ინგლისელი ფეხბურთელი ჯერმეინ დეფო ბევრს კი ეცადა, დაემალა და საზოგადოების თვალისათვის მოერიდებინა შეხვედრები ინგლისელ მოდელთან და ტელეწამყვანთან ჯემა ატკინსონთან, მაგრამ საბოლოო ჯამში, იძულებული გახდა, ჯემასთან რომანიც ეღიარებინა და ისიც დაედასტურებინა, რომ ამ ცნობილ ქალს წელიწადზე მეტია, რაც ხვდება და აქამდე მხოლოდ თავს იკატუნებდა, როდესაც ყველას არწმუნებდა, რომ თითქის მასსა და ჯემა ატკინსონს შორის მეგობრობის გარდა არაფერი ხდებოდა.
თავისი ბევრი კოლეგისგან განსხვავებით, ჯერმეინ დეფო დიდი მექალთანე და მუსუსი არასოდეს ყოფილა. როგორც ინგლისური “ყვითელი“ გამოცემები ირწმუნებიან, ჯერმეინის ყაიდის მამაკაცებს ჯემა ატკინსონის მსგავსი წარმატებული ქალები იმიტომ იზიდავთ, რომ მათთან შეხვედრები თავდაჯერებულობას მატებთ და მათში სიმშვიდეს ეძებენ, რის ნაკლებობასაც ყველაზე მწვავედ განიცდიან.
კონკრეტულად რას გრძნობს და განიცდის ჯერმეინ დეფო, მოდი, ამის ახსნას მაინც ნუ შევუდგებით, რადგან ასეთ მცდელობას შედეგი მაინც ვერ იქნება. ის კი ფაქტია, რომ ჯემა ატკინსონისთანა ქალთან თავს მშვიდად და კომფორტულად ჯერმეინ დეფო კი არა, ალბათ ნებისმიერი მამაკაცი იგრძნობდა. რაკი დეფომ საბოლოოდ აღიარა ატკინსონის გულისსწორობა, ინგლისში უკვე იმაზეც დაიწყეს ლაპარაკი, რომ შესაძლოა, მათი რომანი ქორწინებით დასრულდეს. სიძის ამპლუაში ჯერმეინ დეფოს წარმოდგენა კი, დაგვერწმუნებით, ერთობ საინტერესო უნდა იყოს.







