ფეხბურთი

20:19 | 22.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

დუნგა ბრაზილიის ნაკრებს დაუბრუნდა

 

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად კარლოს დუნგა დაინიშნა. როგორც ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციის პრესსამსახური იტყობინება, დუნგა თანამდებობაზე კონფედერაციის პრეზიდენტმა ხოსე მარია მარინიმ დღეს, რიო დე ჟანეიროში გამართულ პრესკონფერენციაზე ოფიციალურად წარადგინა.

დუნგა ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელად 2006-2010 წლებშიც მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით ბრაზილიელებმა 60 მატჩი ჩაატარეს, 42 მოიგეს, 6 წააგეს, 12 ფრედ დაასრულეს. სამხრეთ აფრიკაში, მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე მისი გუნდი 1/4-ფინალში ჰოლანდიასთან 1:2 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. ბრაზილიის ნაკრებიდან წასვლის შემდეგ, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, დუნგა აქტიური სამწვრთნელო საქმიანობით მხოლოდ 2013 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე იყო დაკავებული, როცა “ინტერნასიონალს” თავკაცობდა.

“ჩემი მიზანია, შევცვალო ხალხის დამოკიდებულება ჩემს მიმართ. ახლა გუნდის დაკომპლექტებაზე უნდა ვიზრუნოთ, რათა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე შედეგი მივიღოთ. გულშემატკივართა ინტერესებსაც გავითვალისწინებთ. გუნდი საკმაოდ ახალგაზრდული იქნება. მაგრამ, მნიშვნელოვანია გამოცდილების და ახალგაზრდობის კარგი ნაზავი. მიზნისკენ აუჩქარებლად ვივლით” – განაცხადა პრესკონფერენციაზე დუნგამ.

ბრაზილიელები უმწვრთნელოდ ახლახან დასრულებული მუნდიალის შემდეგ დარჩნენ, სადაც ლუიშ ფელიპე სკოლარის გაწვრთნილმა გუნდმა ნახევარფინალში გერმანიასთან გამანადგურებელი მარცხი (1:7) იწვნია, ხოლო მესამე ადგილისთვის მატჩი ჰოლანდიასთან წააგო (0:3).

0.114889