ფეხბურთი

12:05 | 23.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ დე ხეა: “ევროპა ლიგის საგზური უნდა მოვიპოვოთ”

  “მანჩესტერ იუნაიტედი” მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაში ვერ ითამაშებს. გუნდის გულშემატკივართათვის ეს ტრაგედიის ტოლფასი ამბავია, ოლდ ტრაფორდელთა ესპანელი მეკარე დავიდ დე ხეა კი სეზონს დასრულებულად ჯერ არ მიიჩნევს და მისი თქმით, “წითელი ეშმაკები” პრემიერლიგის დარჩენილ ორთაბრძოლებში მოსაგებად გავლენ მინდორზე.

 - “ევერტონთან” მარცხისა და დევიდ მოიესის დათხოვნის შემდეგ “იუნაიტედი” პრემიერლიგას ინერციით ჩაამთავრებს?

- არა, ასეთი განწყობა გუნდში ნამდვილად არაა. 4 მატჩი გვაქვს დარჩენილი და ოთხივე მათგანში მხოლოდ მოგებისთვის ვიბრძოლებთ. მითუმეტეს, 3 შეხვედრის ჩატარება საკუთარ “ოლდ ტრაფორდზე” მოგვიწევს. პრემიერლიგის დასრულება იმ პოზიციაზე გვსურს, რომელიც ევროპის ლიგის საგზურს მოგვიტანს. მომავალ სეზონში ევროთასზე თამაში გვსურს. ყველას დავუმტკიცებთ, დანებებას რომ არ ვაპირებთ.

- გასულ თვეში გულშემატკივრებმა გუნდის საუკეთესო მოთამაშედ დაგასახელეს. წარუმატებლობების ფონზე ამ ფაქტმა გაგახარათ?

- ყველაზე მეტად ის მსიამოვნებს, ერთგული ქომაგები რომ მაფასებენ. ამისთვის “მანჩესტრ იუნაიტედის” გულშემატკივრებს მადლობა მინდა გადავუხადო. ფანების მხარდაჭერას მუდმივად ვგრძნობ, რაც ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია.

- როგორ თვლით, მაისის ბოლოს გუნდის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელების შანსი გაქვთ?

- ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ შემიძლია – საუკეთესო მოთამაშის დასახელების პრეროგატივა მხოლოდ და მხოლოდ ქომაგებს აქვთ. გითხრათ სიმართლე, ამაზე ნაკლებად ვფიქრობ. ჩემი ამოცანა და მიზანი ყოველ მატჩში “იუნაიტედის” კარის საიმედოდ დაცვაა. ისე კი, ჩვენ გუნდში რამდენიმე ფეხბურთელია, რომლებიც მიმდინარე სეზონს ურიგოდ არ ატარებენ. ასე რომ, ქომაგებს არჩევნის საშუალება ექნებათ. ხმის მიცემისას მათ კარგად დაფიქრება მართებთ.

- უეინ რუნის მიერ “ვესტ ჰემის” კარში გატანილი გოლი დღემდე განსჯის და აღტაცების საგანია. თავად როგორ შეაფასებთ პარტნიორის არაორდინალურ გადაწყვეტილებასა და ოსტატურ დარტყმას?

- მინდვრის ცენტრიდან მოწინააღმდეგის კარის მიმართულებით ესოდენ ზუსტი და ძლიერი დარტყმის განხორციელება მეტად რთულია და ამას მხოლოდ დიდოსტატები თუ მოახერხებენ. საკუთარი კარიდან ამ ეპიზოდისთვის თვალის მიდევნებამ დიდი სიხარული და სიამოვნება მომანიჭა.

- გუნდის ვარჯიშისას ყველაზე მეტად რომელი პარტნიორის დარტყმებს უფრთხით?

- ჩიჩარიტოს და რუნის. თუმცა, წვრთნებისას მათ მიერ ჩემ კარში გატანილი ბურთები არ მაღიზიანებს – ამას ჩვენი ფორვარდებისთვის მხოლოდ სარგებლობა მოაქვს.

- რამდენად რეალურად მიიჩნევთ ბრაზილიაში, მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრებას?

- ვიქტორ ვალდესმა სერიოზული ტრავმა მიიღო და მას უნდა ვუთანაუგრძნოთ. ამგვარ რამეს არავის ვუსურვებ, მითუმეტეს სანაკრებო პარტნიორს. დასანანია, ვალდესს ეს რომ მოუვიდა, მეორის მხრივ ვიქტორის ტრავმამ ბრაზილიისკენ გზა გამიხსნა. ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნება საკუთარი ქვეყნის ეროვნულ გუნდში გამოსვლაა, მსოფლიოს პირველობაზე თამაში კი განსაკუთრებული მიზანი. ვფიქრობ, სადღეისოდ კარგ ფორმაში ვარ. იმედი მაქვს, მუნდიალამდე დარჩენილ დროში კიდევ უფრო მოვუმატებ და ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე მივიღებ მონაწილეობას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112331