დღეს, თითქმის მთელი ესპანეთი და ურუგვაი ელოდება, გასული მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად სახელდებული დიეგო ფორლანისა და 22 წლის მოდელის - მშვენიერი ზაირა ნარის ქორწილს. წყვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ოფიციალურად შეუღლებას აპირებდნენ და დაქორწინებას ამ წლის ივნისის თვეში გეგმავდნენ. თუმცა, შესაძლებელია, ეს ქორწილი საერთოდ არ შედგეს და ამის მიზეზი, ურუგვაის ნაკრებისა და მადრიდის “ატლეტიკოს“ ფორვარდის არცთუ რბილი ხასიათი გახდეს.
ზაირასა და დიეგოს შესაძლო დაშორების შესახებ, მადრიდში მას შემდეგ ალაპარაკდნენ, როდესაც ზაირა ნარიმ დაიჩივლა, რომ დიეგო ფორლანი ხშირად არიდებს მასთან შეხვედრას თავს, უთიშავს ტელეფონს და ერთი სიტყვით – გაურბის. თუმცა, შეიძლება გავიდეს რამდენიმე დღე და მასთან შეხვედრის ინიციატორი ისევ ფორლანი გახდეს. ერთი სიტყვით, ზაირა ნარის ვერ გაუგია, რა სჭირს დიეგო ფორლანს და რა არის იმის მიზეზი, რომ ხან ემალება და ხან პირიქით – თავად ცდილობს მასთან შეხვედრას. როგორც ახალგაზრდა მოდელი ამბობს, ასე მას გაუჭირდება დიეგოსთან თანაცხოვრება, რადგან მისთვის ძნელი ასატანი იქნება ხასიათის მალეცვლად კაცთან მუდმივი ურთიერთობა.
დიეგო ფორლანისა და ზაირა ნარის ქორწილი ოფიციალურად გადადებული, ანდა გაუქმებული არ არის, მაგრამ 22 წლის ზაირას წუწუნი უკვე ცხადყოფს, რომ ყველაფერი მთლად კარგად და დალაგებულად არ უნდა იყოს. ფორლანი ასეთ თემებზე ხმამაღლა არასოდეს საუბრობდა და მითუმეტეს ახლა, არაფერს იტყვის. მაგრამ, ამ ისტორიით ფორლანის ხასიათის ბნელი მხარეები რომ წარმოჩინდა, ეს უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს.







