ინტერვიუები

2:50 | 12.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

დავით დევდარიანი დანიაში დარჩენის მიზეზებზე

როგორც იცით, დანიური "ორჰუსის" შემტევი დავით დევდარიანი საქართველო-ეგვიპტის 14 ნოემბერს გასამართი მატჩისთვის გამოძახებული გახლდათ, თუმცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საიტზე ოთხშაბათს დაიწერა, რომ დევდარიანი ტრავმის გამო ვერ ჩამოვიდოდა. პარასკევს დავითმა "ჰორსენსი"-"ორჰუსის" შეხვედრაში 81 წუთი ითამაშა და გააძევეს...
ბუნებრივია, დაიბადა კითხვა: დევდარიანს ტრავმა თუ ჰქონდა, "ჰორსენსთან" როგორღა ითამაშა? მოკლედ, ფეხბურთელისთვის მოსმენა საჭირო გახდა და "მსოფლიო სპორტი" დავითს დანიაში დაუკავშირდა:
დევდარიანმა სისულელე უწოდა ხმებს, თითქოსდა ნაკრებში თამაში არ უნდოდეს და გული ჰქონდეს აცრუებული - "არ ვიცი, ასეთი რამ აზრად ვის უნდა მოუვიდეს... რა ლოგიკით უნდა ვიუარო ნაკრები?".
- თქვენი ნაკრებში არჩამოსვლის მიზეზად ტრავმა დასახელდა, ხოლო რამდენიმე დღეში "ჰორსენსთან" ითამაშეთ...
- ტრავმა მქონდა მანამდე, სანამ ნაკრებიდან დამირეკავდნენ. ბელარუსთან თამაშის შემდეგ დავშავდი და გარკვეული პერიოდი გამიცდა.
- ანუ, საქართველოდან რომ შეგეხმიანნენ, თქვენ არ გითქვამთ, რომ ტრავმა გაქვთ? და რა თქვით მიზეზი?
- როცა დამირეკეს, არ მითქვამს, რომ ახლა ტრავმა მაქვს და ამიტომ ვერ ჩამოვალ-მეთქი. თუმცა, ვარჯიში ახალი დაწყებული მქონდა. მთავარი მიზეზი ის იყო, რომ 16 ნოემბერს მეორეადგილოსან "ნორდსიელანდთან" მელოდა შეხვედრა, ანუ ჯერ პარასკევს უნდა მეთამაშა "ჰორსენსთან", შემდეგ ნაკრებში უნდა ჩამოვსულიყავი და 14-ში ეგვიპტესთან, ხოლო 2 დღეში "ნორდსიელანდთან" უნდა მეთამაშა. ფიზიკურად ვერ მოვასწრებდი. ქართულ მხარესთან ურთიერთშეთანხმების მიხედვით, გადავწყვიტეთ, რომ დანიაში დავრჩენილიყავი.  
- დევდარიანი ნაკრებს თავს არიდებს - ეს ხშირად ისმის.
- არ ვიცი, რატომ ისმის. წინა თამაშებში რომ ვიყავი, მაშინ მინდოდა ნაკრები და ახლა აღარ მინდა? არ ვიცი, ასეთი რამ აზრად ვის უნდა მოუვიდეს... რა ლოგიკით უნდა ვიუარო ნაკრებში გამოსვლა? აქამდე, ეგვიპტესთან გამოძახებამდე, სულ ისე ხდებოდა, რომ ტრავმის გამო ვერ მოვდიოდი. ყველას ვერ დავუწყებ ახსნას. ვინც მიცნაობს, იცის, რომ ნაკრები ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. არის კიდევ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ეგვიპტესთან ვერ ჩამოვედი: ვფიქრობ, ნაკრები უფრო მაღალი დონეა და იქ ფეხბურთელი მომზადებული უნდა ჩავიდეს, მე კი ვარჯიში ახალი დაწყებული მქონდა და არანაირად არ ვიყავი მზად. "ორჰუსში" თავდამსხმელები დაშავებულები რომ არ ყოფილიყვნენ, ალბათ, არც დამაყენებდნენ პარასკევს. თუმცა, კიდევ გეტყვით, რომ ნაკრებიდან როცა დამირეკეს, კონკრეტულად ახლა ტრავმა მაქვს-მეთქი, არც მიხსენებია. არ მქონდა იმ დღეს ტრავმა და...
- თუმცა, "ნორდსიელანდთან" ვერ ითამაშებთ, რადგან პარასკევს "ჰორსენსთან" გაგაძევეს.
- ორ მატჩს ვტოვებ, რადგან პირდაპირ წითელი ბარათი მომცეს. მთელი მატჩის განმავლობაში მირტყამდნენ ფეხებში, ბოლოს ვეღარ მოვითმინე, ავდექი და მივვარდი ერთ-ერთ მცველს. მან კი გააფორმა, მინდორზე დაეცა. მსაჯს ეგონა, რომ დავარტყი.
- ნაკრებში ფინეთთან და ბელარუსთანაც გამოკვეთილი თავდამსხმელად დაგაყენეს. ამ პოზიციაზე თამაში თქვენთვის პრობლემას წარმოადგენს?
- არა. განსაკუთრებული არაფერი, რადგან მაინც შემტევი სტილის ფეხბურთელი ვარ. საერთოდ კი, "ორჰუსში" მეორე ფორვარდად, ან შემტევ ნახევარმცველად ვთამაშობ.  
 

ილია ნანობაშვილი

0.093073