სხვა

14:48 | 22.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ძურიოში – ტოჩინოშინი, მაკუუჩიში – ჰაკუჰო

ზედიზედ მე-9 გამარჯვება – ასეთია ქართველ სუმოისტ ლევან გორგაძის მონაგარი, რომელიც ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე სექტემბრის ბაშოზე ირჯება.

ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი ქართველი აკი ბაშოს ძურიოში დასავლეთის მე-5 ნომრის წოდებით შეხვდა და მორიგი ტიტულისთვის, რომელიც მას სავარაუდოდ ელიტარულ მაკუუჩიში აღზევების საშუალებას მისცემს, დამაჯერებლად მიიწევს.

გასულ ორთაბრძოლაში გორგაძემ აღმოსავლეთის მე-3 ნომერ შოტენროს უვატენაგეთი აჯობა და ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა. 8-8 მოგებით მისი უახლოესი მდევრები აღმოსავლეთის 1-ლი ნომერი ტოკუშორიუ და დასავლეთის მე-9 ნომერი სატოიამა არიან.

“მძიმე” ფინიში ელის თეიმურაზ ჯუღელს იგივე გაგამარუს, რომელიც კვლავ უარყოფით ბალანსზე (4 მოგება, 5 მარცხი) გავიდა. დასავლეთის მე-3 ნომრის სტატუსით მოასპარეზე ქართველმა გოლიათმა აღმოსავლეთის მე-2 ნომერ ჰომარეფუჯისთან ოშიდაშით წააგო.

გაგამარუს კაჩი-კოშისთვის (დადებითი ბალანსი) დარჩენილი 6 ორთაბრძოლიდან მინიმუმ ოთხის მოგება მართებს. მისი შემდეგი მოწინააღმდეგე კი... ტოჩინოშინი იქნება. დიახ, სექტემბრის სუპერტურნირის მე-9 დღეს ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, ქართულ დერბის ვიხილავთ.

მაკუუჩი დივიზიონში წაუგებელი მხოლოდ იოკოძუნა ჰაკუჰო დარჩა, მისმა თანამემამულე კაკურიუმ კი პირველი მარცხი დასავლეთის მე-3 მაეგაშირა იოშიკაძესთან განიცადა. 7 გამარჯვება მოაგროვა აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირა იჩინოჯომაც, ოძეკების ჯახში კი გოეიდომ კისენოსატოს მე-2 წაგება აწვნია.

0.113097