ესპანეთის ნაკრებისა და ინგლისური “ჩელსის“ ფორვარდი, ფერნანდო ტორესი ამბობს, რომ მას წარმოდგენაც კი არა აქვს, მის პირად ანგარიშზე ამჟამად რა რაოდენობის თანხაა. ფინანსური საკითხებისადმი თავისი ესოდენი ინფანტილიზმი, ტორესმა იმით ახსნა, რომ იგი თავიდან ბოლომდე მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრობს და მისთვის საკუთარი ქონების საკითხები მეორეხარისხოვანია.
ცოტა ხნის წინ, დაახლოებით მსგავსი განცხადება გააკეთა პორტუგალიელმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომაც, თუმცა ჟოზემ ტორესისაგან განსხვავებით, ამის მიზეზად საკუთარი აგენტისადმი სრული ნდობა დაასახელა. “მე ვიცი, რომ საკმაოდ ბევრი ფული მაქვს და ზუსტად რამდენი მილიონის მფლობელი ვარ, ამით მხოლოდ სამწვრთნელო კარიერის დასრულების შემდეგ შეიძლება დავინტერესდე“ – ამბობს მოურინიო.
ფერნანდო ტორესი კი აცხადებს, რომ: “როდესაც ბანკომატთან მივდივარ ფულის ასაღებად, ვიცი, რომ შემიძლია ნებისმიერი რაოდენობის თანხა გამოვიტანო და საჭიროებისამებრ დავხარჯო. რაც ფეხბურთს სერიოზულად მოვკიდე ხელი, მას შემდეგ, ბანკიდან გამოტანილი თანხის რაოდენობისათვის დიდი ყურადღება არასოდეს მიმიქცევია. ვიცი, რამდენი თანხა მჭიდრება, მივალ, ავიღებ და სულ ესაა“







