ჩვენს პლანეტაზე ძალზედ ცოტაა ისეთი რამ, რასაც ინგლისელი ჟურნალისტები ვერ გაიგებენ. ინგლისელ ტაბლოიდებს მით უმეტეს არ გასჭირვებით იმის გაგება, რომ ტურინის “იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების ამჟამინდელი მეკარე – ჯანლუიჯი ბუფონი ქალაქ მანჩესტერში საცხოვრებელი სახლის შეძენას ცდილობდა.
იტალიელ გოლკიპერს, მანჩესტერში არსებული ერთ–ერთი სამაკლერო კანტორისთვის მიუმართავს და საჭირო ბინის არჩევაში დახმარება უთხოვია. ჟურნალისტებსაც მეტი რა უნდოდათ. ბოლო პერიოდში ჯერ ისედაც ხშირად საუბრობდნენ იმაზე, რომ ბუფონის შეძენა “მანჩესტერ იუნაიტედს“ სურს და “მანკუნიანელთა“ მესაჭე – ალექს ფერგიუსონი ნამეტანი მოწადინებულია იტალიელი მეკარის გადაბირებით.
მანჩესტერელთა ეს სურვილი მხოლოდ ლაყბობა რომ არ არის, იმითაც დასტურდება, რომ ჯიჯი ბუფონი უკანასკნელ ხანს ხშირად საუბრობს იტალიის დატოვებაზე და სურვილი აქვს, რომ სხვა ქვეყნის პირველობაშიც მოსინჯოს ძალები.
ბუფონი მანჩესტერში ბინის შეძენით დაინტერესების ფაქტს ადასტურებს, თუმცა მომავალში “ოლდ ტრაფორდზე“ გარჯაზე ჯერ არაფერს ამბობს. ამ ფაქტმა იტალიელი ქომაგები ძალზე გაანაწყენა, რადგან წლების წინ, ბუფონს ნათქვამი აქვს, რომ კარიერის დასრულება ტურინში სურდა. თუმცა, სამყაროში ბევრი რამ იცვლება და როდესაც კარიერის მიწურულს, ვეტერან მეკარეს “იუნაიტედში“ გადასვლის შანსი აქვს, დაგვერწმუნებით, რომ ამ ცდუნებისათვის გაძლება არცთუ ისე ადვილია.







