ძიუდო

23:18 | 2.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოისტებს წარმატება მინისტრმა მიულოცა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლევან ყიფიანი 3 სექტემბერს  ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონ - ავთანდილ ჭრიკიშვილს, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ - დავით ქევხიშვილს, ნაკრების მწვრთნელ - ირაკლი უზნაძეს, ეროვნული გუნდის წევრებს და ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე - აკაკი ლოდია, სპორტის დეპარტამენტის უფროსი - ირაკლი დოლაბერიძე, ჟურნალისტები და გულშემატკივრები ესწრებოდნენ.

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკში დასრულებული მსოფლიო ჩემპიონატიდან 1 ოქროს, 2 ბრინჯაოსა და ასევე გუნდურ შეჯიბრში მოპოვებული 1 ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა.

25-31 აგვისტოს გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ოქროს მედლის მოპოვება 81 კგ. წონით კატეგორიაში - ავთანდილ ჭრიკიშვილმა შეძლო, 2 ბრინჯოს მედალი აიღეს ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ), გუნდურ შეჯიბრში კი საქართველოს ნაკრებმა მე-3 საპრიზო ადგილი ბრაზილიის ნაკრების 3:2 დამარცხებით მოიპოვა. 

აღსანიშნავია, რომ 2007 წლის შემდეგ საქართველოს სპორტის ოლიმპიურ სახეობებში მსოფლიო ჩემპიონი აღარ ჰყოლია და ავთანდილ ჭრიკიშვილის მიღწევა ამ მხრივაც გამორჩეულია. ჭრიკიშვილმა 2014 წელს ევროპის ჩემპიონის და ასევე რამდენიმე პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულის ტიტულიც მოიპოვა. 

ასევე მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე, ყველაზე პრესტიჟული - მძიმე წონითი კატეგორიის ფინალური შეხვედრა, ქართველმა მსაჯმა - ვლადიმერ ნუცუბიძემ იმსაჯა.

სამინისტროს პრესსამსახური

0.115839