ფეხბურთი

0:06 | 7.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ტორპედომ” ნავსი გორში გატეხა

დილა (გორი) – ტორპედო (ქუთაისი) 1:2 (0:2)

6 აპრილი. გორი. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი.

დილა: შეყრილაძე, ალადაშვილი, კვახაძე, თოთაძე (მოდებაძე, 46), კვირკველია (კ), გვალია, ირაკლი მაისურაძე, არზიანი (გოგუა, 46), კახელიშვილი (ლეონარდო, 46), გორელიშვილი, ჟუნიორი.

მთავარი მწვრთნელი: ვალდას ივანაუსკასი

ტორპედო: მიგინეიშვილი, ზაზა ჭელიძე, გიორგი ონიანი, ტაბატაძე, გიორგი გურული, გიგაური, გიორგი დათუნაიშვილი, კუხიანიძე (ფირცხალავა, 35), ელგუჯა გრიგალაშვილი, დოლიძე (ტუღუში, 59), ბერიაშვილი (ვალერი ბოლქვაძე, 87).

მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

გოლები: 0:1 ბერიაშვილი (3), 0:2 ბერიაშვილი (4), 1:2 მოდებაძე (87)

გაფრთხილებები: ტაბატაძე (5), კახელიშვილი (38), ფირცხალავა (70), ტუღუში (86)

მთავარი მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია.

სეზონის განახლების შემდეგ, ქუთაისის “ტორპედოს” არ მოუგია - ზედიზედ სამი მატჩი ითამაშა ფრედ. გია გეგუჩაძის შეგირდებმა ნავსი გორში გატეხეს. ჩანს, ქუთაისელებს “თენგიზ ბურჯანაძე” კარგად აქვთ დაცდილი, რადგან ხსენებულ არენაზე, “დილა” პირველ ეტაპზეც დაამარცხეს. თამაშის ბედი საწყის ოთხ წუთში გადაწყდა, როდესაც ქუთაისელებმა ორი გოლი გაიტანეს და მიღებული “შოკისგან” მასპინძლები მეორე ნახევარში გამოვიდნენ, მაგრამ უკვე გვიან იყო.

სხვათა შორის, მატჩის შემდეგ, “დილას” მთავარმა მწვრთნელმა ვალდას ივანაუსკასმა განაცხადა, რომ ბოლო კვირა გუნდისთვის ყველაზე მძიმე აღმოჩნდა. როდესაც ჩავეკითხე, ფინანსური, თუ სხვა სახის პრობლემები გქონდათ-მეთქი, ლიტველი სპეციალისტი არ დაკონკრეტებულა და თქვა: “ყველა ნიუანსი ერთობლიობაშიაო”. თან ისურვა, რომ “დილას”, მსგავსი პრობლემა აღარ შექმნოდა. 

მე-3 წუთზე, ვაჟა ტაბატაძემ მარჯვენა ფრთიდან ბურთი გიორგი ბერიაშვილს გადააწოდა, რომელმაც ის ოსტატურად გაატარა და ამავე დროს, გაიხსნა, ხოლო გიორგი კუხიანიძემ პარტნიორს პასი არ დაუგვიანა და ბერიაშვილი ჯერ ლაშა თოთაძეს გაცდა, შემდეგ ბექა შეყრილაძეს და ანგარიში გახსნა – 1:0.

გაშვებული გოლიდან ერთ წუთში, თოთაძე საკუთარი ნახევრიდან გრძელ გადაცემას აკეთებდა, მაგრამ ბურთი ქუთაისელ ფეხბურთელს მოხვდა და ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ ბერიშვილს მიუვიდა, რომელიც შეყრილაძესთან პირისპირ გავიდა და დუბლი მიითვალა – 2:0.

მე-12 წუთზე, ზურაბ არზიანმა “ტორპედოს” საჯარიმოში დროულად შენიშნა გიორგი კახელიშვილი, რომელმაც მარჯვენა ოდნავ მახვილი კუთხიდან დაარტყა და ომარ მიგინეიშვილმა ბურთი ფეხით მოიგერია, რითაც ქუთაისელები გოლის გაშვებისგან იხსნა. მე-17 წუთზე, კახელიშვილმა მარჯვენა ფრთაზე ბურთიანად საკმაო მანძილი ირბინა და საჯარიმოში შესული მწვავე გადაცემას აკეთებდა, მაგრამ ხელი მოწინააღმდეგის მცველმა შეუშალა.

31-ე წუთზე, მერაბ გიგაურმა საშუალო მანძილიდან ძლიერად დაარტყა და ბურთი ხარიხას ოდნავ გადაცდა. 33-ე წუთზე, გორელთა რიგებში ყველაზე აქტიური კახელიშვილი, მარჯვენა ფლანგზე გიორგი გურულს გაცდა, ცენტრისკენ შეიწია და ძლიერად დაარტყა – მიგინეიშვილმა ბურთი უხერხულად მოიგერია, თუმცა “დილას” ფეხბურთელებიდან ახლოს არავინ აღმოჩნდა, რომ დამატებაზე ეთამაშა.

35-ე წუთზე, მარცხენა ფლანგიდან საჯარიმო დარტყმის შესრულებისას, ელგუჯა გრიგალაშვილმა ბურთი მეტოქის კართან ჩაჰკიდა, სადაც ყველას გიორგი ონიანმა აჯობა და მისი თავურის შემდეგ, შეყრილაძემ ნახტომში გორელები კიდევ ერთი გოლისგან იხსნა. კუთხური მარჯვნიდან გრიგოლ დოლიძემ მოაწოდა და ზაზა ჭელიძემ თავით სახიფათოდ, მაგრამ ოდნავ არაზუსტად დაარტყა.

შესვენებაზე ივანაუსკასმა ერთბაშად სამი ფეხბურთელი შეცვალაძე. ირაკლი მოდებაძემ ადგილი თავდასხმაში დაიკავა, ხოლო გოგიტა გოგუა და ბრაზილიელი ლეონარდო მარცხენა ფლანგზე გაამწესეს. მოედნიდან თოთაძის გასვლის შემდეგ, დაცვაში გვალიამ დაიხია.

67-ე წუთზე, კახა ალადაშვილმა პასი “ტორპედოს” საჯარიმოში გააკეთა, სადაც მოდებაძემ ბურთი მიიღო და ორი მეტრიდან კარს ააცილა. ასეთ ეპიზოდებზე ამბობენ ხოლმე: “ვერგატანა უფრო ძნელიაო”. 78-ე წუთზე, მოდებაძემ მეტოქის საჯარიმოს ხაზთან ერთ ქუთაისელ ფეხბურთელს გვერდი აუარა და მისი დარტყმის მერე, ბურთი კარს ოდნავ აცდა.

82-ე წუთზე, ტაბატაძემ ფეხებში ვარდნით “დილას” ფეხბურთელის მიერ გაკეთებული გადაცემა ჩაჭრა და საუცხოო პასით, ბერაიშვილი შეყრილაძეს შეატოვა, თუმცა, “ტორპედოს” ფორვარდმა მასპინძელთა მეკარეს ამჯერად ვერ აჯობა.  

გორელებმა ანგარიში თამაშის მიწურულს შემაცირეს. 87-ე წუთზე, “სტანდარტულის” გათამაშებისას, ალადაშვილმა პასი გოგიტა გოგუას მისცა, რომელმაც საჯარიმოს ფარგლებს გარედან დაარტყა და ბურთი გვერდთ ძელს მოხვდა, დამატებაზე კი, მოდებაძემ ზუსტად ითამაშა – 1:2.

გია გეგუჩაძე: “ძალიან ძლიერი გუნდი დავამარცხეთ. თამაშამდე ვთქვი, რომ რთული შეხვედრა გველოდა ჩემპიონობის ერთ-ერთ პრეტენდენტთან. წარმატება საგოლე მომენტების რეალიზაციამ მოგვიტანა. მიუხედავად იმისა, რომ სხვა მატჩებში ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, შესაბამისი შედეგი ვერ ვაჩვენეთ. შეიძლება, ვინმემ თქვას, რომ გაუმართლათო. თუმცა, ფეხბურთელები თამაშში პირველივე წუთიდან იყვნენ ჩართულნი და ამან თავისი შედეგი გამოიღო”.   

ვალდას ივანაუსკასი: “ტორპედოს” გამარჯვებას ვულოცავ. პირველი ტაიმი დამსახურებულად მოიგო. მეორეში შეგვძელო გაგვეთანაბრებინა, ან სულაც პოზიტიური შედეგით დაგვესრულებინა. პირველი ტაიმი 4 წუთში წავაგეთ. ფეხბურთელებს თავდაჯერება არ ჰქონდათ. ვისი იმედიც მქონდა, მათ ვერ ითამაშეს. შესაძლოა, წინასწარ “გადაიწვნენ”. ძალიან მტკივნეულია, რომ ქულები დავკარგეთ. თუმცა, მოედანზე ჩანდა, რომ “დილა” გუნდია და იცის რა უნდა. არის პრობლემები, მაგრამ ვფიქრობ, ეს გუნდს კიდევ უფრო შეკრავს. თამაშამდე დაძაბული სიტუაცია იყო. იმედია, უახლოეს ხანში ეს ყველაფერი დასრულდება. “ზუგდიდთან” თამაშის შემდეგ, მძიმე კვირა გვქონდა”.

- სასტარტოში მოდებაძე და გოგუა რატომ არ ათამაშეთ? პირველი ტაიმის მერე, კახელიშვილი, რომელიც აქტიური იყო, რატომ შეცვალეთ?

ივანაუსკასი: “პირველი ტაიმის შემდეგ სამი შეცვლა გავაკეთე და ძალიან გავრისკე. რომელიმე ფეხბურთელს ტრავმა რომ მიეღო, მოედანზე უმცირესობაში დავრჩებოდით. რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას და კონკრეტულ გვარებს, ამ კითხვაზე არ გიპასუხებთ”. 

 

მალხაზ ახვლედიანის ფოტო

  

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.123582