გულშემატკივრის სვეტი

10:52 | 16.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

დილა და ილია

უმცროსი თაობის გულშემატკივრებმა შეიძლება არ იცოდნენ, რომ საფეხბურთო კლუბ გორის ”დილას” სახელწოდება არც მეტი, არც ნაკლები, საბჭოეთის ბელადს, იოსებ ბესარიონის ძეს უკავშირდება. სტალინის ცნობილი ლექსი ”დილა”, სადაც ერთი გორული დილა, თავისი ”იასთან გადახვეული ვარდებითა” და მთელი ამბებით,  როგორც უკეთესი მომავლისა და იმედების სიმბოლოდაა გამოყვანილი. ამის გამო, ერთი პერიოდი ძალიან არ მომწონდა გორული კლუბის ეს სახელწოდება და ყმაწვილურად ვაპროტესტებდი – გორში ”სტალინიზმი” ოდესმე ხომ უნდა დამთავრდეს – მეთქი.
 მაგრამ მერე, როდესაც სხვა ქართული კლუბების ზეკომუნისტურ სახელწოდებებს გადავხედე და თავში ”დინამო”, ”ტორპედო”, ”ლოკომოტივ”-”მეტალურგები” ამომიტივტივდა, რა გასაკვირია, რომ ”დილა ერთ-ერთ ყველაზე ქართული სახელწოდების გუნდად ვცანი და ახლა სხვა ქართლელების მსგავსად, მეც ვამაყობ იმით, რომ გორს ჰყავს გუნდი, რომელიც სახელწოდებაში ჩადებულ იდეას ნამდვილად ამართლებს და თუკი ქართული ფეხბურთის მომავლის იმედი აქვს კაცს, დღეს ეს იმედი სწორედ გორის გუნდს უკავშირდება.
რაკი ავადსახსენებელი სტალინი ვახსნეთ, ბარემ ბოლომდე მივყვეთ მისი დაწერილი ამ მშვენიერი ლექსის ისტორიას. იოსებ ჯუღაშვილი, სანამ გორელი სოსელო იყო, საზიზღარი იმპერიის ამაზრზენ ტირანად ჩამოყალიბებამდე, უბრალო და გულწრფელ ლექსებს წერდა. წერით წერდა, მაგრამ სად მიიტანდა, თუ არა გაზეთ ”ივერიაში”, რომლის რედაქტორიც დიდი ილია ჭავჭავაძე იყო.  პირველად ლექსი ”დილა” სწორედ ილიამ გამოაქვეყნა თავის გაზეთში და მიუხედავად იმისა, რომ შემდგომ სტალინი მაინცა და მაინც არ ამაყობდა ამით, ფაქტია, რომ პირდაპირ თუ ირიბად, ჯერ ლექსის, შემდეგ კი გორის საფეხბურთო კლუბის სახელწოდების პოპულარობაში დიდი ქართველი მწერლის (და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართველის) ილია ჭავჭავაძის ხელიც ურევია.
ევროპა ლიგაზე გორის ”დილას” წარმატებამ რა თქმა უნდა არამხოლოდ გორელი, ზოგადად ქართული ფეხბურთის ქომაგები გაახარა და აღაფრთოვანა. თუმცა, როგორც ადრე ვწერდი, მე ისევ იმ აზრზე ვარ და ვფიქრობ, რომ ”ტორპედოს”, ”ზესტაფონისა” და ”მეტალურგის” წლევანდელი უხეირო გამოსვლის გაქარწყლება ”დილას” მაინც გაუჭირდება, რადგან ერთი კონკრეტული კლუბის წარმატებით შორსმიმავალ დასკვნებს ვერ გავაკეთებთ. ”დილას” დიდი მისია და ტვირთი ხვდა წილად, მაგრამ მთელი ქართული ფეხბურთის ვაგლახის მხოლოდ გორელების მცირედი წარმატებით ”გაფერადება”, არც სწორი იქნება და არც გამართლებული.
ბოლო დროს გორის კლუბთან დაკავშირებით ათასგვარი ურთიერთგამომრიცავი ჭორ-მართალი გვესმის. არიან ადამიანები, რომლებიც ”დილას” წარმატებას რატომღაც პოლიტიკურ ჭრილში განიხილავენ და ერთ-ერთი ძალოვანი სამინისტროს ”პიარს” უკავშირებენ. ეს საუბრები განსაკუთრებით საქართველოს თასის ფინალის შემდეგ დაიწყო (სადაც მსაჯმა ნამდილად დაუშვა შეცდომები) და ამან ძალიან გაანაწყენა ბოლო წლებში საუკეთესო ქართული კლუბის, ”ზესტაფონის” ქომაგები. სასიხარულოა, რომ ახლა ”დილასკენ”, ამ გუნდის მისამართით ყველაზე სკეპტიკურად განწყობილმა ადამიანებმაც კი იბრუნეს პირი. დღეს ყველამ დაინახა, რომ გორის კლუბს ნამდვილად დიდი პოტენციალი გააჩნია და ყველას გაუჩნდა იმის იმედი, რომ თბილისის ”დინამოს” 2004 წლის წარმატებას წლეულს გორელები გაიმეორებენ და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ამდენი ლოდინის შემდეგ, ქართულ კლუბს ისევ ვიხილავთ.
ეს ჯერ მხოლოდ სურვილია და რა თქმა უნდა, ამას განხორციელება და დიდი ჯაფა სჭირდება. მით უმეტეს, რომ პორტუგალიის ულამაზესი კუნძულის, მადეირას კლუბი ”მარიტიმუ” ადვილად დასაძლევი ბარიერი სულაც არ არის. ამას გარდა, ჩვენ კარგად გვახსოვს თბილისის ”დინამოსა” და ”ზესტაფონის” შარშანდელი იმედგაცრუებაც, როდესაც ორივე ეს ქართული კლუბი ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის ”კარიბჭესთან” შეაჩერეს.
ერთი სიტყვით, წლეულს, ”დილას” ყველანი იმედის თვალით შევცქერით და გვჯერა, რომ გორული გუნდი მრავალი სხვა ქართული კრებულისგან განსხვავებით, ღირსეულად ითამაშებს. რაც შეეხება სტალინს... სტალინი უკვე წარსული ამბავია...

ლევან სეფისკვერაძე    


 

0.091546