როდესაც საქართველოში ჩვენს თანამემამულე იმედისმომცემ ფეხბურთელებზე საუბრობენ, უპირველესად და გამორჩევით იხსენებენ ერთ ყმაწვილკაცს, რუსეთის სტადიონებს მართალია იშვიათად, მაგრამ ჯანის დაუზოგავად რომ სერავს და არაერთი ცნობილი უცხოური კლუბი რომ გამოთქვამს მისი შეძენის სურვილს.
ჯანო ანანიძის მომავალი დიახაც რომ აწუხებს ქართველ ქომაგს და რომ არ აწუხებდეს, ის იქნებოდა გასაკვირი. თუმცა, უფრო მნიშვნელოვანია, საკუთრივ ჯანო რას ფიქრობს საკუთარ მომავალზე.
ბოლო დროს, ჩვენს პრესაში (განსაკუთრებით, არასპორტულში), ერთი ძალიან ცუდი ტენდენცია შეინიშნება - საკმარისია, ქართველმა სპორტსმენმა ოდნავადაც კი გამოიჩინოს თავი, რომ მისი მისამართით უკვე მოისმენთ ან წაიკითხავთ ისეთ გამონათქვამებს, როგორიცაა: “გენიალური“, “ბრწყინვალე“, “შესანიშნავი“ და სხვა... კარგად მესმის, რომ ქართული ფეხბურთის მრავალწლიანი “ძილისპირულის“ შემდეგ, ყოველი თავგამოჩენილი ახალგაზრდა ფეხბურთელი, ქართველთა გულებში ახალი იმედების ჩამსახავია, მაგრამ მავანთა ზომიერების გრძნობის არქონის გამო, “გენიალურად“ სახელდებული და შემდეგ დაკარგული ქართველი ფეხბურთელების ჩამოთვლა რომ დავიწყო, კომპიუტერის კლავიატურაც მენანება და არ დაგიმალავთ - საკუთარი თავიც...
ჯანო მართლაც რომ შრომისმოყვარე და ნიჭიერი ბიჭია, რომელსაც უდავოდ ხელეწიფება რუსეთის ჩემპიონატზე უფრო კარგ ალაგს თამაში და რაც უფრო მალე დატოვებს რუს “ხალხოსნებს“, მით უკეთესი იქნება, უპირველესად, მისთვის.
თუკი ოდესმე, რუსულ სპორტულ ინტერნეტფორუმებზე შესვლას გადაწყვეტთ, მეგობრულად გირჩევთ, რომ ჯერ ფსიქოლოგიურად განაწყოთ საკუთარი თავი და ირწმუნოთ, რომ ინტერნეტში “ყველაფერი მოსულა“! ხოლო, თუ მაინც ვერ გარისკავთ ამ ნაბიჯის გადადგმას, მაშინ მე გეტყვით, რას წერს, მოსკოვის სპარტაკის ერთ-ერთი ქომაგი ჯანო ანანიძეზე: “წაიღეს ტვინი ამ ანანიძით! არაფრის მაქნისი ეგ ბიჭი არაა. უფრო მეტიც – ნაღდი ქართველია! მთელი თამაში რომ ითამაშოს, 2-3-ჯერ, გაირბენს, მოატყუებს ერთ კაცს და მერე ყველა მაგაზე ლაპარაკობს. ხომ გეუბნებით – ნაღდი ქართველია! ჰაერია და მეტი არაფერი...“.
ამ “მარგალიტების“ წამკითხველ ქართველს, შეიძლება ნერვებმა უმტყუნოს და ანანიძის გამქიაქებელს, სწორედ ის უწოდოს, რაც რეალურად არის. მაგრამ, თუკი ეს ქართველი, ფორუმზე არსებულ სხვა კომენტარებსაც გულდასმით ჩაიკითხავს, მიხვდება, რომ არაფრის დაწერას აქვს აზრი, რადგან წინა “გამომსვლელს“ არც სხვები ჩამოუვარდებიან ავსიტყვაობითა და დუჟმომდგარობით. აი, მაგალითად, რას წერს ვინმე “ვალოდია პიტერსკი“: “სულ იმას ვამბობ, რომ არ უვარგა “სპარტაკს“ მენეჯმენტი. ექვს მილიონ ევროს იხდის “მანჩესტერ სიტი“ ჯანოში. ამ ფულით, 2 კარგი რუსი ფეხბურთელი მოუვათ. რაში სჭირდებათ ეგ ანანიძე, რომელმაც ჩვენს ნაკრებზე უარი თქვა და მაინც “გორილა გრუზინად“ დარჩა. ეგეთი უმადური ხალხი გუნდში არ უნდა გააჩერო!“.
არ მინდა იფიქროთ, რომ რაკი თავად არ ვარ ჩვენი “კეთილი მეზობლების“ მიმართ კარგად განწყობილი, იმიტომაც ვწერ ამ ყველაფერს და რომ მათში მხოლოდ ცუდის დანახვა მსურს. უნდა ვთქვა, რომ ჯანოს რამდენიმე ფორუმელი გამოექომაგა. მაგრამ, ისიც უნდა დავამატო, რომ ანანიძის გამომქომაგებლებიდან, ქალაქის გრაფაში, საიდანაც ისინი წერდნენ, ერთს ყაზანი ეწერა, მეორეს კი, ქუთაისი.
რუსული ფორუმული უსამართლობის მაგალითით სწორედ იმის თქმას ვაპირებ, რაც ისედაც ცხადია და რასაც, ალბათ, ყველა ქართველი ქომაგი იზიარებს. ჯანო ანანიძემ, რომელიც ბოლო დროს, სულ უფრო და უფრო იშვიათად ხვდება მოსკოვური კლუბის ძირითად 11-ეულში (გასაკვირია პირდაპირ...), რაც შეიძლება მალე უნდა დატოვოს რუსეთის ჩემპიონატი. დიდი მადლობა გადაუხადოს “სპარტაკის“ მწვრთნელებს იმ წუთებისათვის, რომელთა განმავლობაში მას მოედანზე ყოფნის საშუალება მისცეს, დაიხუროს ქუდი და წავიდეს იმ ქვეყანაში, სადაც განვითარების პერსპექტივაც მეტი ექნება.
...და თუ ვინმე გააკრიტიკებს, მხოლოდ მისი თამაშის გამო და არა იმიტომ, რომ სხვა ქვეყნის ნაკრებში გარჯას, თავისი სამშობლოს ეროვნული გუნდი არჩია!
ლევან სეფისკვერაძე







