სად გააგრძელებს კარიერას ჯაბა დვალი, ჯერჯერობით, უცნობია. საქართველოს ჩემპიონატის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირს “ზესტაფონთან” კიდევ 2-წლიანი კონტრაქტი დარჩა. აზერბაიჯანულ “ყარაბაღში” გადასვლაზეც ითქვა, თუმცა დვალმა “მსოფლიო სპორტთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ სხვა ვარიანტებიც არის:
- “ყარაბაღში” გადასვლა სულაც არაა გადაწყვეტილი. არაა სწორი, თითქოს უკვე იქ მივდიოდე. “ყარაბაღიდან” რამდენიმე დღის წინ იყო დაინტერესებაო, გავიგე, მაგრამ სხვა გუნდებიც არიან. რამდენიმე ვარიანტია, წინადადებებს “ზესტაფონს” სთავაზობენ. თუმცა, კლუბი მიიღებს წინადადებას და შემდეგ მე მაცნობებს. ორმხრივი შეთანხმების შემდეგ შედგება ტრანსფერი.
- მაგალითად, რომელიმე აზერბაიჯანულმა კლუბმა 500000 დოლარი რომ შესთავაზოს “ზესტაფონს”, ხოლო უფრო ძლიერი საფეხბურთო ქვეყნის გუნდმა ნაკლები გაიღოს, ამ შემთხვევაში რა მოხდება?
- ამ შემთხვევაში, კლუბი მე მაცნობებს. სადაც არ მსურს გადასვლა, იქ არ გამყიდიან.
- სხვა გუნდებიდანაც არის წინადადებებიო და მათ შორის, როგორც ვიცით, თბილისის “დინამოცაა”.
- დიახ. “დინამოცაა”.
- კიდევ რომელი გუნდები არიან?
- პირდაპირ მე არ მეკონტაქტებიან. “ზესტაფონს” ელაპარაკებიან, ასე რომ, კონკრეტულად ამ მომენტისთვის გუნდებზე ვერ გეტყვით. მხოლოდ ის ვიცი, რომ რამდენიმე ვარიანტი მაქვს, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ “ზესტაფონში” დავრჩე. თუ ვერ შეთანხმდებიან კლუბები, როგორ წავალ?..
- ახლა “ზესტაფონთან” ერთად ვარჯიშობთ?
- დიახ. ფეხი მტკიოდა, ახლა კი ჯანმრთელად ვარ და ინდივიდუალური პროგრამით ვვარჯიშობ. ეს მანამდე, სანამ ჩემი საკითხი გაირკვევა.
ილია ნანობაშვილი







