ინტერვიუები

15:19 | 30.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

დავით თარგამაძე: “შახტარში” ყველაფერი კარგადაა"

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და დონეცკის “შახტარის” შემტევი ნახევარმცველი დავით თარგამაძე გუნდმა უკრაინელთა რუმინელი თავკაცის, მირჩა ლუჩესკუს გადაწყვეტილებით, ესპანურ შეკრებაზე იახლა. კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დათოსთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელშიც ფეხბურთელმა გუნდში გატარებულ პირველ დღეებზე ისაუბრა.
- დავით, როგორ ჩაიარა პირველმა დღეებმა “შახტარში” - როგორ მიგიღეს კოლექტივში?
- მადლობა, უკვე მეოთხე დღეა, გუნდში ვარ და ყველაფერი კარგადაა.
- ეს სასიხარულოა. ბიჭებიდან ყველაზე ხშირად ვისთან ურთიერთობთ?
- გენრიხ მხითარიანთან.
- ოთახში ვისთან ერთად ხართ?
- ჯულიუს აგაჰოვასთან.
- უცხო ენებს ფლობთ?
- ჯულიუსთან ინგლისურად ვსაუბრობ, ერთმანეთის გვესმის.
- სამწვრთნელო შტაბთან თქვენი ურთიერთობა როგორ ხდება?
- ისინი მეხმარებიან, ტაქტიკურ გადაწყვეტილებებს მკარნახობენ.
- “ილიჩივეციდან” “შახტარში” დაბრუნება მოულოდნელი იყო?
- რა თქმა უნდა. მე ხომ იალტაში ვიყავი შეკრებაზე, როცა “ილიჩივეცის” სპორტულმა დირექტორმა მითხრა, რომ სხვა შეკრებაზე წავიდოდი, მაგრამ უკვე “შახტართან” ერთად.
- პირველად რა იგრძენი, როცა ასეთი ამბავი გაიგე?
- ყველაფერი შეკრების მერე გაირკვევა, როცა სამწვრთნელო შტაბი გადაწყვეტს - გუნდში ახლავე დავრჩები, თუ არა. ჩემი მხრიდან იმის თქმა შემიძლია, რომ მოუთმენლად ველი დღევანდელ მატჩს, რათა გავიდე მინდორზე და ვაჩვენო, რაც შემიძლია.
- დავით, როგორ მოხდა, რომ გერმანიიდან უკრაინაში გადმოხვედით სათამაშოდ?
- თავდაპირველად “ფრაიბურგთან” 2-წლიანი კონტრაქტი მქონდა და როცა ვადა იწურებოდა, იგივე პერიოდით გავაგრძელეთ ურთიერთობა. შემდეგ რაღაც პრობლემები შეიქმნა, დავტოვე გუნდი და საქართველოში დავბრუნდი. გაჩნდა “ოლექსანდრიას” ვარიანტი და მალე დავთანხმდი, რადგან ქართულ ჩემპიონატში დარჩენა არ მინდოდა.
- უკრაინაში მალე მიიპყარით ყურადღება. თქვენით “შახტარი” რომ იყო დაინტერესებული, ეს როგორ გაიგეთ?
- ამის თაობაზე სეზონის პირველი ნახევრის ბოლოს “ოლექსანდრიას” პრეზიდენტმა ნიკოლაი ლავრენკომ მითხრა. ძალიან გამიხარდა. “შახტარის” წარმომადგენელსაც მალე შევხვდი და ერთ კვირაში კონტრაქტს ხელი მოვაწერე.
- იჯარით “ილიჩივეცში” რომ წახვიდოდით, მაშინვე იცოდით?
- დიახ. ჩვენ შეთანხმებულები ვიყავით, რომ 3 თვით მარიუპოლის გუნდში დავრჩებოდი და მხოლოდ მას შემდეგ შევუერთდებოდი “შახტარს”.
- 99 ნომერი თავად აირჩიეთ?
- კი. საერთოდ 9 ნომერი მომწონს, მაგრამ ის უკვე დაკავებულია. ამიტომ ავირჩიე 99.
- პარტნიორებიდან თქვენს ადგილზე კონკურენტად ვის მიიჩნევთ?
- ჯერ არ ვიცი, რა პოზიციაზე გადაწყვეტს მწვრთნელი ჩემს დაყენებას, რა ფუნქციები მექნება შესასრულებელი მინდორზე. ჩემი საყვარელი ამპლუა ნახევარდაცვის ფლანგზე თამაშია, მნიშვნელობა არ აქვს რომელზე, თუმცა ადრე ცენტრში თავდამსხმელის უკან ვთამაშობდი.
 

მოამზადა ფრიდონ კერვალიშვილმა

0.177177