გულშემატკივრის სვეტი

11:29 | 29.08.2011 | ნანახია [] - ჯერ

დღე პირველი

საწვრთნელი ბაზის კარი ჭრიალით გაიღო. ჯერ მამა შევიდა, უკან კი პატარა ლუკა მიჰყვა მორიდებული ნაბიჯებითა და შიშნარევი სახით. ”ნეტავ თუ ამიყვანენ?!”, ”ამათ შეხედეთ, რამხელები არიან, ალბათ, ზედაც კი არავინ შემხედავს. გუნდში ამხელა ბიჭები ჰყოლიათ და...”, ”მწვრთნელსაც როგორი მოღუშული სახე აქვს. ალბათ, სულ ეჩხუბება ბიჭებს” – ფიქრობდა პატარა ლუკა, რომელიც ბატკანივით უკან მიჰყვებოდა მამას, ის კი თანდათან უახლოვდებოდა პატარა მორაგბეებით გავსებულ სტადიონთან მდგომ ახალგაზრდა კაცს, რომელიც ნამდვილად მწვრთნელი უნდა ყოფილიყო.
იქამდე, ლუკა მთელი 3 თვის განმავლობაში ეხვეწებოდა მამამისს – რაგბიზე მიმიყვანეო. მამა ხან რას იმიზეზებდა და ხან რას. ბოლოს ისიც კი უთხრა: ძალიან პატარა ხარ, არაფერი გამოგივა, იქ იმხელა ბიჭები არიან, იმათში, ალბათ, არც კი გამოჩნდებიო. მაგრამ, ბიჭი მაინც ჯიუტად ითხოვდა რაგბიზე მისვლას. მისი 3 მეგობარი უკვე დადიოდა რაგბიზე და ერთი უნდა გენახათ, თანაკლასელი გოგონები როგორი პატივისცემით ეპყრობოდნენ მის მეგობარ მორაგბეებს. და განა მხოლოდ გოგონები... მასწავლებლებიც კი, თუკი სკოლაში გაკვეთილის გაცდენის გამო, ლუკას და სხვა ბიჭებს ერთ ამბავს აწევდნენ, მათი თანაკლასელი მორაგბეების გაცდენებზე ხშირად თვალს ხუჭავდნენ. ”იქნებ, მართლა გამოვიდეს მაგათგან რამე. ხელი რატომ უნდა შევუშალოთო” – ერთ-ერთ მასწავლებელს ერთხელ ესეც კი წამოსცდა. ლუკა რა ვისზე ნაკლები ბიჭია?! ტანად კი პატარაა, მაგრამ სამაგიეროდ, სხვებზე ბევრად სწრაფი და ღონიერიცაა. აგერ, ერთი კვირის წინათ, მთელი კლასის ბიჭებს აჯობა ხელის გადაწევაში. ჯერ მივიდეს რაგბიზე, ნახავთ მერე რაც შეუძლია...
ერთ საღამოსაც, მეგობრის სახლიდან კარგ ხასიათზე დაბრუნებულმა მამამ ლუკა წინ დაისვა და ჰკითხა:
- მართლა გინდა რაგბიზე სიარული, შვილო?
- სულ მაგას არ გეხვეწები?! - უპასუხა გახარებულმა ლუკამ.  
- კარგი, მაშინ ხვალ მივიდეთ გუნდში და იცოდე არ შემარცხვინო. დღეს მწვრთნელს ველაპარაკე და მითხრა, ხვალ მოიყვანეო. ახალი კედები ხომ გაქვს?..
მოკლედ, დადგა ესოდენ ნანატრი ჟამი და ლუკა და მამამისი მწვრთნელის პირისპირ დგანან.  
- აი, ესაა ჩემი ბიჭი. თუ გამოვა რამე, ხომ კარგი. თუ არადა, კაცურად მითხარი და არც შენ გაწვალებ და არც ამას... მამას ამ სიტყვებმა, მწვრთნელი ცოტა არ იყოს გააბრაზა.  
– გუშინაც ხომ გითხარი კაცო. რას ჰქვია არაფერი გამოვა?! დიდი მორაგბე თუ არა, კარგი კაცი ხომ გამოვა? მერე ეს ცოტაა, შე დალოცვილო?!..
ლუკას ტანსაცმლის გამოცვლა და სხვა ბავშვებში გარევა უბრძანეს. როგორც უკვე ვთქვით, ბიჭების უმეტესობა დიდები იყვნენ, ღონიერები, სახეჩამოკაწრულები, სქელკისრიანები... ლუკას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ამდენ ზორბა ბიჭში რამდენიმე მასსავით ტანდაბალი და შეხედულებით პატარა აღმოაჩინა. რაგბის წესები თავისი მორაგბე მეგობრებისგან და ტელევიზორიდან საკმაოდ კარგად იცოდა, მაგრამ ერთია, ვინმე რომ გიყვება, ან ტელევიზორში უყურებ და მეორეა, როცა ეს ყველაფერი შენ უნდა გააკეთო. აუჰ, როგორ ინატრა იმ წამს პატარა ლუკამ, რომ მისი მორაგბე მეგობრებიც იმ გუნდში ყოფილიყვნენ. “ეს მამაჩემიც მაგარი ვინმეა. ბარემ ჩემი მეგობრების გუნდში მივეყვანე. ისინი როგორ დამეხმარებოდნენ ახლა ადაპტაციაში“, - ფიქრობდა ლუკა და ცდილობდა არ ჩამორჩენოდა თავის თანაგუნდელებს, როლებიც მოედანს ძუნძულით არტყამდნენ წრეებს.
სიტყვა “ადაპტაცია“ ლუკამ მამამისის მეგობრისგან გაიგო, რომელიც დღენიადაგ ფეხბურთზე ლაპარაკობდა და სულ იმაზე წუწუნებდა, ამ ჩემი ცოდვით სავსე ფერნანდო ტორესმა, “ჩელსიში“ რით ვერ გაიარა ეს ოხერი ადაპტაციაო. ლუკას აზრით, ადაპტაციას გუნდებში მაშინ აძლევდნენ, როცა ახლადმისული კაცი კარგად ითამაშებდა. მოკლედ, პატარა ლუკას ეს ყბადაღებული “ადაპტაცია“ რაღაც საშვისმაგვარი ნივთი ეგონა.
იმ დღეს, ახალმა მწვრთნელმა ლუკა ბურთს საერთოდ არ გააკარა. ჯერ ფიზიკურად გაძლიერდი და გუნდს შეეჩვიეო – უთხრა, რამაც თამაშის დიდი სურვილის მქონე ბავშვი ძალიან დაამწუხრა, მაგრამ რაკი მამამისმაც უთხრა, რომ თავიდან ვინც ახალ გუნდში მიდის, ყველას არბენინებენო, დაიჯერა – ალბათ, მართლა ასეა საჭიროო. საწვრთნელი ბაზიდან გამოსულ ლუკას, მამამ დიდი, უზარმაზარი შაურმა უყიდა. ისეთი დიდი, მარტო კაცები რომ ჭამენ. “ბევრი უნდა ჭამო, იმათხელა რომ გახდეო“ – უთხრა მამამ და მართალია, დიდი ხვნეშითა და წვალებით, მაგრამ პატარა მორაგბემ მაინც შეჭამა ის უზარმაზარი შაურმა.
ლუკას სახლი იქვე, ორ ნაბიჯში იყო და სანამ სახლამდე მივიდოდნენ, მამა ძველ ამბებს უყვებოდა. როგორ დადიოდა ჯერ კრივზე, მერე ფეხბურთზე და როგორ ვარჯიშობდნენ მაშინ მისი თანატოლები. პატარა ლუკა დიდის ამბით კი უქნევდა თავს მამას, აქაოდა ყურადღებით გისმენო, მაგრამ მისი ფიქრები ისევ რაგბის, თავის ახალ თანაგუნდელებსა და მწვრთნელს დასტრიალებდა. “იქნებ ხვალ მაინც მათამაშოს მწვრთნელმა. აი ნახავს, ქარივით რომ გავვარდები და დავდებ ლელოს! აი, ნახავს თუ ასე არ იქნება!“. აბა, რა იცოდა ლუკამ, რომ სწორედ იმ დღის მერე აღარ იქნებოდა ის პატარა, სწორედ იმ დღეს გახდა ლუკა კაცი. კაცი, რომელსაც რაგბი უყვარდა...
 

ლევან სეფისკვერაძე 

0.089122