ჭადრაკი

1:39 | 24.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძე და ხოტენაშვილი ძალებს სწრაფ ჭადრაკში სცდიან

 

რუსეთის ქალაქ ხანტი-მანსიისკში ქალთა გრან-პრის მორიგი სერიის დასრულების შემდეგ, სტარტი აიღო ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატმა სწრაფ ჭადრაკში.

პირველობა მესამედ ტარდება და მასში მონაწილეობას 14 ქვეყნის წარმომადგენელი 34 მოჭადრაკე იღებს.

რაპიდში შეჯიბრი 23-დან 25 აპრილამდე იმართება, ხოლო ბლიცში მოჭადრაკეები ერთმანეთს 26-28 აპრილს დაუპირისპირდებიან.

ორივე ასპარეზობა 15 ტურად იმართება, ოღონდ ბლიცებში, რაპიდისგან განსხვავებით, მეტოქეები დაწყვილებულ შეხვედრებს გამართავენ (თეთრებით და შავებით).

საქართველოდან მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისათვის ნანა ძაგნიძე და ბელა ხოტენაშვილი იბრძვიან.

5 ტურის თავზე რაპიდში შეჯიბრს 4.5 ქულით რუსი ტატიანა კოსინცევა ლიდერობს, რომელსაც 0.5 ქულით კატერინა ლაჰნო (უკრაინა), ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი) და მარია მუზიჩუკი (უკრაინა) მიჰყვებიან.

3.5 ქულით მე-6 ადგილზეა ნანა ძაგნიძე, ხოლო ბელა ხოტენაშვილი 2.5 ქულით მე-17 პოზიციაზეა. ძაგნიძემ ბელარუსი ნატალია პოპოვა, რუსი მარინა გუსევა და ინდოელი დრონავალი ჰარიკა დაამარცხა, გერმანელ ელიზაბეტ პაეტს დაუზავდა და ერთადერთი მარცხი რუს ალეკსანდრა გორიაჩკინასთან განიცადა.

თავის მხრივ, რუსებს ვალენტინა გუნინას და ევგენია სუხარევას აჯობა ხოტენაშვილმა. ქართველმა მოჭადრაკემ ერთადერთი ყაიმი მონღოლ ტუვშინტუგს ბატჩიმეგთან გააფორმა, სლოვენიელ ანა მუზიჩუკთან და რუს მარია ფომინიხთან კი მარცხი განიცადა.

მე-6 ტურში ძაგნიძე შავი ფიგურებით უკრაინელ ანა უშენინას ეთამაშება, ხოლო ხოტენაშვილი თეთრებით ჰარიკას დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111277