ჯეიმს ბონდის ისტორიები ბავშვმაც კი იცის და განურჩევლად სქესისა და ასაკისა, ყველა თაობის საყვარელი კინოგმირია. ამ როლის შემსრულებლები კი, ჩვეულებრივი, რიგითი მოკვდავები არიან თავისი შეხედულებებით და გემოვნებით. ამ დროისთვის, ბოლო ჯეიმს ბონდი, შეუდარებელი მსახიობი დენიელ კრეიგი, “მანჩესტერ იუნაიტედის” შოტლანდიელმა მწვრთნელმა “ოლდ ტრაფორდზე” მიიპატიჟა, მაგრამ მსახიობი თამაშზე არ მივიდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ დენიელი ბავშვობიდანვე “ლივერპულს” ქომაგობს. ეს ფაქტი კრეიგის დედამ ალექს ფერგიუსონს ლონდონი - ნიუ იორკის გზაზე, თვითმფრინავში აუწყა.
მოკლედ, ფერგიუსონს, ჩვენებურად ჟარგონზე რომ ვთქვათ, ეს ფაქტი ისე “გაუტყდა” რომ განაცხადა - ყველაზე მაგარი ჯეიმს ბონდი შონ კონერიაო. საუკეთესო ბონდების საყოველთაო გამოკითხვა არაერთხელ ჩატარებულა და ყველა ბონდი თავის ეპოქაში მართლაც რომ სუპერპოპულარულია და გამონაკლისს არც დენიელ კრეიგი წარმოადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ უკვე ეძებენ ახალი ჯეიმს ბონდის შემსრულებელს, მაგრამ ჯერჯერობით, კრეიგს შემცვლელი ვერ მოუძებნეს..







