ერთ-ერთმა საგამომცემლო სახლმა, ლეგენდარულ “ეფეს“ ახალი წიგნის დაწერა სთხოვა. ეს შეთავაზება შტეფან ეფენბერგმა თავპატიჟდაუდებლად მიიღო და დაიწყო კიდეც ახალ წიგნზე მუშაობა. ეფენბერგის მიერ დაწერილ რიგით მეორე წიგნში, მოთხრობილი იქნება არა მხოლოდ ეფენბერგის პირადი ისტორიები, არამედ, სხვადასხვა საინტერესო ამბები, რომლებიც უკავშირდება გერმანიის ბუნდესლიგის ყოველდღიურ ცხოვრებას, საფეხბურთო კურიოზებს, მწვრთნელთა რაობას და სხვა...
წიგნების გამავრცელებლები უკვე ხელების ფშვნეტით ელიან შტეფან ეფენბერგის ახალი წიგნის გამოსვლას, რადგან დიდი იმედი აქვთ, რომ წიგნი გაყიდვებით ახალ რეკორდს დაამყარებს და გვარიან მოგებასაც ნახავენ.







