წარუმატებელი დეკემბრის შემდეგ, ჰაიფას “მაკაბის” ფორვარდმა, ლადო დვალიშვილმა წელიწადი წყვილი გოლით დაიწყო. იგი პირველი ქართველი აღმოჩნდა, ვინც 2010-ში ოფიციალური გოლი გაიტანა. მასთან ერთადაა და გუნდში დარჩენას ცდილობს თბილისის “დინამოს” ყოფილი კაპიტანი, 24 წლის ლევან ხმალაძე. თუ ლადომ უკვე დაიბრუნა ჩვეული კონდიციები, ლევანი ჯერ კიდევ შორსაა იმ ფორმისაგან, რომელიც ეროვნული ნაკრების არგენტინელ თავკაც ექტორ კუპერს მის “ჯვაროსანთა” რიგებში გამოძახებას აბედინებდა.
“მსოფლიო სპორტი” ისრაელის მოქმედ ჩემპიონში მყოფ ქართველებს ტელეფონით დაუკავშირდა. თუმცა, მანამდე ბოლო ტურის შეხვედრის შესახებ კომენტარი “მაკაბის” მწვრთნელ გიორგი დარასელიას ჩამოართვა.
- 3:0 კი მოვიგეთ, მაგრამ ასეთი რთული თამაში, რომელიც აქაურ ჩემპიონატში გვითამაშია, არ მახსოვს. მეკარისა და ორი ცენტრალური მცველის გარდა, მეტოქის ყველა ფეხბურთელი პერსონალურ მეურვეობას გვეთამაშებოდა. ერთადერთი ჩემთვის და ელიშასთვის არ მოუჩენიათ კაცი, თორემ ყველა “დაკავებული” ჰყავდათ. ისრაელში თუ ვინმეა კარგ ფიზიკურ ფორმაში, ჩვენ ვართ - გავუძელით ამ პრესინგს და პირველი ტაიმის ბოლო ათ წუთში 3 გოლი გავიტანეთ. კიდევ ამდენი მეორეშიც უნდა გაგვეტანა, მაგრამ ფეხბურთელებმა საქმე მოთავებულად ჩათვალეს და ის მომენტები გაანიავეს.
- ლადომ ჩემპიონატში, კარგა ხნის შესვენების შემდეგ, როგორც იქნა გაიტანა.
- მან კარგად იცის, როცა საქმეს კონცენტრირებულად მიუდგება, შედეგსაც აუცილებლად მიიღებს. იგი ჩვენი გუნდისთვის დიდი ძალაა და თუ ასე გააგრძელებს, თავადაც კმაყოფილი დარჩება და კლუბის ხელმძღვანელობაც.
- ლევან ხმალაძეზე რას იტყვით - გუნდთან ადაპტაცია ხომ არ უჭირს?
- ყველაფერი რიგზე იქნება. მთავარია, მან აჩვენოს ის, რაც შეუძლია - რაც ითამაშა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში შარშან გამართულ შეხვედრებში. მოკლედ, ლევანსაც და კლუბის ხელმძღვანელობასაც დამდეგი კვირის ბოლომდე აქვთ დრო - ერთმა უნდა დაამტკიცოს, რომ “მაკაბიში” თამაშის ღირსია, მეორემ კი, სწორად შეაფასოს ფეხბურთელის შესაძლებლობები.
ლადო დვალიშვილს აკრეს “ჰაპოელთან” შესრულებული დუბლით, ისრაელის ჩემპიონატში ნათამაშევ 16 მატჩში 9 გატანილი გოლი გაუხდა. ლადომ “მაკაბის” მაისურით შარშანდელ ჩემპიონთა ლიგაზე 12 მატჩში 5 გოლი გაიტანა, ეროვნულ ნაკრებში 7 შეხვედრაში 4 გოლის გატანაც, დებიუტანტის პირობაზე ურიგო შედეგი არაა. ამას დაუმატეთ გაზაფხულზე რიგის “სკონტოს” მაისურით ჩატარებულ 15 შეხვედრაში გატანილი 13 გოლი და 23 წლის ფეხბურთელისთვის არცთუ ცუდ მონაგარს მივიღებთ.
- ლადო, საკმაოდ მომქანცველი წლის შემდეგ, ნამდვილად კარგი დასაწყისი გქონდათ.
- რომ იტყვიან, წარუმატებელი დეკემბრის შემდეგ, როგორც იქნა, ნავსი გავტეხე. ცოტა დაღლილიც ვიყავი, რასაც თავისი ახსნა აქვს. შარშან, იანვარში, “სკონტოში” რომ დავიწყე ვარჯიში, პრაქტიკულად, მთელი წელი არ დამისვენია. თანაც უმნიშვნელო მატჩები არ მითამაშია - ისრაელში ჩემს გადმოსვლას ეროვნულ ნაკრებში რეგულარული გამოძახებაც დაემთხვა. მერე, ჯერ იყო ჩემპიონთა ლიგაში მოსახვედრი საკვალიფიკაციო შეხვედრები, ბოლოს თვით ჯგუფური ტურნირის მატჩები. მოკლედ, გამიჭირდა ყველგან ერთ დონეზე თამაში. ამ მხრივ, განსაკუთრებით მძიმე, დეკემბრის თამაშები იყო, როცა მხოლოდ ერთი გოლის გატანა შევძელი - კი, ეს ტოტოს თასზე მოხდა და ჩემი გოლით “მაკაბის” ნახევარფინალში გასვლას შევუწყვე ხელი, მაგრამ მთლიანობაში მაინც უკმაყოფილო ვარ.
რაც შეეხება, წლის ასეთ კარგ დასაწყისს, ეს ჩემთვისაც მნიშვნელოვანია და გუნდისთვისაც. “მაკაბის” წლეულსაც სერიოზული მიზნები აქვს დასახული და მათ შესასრულებლად ყველანი დარაზმულები ვართ - ფეხბურთელებიც და მწვრთნელებიც.
როცა ამდენი თამაში გროვდება, მათ შემდეგ ადამიანმა, როგორც წესი, უნდა დაისვენო. მე კი დასვენება საერთოდ არ მქონდა. თან ფსიქოლოგიური ფაქტორიცაა - ახალი წლის დღეებში შეუსვენებელი თამაში, განსაკუთრებულ განწყობას მოითხოვს.
- ქართველთა შორის საუკეთესო სტატისტიკური სეზონი გქონდათ. დაახლოებით, 60 ოფიციალურ თამაშში 30 გოლი გაიტანეთ. თავად როგორ შეაფასებდით განვლილ სეზონს?
- თავდამსხმელისთვის წელიწადში ამდენი გოლის გატანა, ურიგო შედეგი არ უნდა იყოს. ჩემპიონთა ლიგაზე “მაკაბის” მოხვედრას წარმატებად მივიჩნევ. ეროვნულ ნაკრებს შედეგი არ ჰქონია, მაგრამ შვიდ თამაშში 4 გოლი გავიტანე და ჩემთვის ამ დონეზე დებიუტი წარმატებული იყო. ვთვლი, რომ 2009 წელი ჩემთვის ურიგო არ ყოფილა, რადგან ყველაფერს “ერთი ამოსუნთქვით” ვაკეთებდი. ვისაც სპორტთან შეხება ჰქონია, ალბათ, დამეთანხმება, რომ ევროტურნირისა და ნაკრების შეხვედრებზე საჰაერო გადაფრენების ფონზე ძალების აღდგენა და ყველა თამაშის ერთ დონეზე ჩატარება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ჩემთვის, ამ მხრივ, ძალიან დაძაბული წელი იყო და მოხარული ვარ, რომ არ შევრცხვი.
- ზემოთ დაღლილობა ახსენეთ. უკვე შეძელით ძალების აღდგენა, თუ საუკეთესო კონდიციებისაგან კიდევ შორსა ხართ?
- იცით როგორაა. როცა ფსიქოლოგიურად შევეგუე, რომ ძალების აღსადგენად დასასვენებლად არავინ გამიშვებდა, უკვე სხვაგვარად განვეწყვე. უკან დასახევი გზა არ მქონდა - ახალ წელს (ისრაელში 2009-ში ახალ წელს 17 სექტემბერს შეხვდნენ - ფ.კ.) მე შინ არავინ გამომიშვებდა, ავდექი და სულ სხვაგვარი განწყობით მოვეკიდე მზადებას. თუმცა, ერთბაშად რამდენიმე ფრონტზე თამაშმა მაინც ძალიან გადამღალა.
- რამდენად სერიოზული იყო ის მოსაზრებები, რომ თითქოს იტალიური გუნდებიდან გქონდა შემოთავაზებები?
- ჩემპიონთა ლიგაზე “იუვენტუსთან” თამაშის შემდეგ რაღაც ინტერესი იტალიიდან ნამდვილად იყო. კონკრეტულად რა გუნდები გამოთქვამდნენ ამ ინტერესს, ვერ გეტყვით, რადგან ჩემთან არავის მოლაპარაკება არ უწარმოებია.
- როგორ ფიქრობ, შუა ევროპაში სათამაშოდ მზად ხართ?
- რატომაც არა. მინდა ეს სეზონი ისრაელში დავამთავრო და მერე თუ სერიოზული და სასარგებლო შემოთავაზება იქნება კლუბისა და ჩემთვის, წავალ, თუ არა და, ჰაიფაშიც კარგად ვარ.
- “მსოფლიო სპორტის” რეგულარულ SMS-გამოკითხვაზე რა აზრისა ხართ?
- გასაგებია, რომ გულშემატკივარს ერთი ნომრიდან ერთი ხმის მიცემა შეუძლია, მაგრამ ჩვენთან როგორც ეს ევროპაში შეიძლება მოხდეს, ისე არ ხდება. წარმოუდგენელია, რომ თურქეთში რომელიმე ფეხბურთელს ნათესავებმა ასე ორგანიზებულად მისცენ ხმა. იქ, ძირითადად, ფეხბურთის მაყურებელი გულშემატკივარი “იწუხებს თავს” და ხმას იძლევა, რაც საქართველოს მაგალითისაგან, ალბათ, განსხვავდება.
ისრაელში ჩასვლის შემდეგ, პრაქტიკულად, ლადოს გვერდითაა კიდევ ერთი ქართველი - ლევან ხმალაძე. მისი “მაკაბიში” პირველი ვარჯიში გასულ ოთხშაბათს ჩატარდა და როგორც თავად ფეხბურთელი ამბობს, საუკეთესო ფორმაში შესასვლელად, ჰაიფელთა მოთმინება სჭირდება.
- ლევან, ისრაელში დიდი ხნის ჩასული არა ხართ. თუ შეგიძლიათ შეადაროთ საფეხბურთო სიტუაციები საქართველოსა და აღთქმულ მიწაზე.
- უმთავრესი განსხვავება ისაა, რომ აქ უფრო მეტად უყვართ ფეხბურთი და მეტად აფასებენ ფეხბურთელებს, ვიდრე საქართველოში. შესაძლოა, ნიჭიერი ფეხბურთელების მხრივ, ჩვენი ქვეყანა სჯობდეს ისრაელს, მაგრამ ფეხბურთისადმი სიყვარული აქ იმ დონეზეა ასული, მიკვირს.
- კონკრეტულად რაში გამოიხატება ეს სიყვარული?
- აბსოლუტურად ყველაფერში - დაწყებული ფეხბურთელების პროფესიონალიზმით და მწვრთნელების მხრიდან საკუთარი საქმისადმი მიდგომით, დამთავრებული ინფრასტრუქტურით. აქაურ სტადიონებსა და სავარჯიშო მოედნებს რომ გადახედოთ, იფიქრებთ, ეს ხალხი ჯადოქრები არიანო. თუ საქმეს პროფესიულად მიუდგები კაცი, აქ ფეხბურთის ცუდად თამაში არ შეიძლება.
- თქვენი მდგომარეობა როგორია, რას ატყობთ გუნდის ხელმძღვანელები კარგი თვალით გიყურებენ?
- გუნდთან ერთად ჯერ 3 ვარჯიშის ჩატარება მომიწია და ამ კვირის ბოლომდე ჩემი აქ დარჩენის საკითხი საბოლოოდ გაირკვევა.
- როგორც “მაკაბის” ერთ-ერთმა მწვრთნელმა, გიორგი დარასელიამ გვითხრა, შეიძლებოდა თქვენი ჰაიფაში დარჩენის საკითხი ერთი-ორი ვარჯიშის შემდეგ გადაწყვეტილიყო დადებითად.
- იცით, სანამ აქ წამოვიდოდი, თითქმის 2 თვე არ მივარჯიშია და ამიტომაც ვერ ვარ ჩვეულ ფიზიკურ ფორმაში. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, ისრაელში და კონკრეტულად ჰაიფაში თამაშის დაწყების პრობლემა ნამდვილად არ მექნებოდა. საგანგაშო ისეთი არაფერია - მთავარია, ჩემი აქ დარჩენა გადაწყდეს და მჯერა, ფორმასაც მალე დავიბრუნებ და ძველებურადაც მალე ავთამაშდები.
ფრიდონ კერვალიშვილი







