ინტერვიუები

10:28 | 19.02.2010 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო ფორლანი: “არგენტინაში დაბრუნება მსურს”

დიეგო ფორლანი ერთ-ერთი ყველაზე მეტად ცნობილი თანამედროვე სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელია. თავისი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ურუგვაელმა მოთამაშემ იასპარეზა ისეთ კლუბებში, როგორებიცაა “ინდეპენდიენტე”, “მანჩესტერი”, “ვილიარეალი” და “ატლეტიკო”. ურუგვაის ეროვნული ნაკრების ლიდერმა ფიფას ოფიციალური საიტისთვის მიცემული ინტერვიუს დროს ისაუბრა მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე და თავის სამომავლო მიზნებზე.
- შევაჯამოთ მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი...
- როგორც სამხრეთ ამერიკაში ყოველთვის ხდება ხოლმე, ამჯერადაც რთული საკვალიფიკაციე ეტაპი გამოვიდა. ზოგჯერ კარგ თამაშს ვაჩვენებდით და ქულებს ვიღებდით, მაგრამ იყო დრო, როდესაც მოვლენები ჩვენთვის სასიკეთოდ არ ვითარდებოდა. მართალია სტაბილურობა გვაკლდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც მოვახერხეთ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა.
- რა იყო გადამწყვეტი ფაქტორი თქვენს წარმატებაში?
- გადამწყვეტი იყო ეკვადორთან გამართული მატჩი. ჩვენ კარგი მატჩი ჩავატარეთ ძალზე რთულ მეტოქესთან, რომელიც ასევე იბრძოდა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად. იმ მატჩში მთელი საკვალიფიკაციო ეტაპის განმავლობაში საუკეთესო თამაში ვაჩვენეთ. სწორედ ამ თამაშმა იმოქმედა გადამწყვეტი როლი ჩვენს სამხრეთ აფრიკაში მოხვედრაში.
- შემდეგ კი იყო მუნდიალის ფინალური ეტაპის კენჭისყრა. როგორ გაიგეთ, თუ რომელ ჯგუფში მოხვდით და რას გვეტყვით მეტოქეებზე?
- თვითმფრინავში ვიყავი “ატლეტიკოს” ფეხბურთელებთან ერთად და ველოდებოდი შედეგებს. პარასკევი იყო, გასვლითი მატჩის გასამართად მივემგზავრებოდით და მსოფლიოზე გასული ნაკრებების ფეხბურთელები მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს ვღებულობდით. ყველაზე ადრე შეტყობინება მაქსი როდრიგესმა მიიღო და შედეგები გამაგებინა. ძალზე რთულ ჯგუფში მოვხვდით (ურუგვაი A ჯგუფში სამხრეთ აფრიკასთან, საფრანგეთთან და მექსიკასთან მოხვდა-რედ), მაგრამ მე-3 კალათში ვიყავით განთესილნი და ველოდით ძლიერ გუნდებთან შეხვედრას. ვიცით, რომ ფავორიტებად არავინ მიგვიჩნევს, მაგრამ ჩვენი ჩამოწერაც ნაადრევია.
- რას გვეტყვით ნაკრების მთავარ მწვრთნელზე, ოსკარ ტაბარესზე?
- მასზე ძალიან მაღალი წარმოდგენა მაქვს. მისი მოსვლის შემდეგ ნაკრებს სათავეში პროფესიონალი სამწვრთნელო შტაბი უდგას. ჩვენ მუშაობა დავიწყეთ 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის წინ და შედეგების ხილვა დღეს შეგვიძლია. მას ერთ მსოფლიოს ჩემპიონატზე უკვე აქვს მონაწილეობა მიღებული (1990 წლის მუნდიალზე) და ეს გამოცდილება სამხრეთ აფრიკაში დაგვეხმარება.
- ურუგვაის ნაკრები ყოველთვის ცნობილი იყო თავისი სიმტკიცით. ეს მართლაც ასეა, თუ უბრალოდ მითია?
- ეს მითი არაა. ჩვენ ვთამაშობთ, როგორც ერთიანი ორგანიზმი. ასე ვთამაშობთ წლების განმავლობაში და არ ვაპირებთ შეცვლას. ჩვენს გუნდში ირიცხებიან სხვადასხვა ტიპის ფეხბურთელები. მათ შორის არიან საკმაოდ დიდი შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდებიც. საკვალიფიკაციო ეტაპზე დავამტკიცეთ, რომ კარგი ფეხბურთის ჩვენება შეგვიძლია და იმედი გვაქვს იგივეს სამხრეთ აფრიკაშიც გავაკეთებთ.
- როგორ დაახასიათებთ საკვალიფიკაციო ეტაპზე თქვენს წინააღმდეგ მოთამაშე გუნდებს, რომლებიც ასევე მოხვდნენ მსოფლიოს ჩემპიონატზე?
- ყველა მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობს. მაგალითისთვის ავიღოთ არგენტინა. ხალხს ამ გუნდში ეჭვი ეპარება, მაგრამ არგენტინელებს კვლავ ძლიერი გუნდი ჰყავთ ფანტასტიკური ფეხბურთელებით. რა თქმა უნდა, ფავორიტთა შორისაა ბრაზილიის ნაკრებიც. ასევე აღსანიშნავია ჩილეს ნაკრები, რომელიც მარსელო ბიელსას ხელში კარგ ფეხბურთს აჩვენებს. ამ მწვრთნელმა თავი მოუყარა ახალგაზრდა ფეხბურთელებს და შედეგად ჩილემ ძალზე კარგად ჩაატარა საკვალიფიკაციო ეტაპი. პარაგვაი მხოლოდ ამ გუნდისთვის დამახასიათებელ სტილში თამაშობს და ეს მათ სასარგებლოდ მუშაობს.
- მუნდიალზე ნაჩვენები რა შედეგი იქნება თქვენთვის წარმატებული?
- ამაზე ჯერ არ ვფიქრობ. უპირველესი მიზანია ჯგუფური ეტაპის დაძლევა და შემდეგ ვნახოთ ვის შევხვდებით. ჯერ ვითამაშოთ პირველი მატჩი, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და შემდეგ ვისაუბროთ შანსებზე.
- მუნდიალის დაწყებამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება. ასეთ დროს, რამდენად გიადვილდებათ საკლუბო ფეხბურთზე კონცენტრირება?
- სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი, ასე რომ, “ატლეტიკოში” თამაშზე კონცენტრირება არ მიჭირს. ჩვენ ვთამაშობთ ესპანეთის ჩემპიონატში, ესპანეთის სამეფო თასზე და ევროპის ლიგაზე. ყველა მათგანი მნიშვნელოვანი ტურნირია და გვჭირდება მათზე კონცენტრირება. მსოფლიოს ჩემპიონატის საკლუბო სეზონის შემდეგ იწყება, ახლა კი “ატლეტიკოში” მმართებს წარმატებით თამაში.
- “ატლეტიკო” მიმდინარე სეზონში ძალზე არასტაბილურად გამოიყურება. რა არის კლუბის მთავარი მიზანი?
- რა თქმა უნდა, შექმნილი მდგომარებიდან გამომდინარე, მთავარ სამიზნედ ესპანეთის თასის მოგება იქცა. ასევე ძალზე მნიშვნელოვანია ევროპის ლიგაც. რაც შეეხება ესპანეთის ჩემპიონატს, გვჭირდება სტაბილურად თამაში.
- რა განსხვავებაა დღევანდელ დიეგო ფორლანსა და იმ ახალგაზრდა ბიჭს შორის, რომელიც 2002 წელს კორეა/იაპონიაში ვიხილეთ?
- იმ მუნდიალის შემდეგ ევროპაში საკმაო დრო გავატარე და დიდი გამოცდილება შევიძინე. მაშინ უფრო უკანდახეული თავდამსხმელის პოზიციაში ვთამაშობდი, ახლა უფრო წინ ვმოქმედებ, მაგრამ უფრო მეტი თავისუფლებაც მაქვს. ვთვლი, რომ 2002 წლის მუნდიალზე მოთამაშე ბიჭთან შედარებით უკეთესი ფეხბურთელი ვარ.
- კორეა/იაპონიის მუნდიალზე ძალზე ცოტა დაგაკლდათ საუკეთესო 16 გუნდში მოხვედრამდე. ხშირად იხსენებთ ხოლმე სენეგალთან გამართული მატჩის პერიპეთიებს?
- პირველი ტაიმი საშინლად ჩავატარეთ და შესვენებაზე 0:3 ვმარცხდებოდით, მაგრამ მეორე ტაიმში სიტუაცია გამოვასწორეთ და ანგარიში გავათანაბრეთ, ხოლო ბოლო წუთზე ძალზე კარგი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. დაუჯერებალია, რომ იმ მომენტში ვერ გავიტანეთ. 1/8 ფინალის საგზური ჩვენს ხელში იყო და ეს სიტუაცია ვერ გამოვიყენეთ.
- ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში არაერთი ცნობილი სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელი დაბრუნდა სამშობლოში სათამაშოდ. იგივეს თქვენც ხომ არ გეგმავთ?
- მსურს არგენტინაში, “ინდეპენდიენტეში” დაბრუნება. ეს არის კლუბი, რომელიც ძალიან მიყვარს და კარგი იქნება, თუ იქ კვლავ თამაშის შანსი მომეცემა. ასევე მსურს ბრაზილიაში, “სან პაულოში” თამაში, სადაც თავის დროზე მამაჩემი თამაშობდა. მაგრამ “ატლეტიკოსთან” კონტრაქტი 2013 წლამდე მაკავშირებს და ამ გუნდში თავს ბედნიერად ვგრძნობ. უახლოეს მომავალში კარიერაში ცვლილებებს არ ვგეგმავ.
- თქვენი მეუღლე არგენტინელია. არსებობს იმის შანსი, რომ ურუგვაი მსოფლიოს ჩემპიონატის 1/8 ფინალში სწორედ არგენტინას დაუპირისპირდეს. ასეთ შემთხვევაში ხომ არაა მოსალოდნელი ცოლ-ქმრული პრობლემები?
- არა (იცინის). ასეთ შემთხვევაში ვკითხავ ვის უქომაგებს.
-ბოლო შეკითხვა. ვიცით, რომ ჩოგბურთი გიყვართ. რომელ ჩოგბურთელს შეადარებთ საკუთარ თავს?
- რთულია ამორჩევა. ცაცია ვარ და საკუთარ თავს უფრო რაფაელ ნადალთან ვაკავშირებ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ის ბევრად უფრო მაღალ დონეზე თამაშობს.

მოამზადა მიშა ზაქარეიშვილმა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.173846