ფეხბურთი

12:22 | 30.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

“დინამომ” ესპანელი ახალწვეულები ოფიციალურად წარადგინა

თბილისის “დინამოს” ესპანელი ლეგიონერები ჩისკო მუნიოსი, კარლეს კოტო და ალბერტ იაგუე დღეს, ეროვნული სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ და გენერალურმა დირექტორმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა ოფიციალურად წარადგინეს. 

სამივე ფეხბურთელმა თბილისის “დინამოსთან” 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
აქვე გეტყვით, რომ ისინი ევროპის ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე მოლდოვის “მილსამისთან” შეხვედრებში ვერ მიიღებენ მონაწილეობას.
ჩისკო “დინამოში” 28-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, იაგუე – 19-ნომრიანით, ხოლო კოტო – 21-ნომრიანით.
რომან ფიფია: “მნიშვნელოვანია დღეა არა მხოლოდ “დინამოსთვის” არამედ, მთელი ქართული ფეხბურთისთვის, რადგან ეს ესპანელი ბიჭები ჩვენთან არიან. იმედია, ისინი თბილისის “დინამოს” გააძლიერებენ. ჩვენ ავიღეთ გეზი სწრაფი თამაშისკენ. ახალი მწვრთნელი გუნდს “ბარსელონას” მეთოდებით ავარჯიშებს. იმედია, ეს მეთოდი “დინამოს” წარმატებას მოუტანს”.
ზურაბ პოლოლიკაშვილი: “საერთოდ, დიდი ხანია მესმის, რომ საქართველოში არავინ ჩამოვა და ნორმალური ფეხბურთელი არ ითამაშებს. ბევრმა ქართველმა ფეხბურთელმა, რომლებიც სხვა ქვეყნის ჩემპიონატებში უგზო-უკვლოდ არიან გაფანტული, იმედი გაგვიწბილეს და “დინამოში” არ ჩამოვიდნენ. თუმცა, ამას თავისი მიზეზებიც ჰქონდა. მათ კლუბებთან გრძელვადიანი კონტრაქტები აკავშირებდათ. პარალელურად ჩვენ სხვადასხვა კლუბებთან ვმუშაობდით “დინამოს” პრეზიდენტისა და ჩემი პირადი კონტაქტების მეშვეობით. აქცენტი ესპანელებზე გაკეთდა. ჩვენ დაველოდეთ, ვიდრე მწვრთნელი პირადად არ ნახავდა, თუ რომელ პოზიციებზე ჭირდებოდა გუნდს გაძლიერება და ესპანელი ფეხბურთელები ამის შემდეგ მოვიწვიეთ. სამივე მათგანი კლუბთან ორწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. უშუალოდ მოედანზე გამოჩნდება, თუ როგორ გააძლიერებენ ისინი გუნდს. მათი რეგისტრაცია ვერ მოესწრო და ამიტომ, “დინამოს” ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან შეუერთდებიან. ახალ ფეხბურთელებს თბილისის “დინამოსთან” ერთად წარმატებას ვუსურვებ. მათ გუნდის მთავარ მწვრთნელთან ერთად უმუშავიათ და ადაპტაცია გაუადვილდებათ. ისინი პიროვნულად ძალიან კარგი ადამიანები არიან, იმედი მაქვს, ამ ორი წლის განმავლობაში ქართველ ფეხბურთელებთან იმეგობრებენ და წარმატებას ერთად მიაღწევენ. “დინამო” ახალი გუნდია. რამდენიმე კვირაა, რაც ამჟამინდელი შემადგენლობა ჩამოყალიბდა და ფეხბურთელებს შეთამაშებისთვის დრო სჭირდებათ”.
ამის შემდეგ, ფიფიამ და პოლოლიკაშვილმა ესპანელ ლეგიონერებს “დინამოს” მაისურები გადასცეს.
მოგვიანებით, ფიფიამ დარბაზი დატოვა, ხოლო სიტყვა ესპანელებს გადაეცათ.
ალბერტ იაგუე: “სამი დღეა რაც ჩამოვედი და აქაურობა ძალიან მომწონს. გუნდში არსებული ატმოსფეროთი კმაყოფილი ვარ. იმედია, რომ მე და ჩემი მეგობრები ადაპტაციას მალე გავივლით და ამაღამ პირველ გამარჯვებას ვიზეიმებთ”.
ჩისკო მუნიოსი: “მადლობა ზურას, კლუბის პრეზიდენტს, მთავარ მწვრთნელს, კლუბის პერსონალს. იმედია, მალე საერთაშორისო დონეზე წარმატებას მივაღწევთ”.
- რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში ჩამოსვლა?
ჩისკო: “დინამო” ძალიან წარმატებული გუნდია. ჩემთვის მომხიბვლელი იყო ის პროექტი, რომელიც ამ კლუბში ხორციელდება. იმედია ნდობას, რომელიც ამ ხალხმა ჩვენს მიმართ გამოხატა გავამართლებთ და გულშემატკივრების ნდობასაც მოვიპოვებთ.
- ესპანეთის პრიმერა დივიზიონიდან საქართველოს ჩემპიონატში სათამაშოდ გადასვლა უკანგადადგმულ ნაბიჯად არ მიგაჩნიათ?
ჩისკო: უკანგადადგმულ ნაბიჯად არ ვთვლი. ესპანეთში ყველაფერი მოვიგე, რისი მოგებაც შეიძლებოდა. 18 წლიდან პროფესიონალი ვარ. ვფიქრობ, საქართველოში შემიძლია განვვითარდე როგორც პიროვნება და როგორც პროფესიონალი.
- აქამდე საქართველოს ჩემპიონატის შესახებ თუ გსმენიათ რაიმე? იცით თუ, რომ შოთა არველაძის თქვენს მსგავსად “ლევანტეში” თამაშობდა?
ჩისკო: შოთას არ ვიცნობ, რადგან გუნდში ერთად თამაში არ მოგვიწია. მე მიყვარს ფეხბურთი. საქართველოში იმიტომ ჩამოვედი, რომ ჩემპიონები გავხდეთ.
კარლეს კოტო: “ იგივეს გავიმეორებ რაც ჩემმა თანაგუნდელებმა თქვეს. მადლობა იმ ნდობისთვის, რაც ჩვენს მიმართ გამოხატეს”.
პრესკ ონფერენციის დასრულების შემდეგ, ესპანელები “ეროვნულის” მინდორზე გავიდნენ და როგორც იტყვიან, მცირე “ტექნიკის დემონსტრირება” მოახდინეს.   
 
ლაშა თაბაგარი
0.148676