ფეხბურთი

17:46 | 2.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

დიმიტრი კუდინოვი: “გარინჩა რუსულ საფეხბურთო სკოლაში რომ აღზრდილიყო...”

რა ხანია, ქართველ გულშემატკივარს დიმიტრი კუდინოვზე არაფერი სმენია. ის, 90-იანი წლების პირველ ნახევარში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა (17 მატჩი, 1 გოლი) და საკმაოდ კარგი მცველიც გახლდათ. კუდინოვი ახლა 48 წლისაა, 1997 წელს სოჭის “ჟემჩუჟინაში” დაასრულა კარიერა, მანამდე კი თბილისის “დინამოში“, ქუთაისის “ტორპედოში”, რუსთავის “გორდასა” და თბილისის “შევარდენში” გამოდიოდა.
კუდინოვი რუსეთში საქმიანობს, სპორტსკოლა “ილინსკოეში” ბავშვთა მწვრთნელია და “სოვეტსკი სპორტს” ესაუბრა. სალაპარაკო თემაც, მეტწილად, ბავშვთა ფეხბურთი იყო – პრობლემები, რაც არა მარტო რუს, ქართველ ბავშვთა მწვრთნელებსაც “ეცნობათ”...
“ბორის პაიჭაძე ჯერ კიდევ 1960 წელს წერდა: “ფეხბურთში ყველა პრობლემა ბავშვთა აღზრდიდან იწყება, ამას უფროსი ასაკის ფეხბურთელთა ყველა მწვრთნელი დაგიდასტურებთ”. ამას წერდა 50 წლის წინ. შეიცვალა რამე? პირობები თითქოს გაუმჯობესდა, მაგრამ პრობლემები დარჩა” – ამბობს კუდინოვი.
საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველის მონოლოგი საკმაოდ ვრცელია, ამიტომაც “მსოფლიო სპორტი” შემოკლებით გთავაზობთ:
“უკვე 10 წელია ბავშვებს ვწვრთნი და ახლა ისინი უკვე 16 წლისანი არიან. და მაინც, ჯერ ისევ ბავშვები ჰქვიათ. მოსკოვის გუნდებს ვეთამაშებით ხოლმე და მშვენიერი გუნდი გვყავს, მაგრამ ვაგებთ. ეს იმიტომ, რომ ჩვენი პრინციპი შედეგზე თამაში არაა. ბავშვი მხოლოდ შედეგზე არ უნდა “დაქოქო”. არავინ იცის, როგორები იქნებიან ჩემი გაწვრთნილები 19 წლის ასაკში და როგორები იქნებიან ისინი, რომლებიც დღეს იოლად გვიგებენ. 14 წლამდე - არავითარ შედეგზე ლაპარაკი! ეს სერგეი ფურსენკომაც (რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტი) უნდა თქვას. და მაინც ფურსენკომაც რომ გამოაცხადოს, “სამართლიანობის კოდექსი” ხომ იცით. ყველაფერი წერია, მაგრამ არავინ აქცევს ყურადღებას. ეს თავად მწვრთნელებმა უნდა ჩაიბეჭდონ თავში, რომ შედეგზე მეტად, ფეხბურთი ასწავლონ ბავშვებს.
... დაუშვებელია, 10 წლის ბავშვმა 100-მეტრიან მინდორზე ირბინოს წინ და უკან. მითუმეტეს, როცა თავში ჩაჭედილი აქვს შედეგი. რომელ ტექნიკაზე ვლაპარაკობთ ამის შემდეგ? 14 წლამდე ბავშვებმა პატარა მოედანზე უნდა ითამაშონ, რათა ხშირად შეეხონ ბურთს. ბავშვი თუ კარში ვერ ურტყამს და მხოლოდ დარბის, რა აზრი აქვს. იმიტომაცაა, უფროს ასაკში სელექციისას, არჩევა რომ ჭირს. ყველა ერთმანეთს ჰგავს.
... კიდევ კარგი, გარინჩა რომელიმე რუსულ სპორტსკოლაში არ მოხვდა. აი, მაშინ ვნახავდით ჩვეულებრივ “ერთშეხება” ფეხბურთელს. 5 წლიდან ასწავლიდნენ, რომ უნდა ირბინოს.  
...აღზრდის მომენტი: მაგალითად, ჯენარო გატუზო რასაც აკეთებს, ასე თანამედროვე ფეხბურთელი არ უნდა იქცეოდეს. ჩემი გაწვრთნილები ერთ ცუდ სიტყვასაც კი არ ამბობენ, აი, სხვა მწვრთნელებთან კი, ყველა იგინება. ვდგავარ და ვუსმენ, რას აღარ წარმოთქვამენ. ეს საშინელებაა!”
კუდინოვმა სხვა თემებზეც ისაუბრა – მაგალითად, ბავშვთა მშობლების ჩარევებზე, მსაჯებისთვის “ტკბილი სიტყვის” გადაკვრაზე.

 

ილია ნანობაშვილი
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.17308