ბლოგი

10:53 | 17.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯიგრები და უჯიგროები

ახლა ძმანო მე მგონი ის დროა რომა, ყველამ გაბზარულ ზურნას ჩავბეროთ და დარდიან ჰანგზედ ამოვიკვნესოთ ის კაეშანნარევი ფიქრები, რომლებიც აგრერიგ გვეხვევიან თავსა და გვიმწარებენ ცხოვრებას. რა, არ იქნება ეს ოხერი დარდი, როცა უეფას მითითებაა საჭირო იმისთვის, რომ ჩვენს ფეხბურთში არსებული მანკიერებები აღმოვაჩინოთ?! უეფას ნათქვამი რა ოხრად გვინდა, როცა ყველანი ვხედავთ სადაცა ვართ და როგორცა ვართ. ვხედავვთ მაგრამ ვზივართ ეგრე გაბოტილად და ხმას კი არ ვიღებთ. ჩვენა გენცვათ ქართველები ვართ! ჰოდა ქართველები რაკიღა ვართ, ჯიგარიც სხვანაირადა გვაქვს მოწყობილი და მანკიერების მხილებას ჩვენში “ჩაშვებას” ეძახიან, კორუმპირებულ კაცს კიდევ “კაი მეოჯახესა” და “კარგ პურიმჭამელს”. ჰოდა ვართ ასე, ვიცით რაც ხდება ჩვენს ფეხბურთში, ბარე ორი ვინმე რომ საერთოდ მოსაკვეთია ფეხბურთიდან – ესეც ვიცით, მაგრამ აბა ხომ არ “ჩავუშვებთ?!” ჩვენ ხომ სხვა ხალხი ვართ!...

ერთი ჩვენებური მწვრთნელი თურმე, მთელი ექვსი მატჩის მანძილზე ზედიზედ პირველ ტაიმში აკეთებდა ცვლილებებს. ეგ ის კაცია, ყველა უბედურებას ჟურნალისტებს რომ აბრალებს და თავი მინიმუმ ენცო ბეარზოტი ჰქონია. სხვას “ტაიმბოლზე” თამაშში ადანაშაულებენ. თურმე ისეთი ხალხიც გვყოლია, რომლებიც ყვითელ და წითელ ბარათებს ტოტალიზატორის ეშხითა და სიყვარულით იღებენ. ერთი სიტყვით, კაი მაგარ შარში ვართ გახვეული და მე რომ მკითხოთ, ამ ამბებს არა მხოლოდ ფინანსური მაქინაციების, სისხლის სამართლის სუნიც კი უდის. მაგრამ რად გინდა? ჩვენ ხომ სხვა ხალხი ვართ? იშოვა ხალხმა “ორი კაპიკი”. თან ჩვენთან ხომ არ იშოვა... სადღაც აზიიის მიჭყლეტილ ტოტალიზატორში იშოვნიდა. ქართულ ეროვნულ ფულს არ შეხებია ძმანო!

ნოდარ დუმბაძის “კუკარაჩა” ალბათ ყველას გახსოვთ. ისიც გეხსომებათ, მურტალო რომ ეუბნება კუკარაჩას – მე საქართველოში არა ვქურდობ - გამიშვი არ დამიჭიროო. მე თუ მკითხავთ უნიკალური სიტყვებია. საქართველოში არ ქურდობს ბიჭი! გაუშვით რაღა... და მთავარი – კუკარაჩამ მურტალო მართლა არ დაიჭირა! მართალია სულ სხვა რამ იყო მურტალოს არდაჭერის მიზეზი, მაგრამ არ დაიჭირა. ჩვენ ასეთი ხალხი ვართ! ჩვენთან მხოლოდ იმ ხალხს არბენინებენ პროკურატურაში თუ პოლიციაში, რომლებიც ცუდ დროსა და ცუდ მომენტში შეეჩხირნენ თვალში მავანთ. სულ ასე იყო და ახლაც ასეა...

და მაინც... რატომ უნდა სჭირდებოდეს უეფას და ფიფას დაძალება და მოთხოვნა იმას, რომ ქართელებმა ჩვენს ფეხბურთში არსებული მანკიერებების აღმოფხვრა დავიწყოთ? გასაგებია, რომ ფეხბურთის მსოფლიო თუ ევროპული მმართველი ორგანიზაციების პირდაპირი მოვალეობაა წევრ ფედერაციებს პრობლემებზე მიუთითონ, მაგრამ ჩვენ აქ რას ვაკეთებთ? სადაა ნაქები ქართული მედია? სად არიან ჩვენი მრავლისმცოდნე ექსპერტები და გულშემატკივრები? დავიჯერო არავინ არაფერი იცოდა და ახლა განათდა ქვეყანა, როცა უეფამ გვითხრა – თქვენთან ცუდი რამეები ხდებაო?!.. ისევ და ისევ მივდივართ ჩვენს დიდებულ და გენიალურ “ჯიგრობამდე”. ჯიგარი კაცი არავის “ჩაუშვებს!” აეგრე!

ამასწინათ ჟოზე მოურინიომ თქვა: ყველაზე მეტად ის მწვრთნელები არ მიყვარს, რომლებიც ჩაწყობილი მატჩების ხსენებაზე შუბლს შეკრავენ და ფიცილს იწყებენ – ეგეთი რამე არც კი მინახავს და არც კი მსმენიაო. არადა ამ დროს, რაც მაგათ ჩაწყობილ თამაშებში მიუღიათ მონაწილეობა, მაგას რა დათვლისო. პირში მთქმელი კაცია სეუ ჟოზე და ამიტომაც მიყვარს!

 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115979