ალბერტო ძაკერონის ხელმძღვანელობით ჩატარებული პირველი მატჩის შემდეგ ტურინის “იუვენტუსის” ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, დიეგომ განაცხადა, რომ მისი გუნდი თამაშს მოუმატებს და სასურველი შედეგებისთვის ცდა გულშემატკივრებს დიდხანს არ მოუწევთ.
ტურინული კლუბის ბრაზილიელი ახალწვეულისგან სეზონის დასაწყისში ბევრს ელოდნენ. იყო მოლოდინი, რომ იგი მინიმუმ იმ დონეზე ითამაშებდა, როგორც ბრემენის “ვერდერში”, მაგრამ ჯერჯერობით დიეგოს სტაბილურობა აკლია. შიგადაშიგ ბრაზილიელი კარგი თამაშის ჩატარებას ახერხებს, მაგრამ ძირითადად, უფერული “იუვენტუსის” სხვა ფეხბურთელებისგან ბევრით არ გამოირჩევა. არის თუ არა დიეგოს არცთუ სახარბიელო ფორმაში ყოფნა გუნდის კრიზისის ბრალი, ამას დრო გვიჩვენებს. თავად ფეხბურთელი მომავალს ოპტიმისტურად უყურებს და “კორიერა დელა სერასთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ “ბებერი სინიორა” თამაშს მოუმატებს.
- როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ ალბერტო ძაკერონის ხელმძღვანელობით ჩატარებული პირველი მატჩის შემდეგ?
- რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტი იყო მორიგი ვერმოგებული მატჩის ჩატარება, მაგრამ მომავალში მაინც ოპტიმისტურად ვიყურებით, ჩვენ აუცილებლად მოვუმატებთ.
- თვლით, რომ “ლაციოსთან” შეხვედრაში არ გაგიმართლათ?
- დარწმუნებული ვარ, რომ რომაელებზე გაცილებით უკეთ ვითამაშეთ. მაგრამ ეს ფეხბურთია და მეტოქემ აგნარიში გაათანაბრა. თუმცა მას, მთელი მატჩის განმავლობაში, მაქსიმუმ 2-3 მომენტი ჰქონა.
- გატანილი გოლის შემდეგ საკუთარ ძალებში დარწმუნებულნი იყავით?
- დიახ, მოგვეჩვენა, რომ გამარჯვებას ხელიდან ამჯერად აღარ გავუშვებდით. ვთვლი ამ მატჩში 3 ქულა დავიმსახურეთ. მიუხედავად ამისა, გუნდს მაინც მართებს პროგრესირება.
- რა მხრივ აისახა პოზიტიურად კლუბში ძაკერონის მოსვლა?
- მეტოქის კართან ბევრი სახიფათო მომენტი შევქმენით, ეს უკვე კარგია. სამწუხაროა, რომ მეტის გატანა ვერ მოვახერხეთ. ფეხბურთში ხომ ყველაზე მთავარი შექმნილი მომენტების რეალიზაციაა.
- რა გზებით აპირებთ თამაშის გაუმჯობესებას?
- ყველაფერი მარტივია: შევასრულებთ იმ სამუშაოს, რომელსაც ჩვენგან ახალი მწვრთნელი მოითხოვს. მომდევნო თამაშისთვის მოსამზადებლად დრო საკმარისად გვაქვს.
- როგორ შეხვდით მწვრთნელად ძაკერონის დანიშვნას? შოკირებული ხომ არ იყავით ამ გადაწყვეტილებით?
- გუნდში ჩირო ფერარას დროსაც კარგი სიტუაცია იყო, ერთმანეთთან ყველას კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ისეთი თამაშისთვის, როგორიც “ლაციოსთან” ვაჩვენეთ.
- ძაკერონის თქვენთან ფერარასგან განსხვავებული მოთხოვნები აქვს?
- დიახ. მან მთხოვა ბურთი უფრო დიდხანს მქონოდა, ამ მხრივ შეზღუდვა არ დაუწესებია. მისგან სრული თავისუფლება მაქვს მონიჭებული.
მოამზადა მიშა ზაქარეიშვილმა







