რაგბი

12:57 | 23.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

დაუმარცხებელი ერთიღა დარჩა, “მასიმ” პირველად იმარჯვა

საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ს ხუთი ტურის შემდეგ 22 ქულით გიორგი ნაცარაშვილის “პო” ლიდერობს. ის ერთადერთი გუნდია, რომელიც ამ სეზონში ჯერ არ დამარცხებულა.

აუტსაიდერ “დაქსთან” მატჩში მწვრთნელმა ნაცარაშვილს დასვენების საშუალება მისცა და განაცხადში არ შეიყვანა. მართალია, მასპინძლებმა 22:15 იმარჯვეს, მაგრამ 47-ე წუთიდან წითელი ბარათის გამო კაცნაკლული მეტოქისგან ორი ლელოს მიღებით და პრემიალური ქულის დაკარგვით ხელმძღვანელობა კმაყოფილი ნამდვილად ვერ იქნება.

17 ქულით მეორე ადგილზეა ვახტანგ მაისურაძისა და ბექა შეყლაშვილის “ალბი”, რომელმაც ოთხი მოგების შემდეგ პირველი მარცხი განიცადა. ქართველთა გუნდი ასტამურ იოსელიანის “ნარბონმა” 38:22 დაამარცხა და უქულოდ დატოვა. მეორეხაზელი მაისურაძე, რომელსაც ტრავმის გამო წელიწადი გაუცდა, ამ სეზონში პირველად გამოჩნდა სასტარტო შემადგენლობაში (მანამდე ორჯერ შევიდა შეცვლაზე) და მოედანზე 54 წუთი გაატარა. შეყლაშვილი შეცვლაზე 47-ე წუთზე შევიდა. იოსელიანი განაცხადში არ იყო.

პირველ ტაიმში მეტნაკლებად თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. მეორე ტაიმში მასპინძელთა უპირატესობა გამოიკვეთა და მართალია 70-ე წუთამდე სტუმრებს მოგების იმედი ჯერ კიდევ რჩებოდათ, მაგრამ ბოლოს ჯარიმა, ლელო და გარდასახვა მიიღეს და უქულოდ დარჩნენ. “ნარბონი” 9 ქულით მე-12 ადგილზეა.

დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი მჭედლიშვილის “პერპინიანმა” თამაზ მჭედლიძის, ტარიელ რატიანიძისა და გიორგი თეთრაშვილის “აჟენი” 32:16 დაამარცხა და პრემიალური ქულაც მიითვალა. გამარჯვებულთა შორის ბასილაიამ შეცვლაზე 57-ე წუთიდან ითამაშა, სტუმართა შემადგენლობაში სრულად ითამაშა გარემარბმა მჭედლიძემ, ხოლო პირველხაზელი თეთრაშვილი შეცვლაზე 69-ე წუთზე შევიდა. თამაშმა მასპინძელთა უპირატესობით ჩაიარა და ტაიმი 19:6 დასრულდა. მეორე ტაიმში “პერპინიანმა” მეოთხედაც გადაკვეთა სტუმართა ჩათვლის მოედანი და უპირატესობა ჯარიმებითაც ზარდა. 72-ეზე “აჟენმა” ძალისმიერი შეტევით ერთი ლელო გაქვითა, მაგრამ მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხა. “პერპინიანი” 15 ქულით მესამეა, ხოლო “აჟენი” 8 ქულით მე-14 ადგილზეა.

ლაშა ლომიძის “ბეზიემ” “კოლომიე” სტუმრად 12:9 დაამარცხა და 13 ქულით მე-6 ადგილზეა. ქართველმა მესამეხაზელმა ერთი კვირის წინ ტრავმა მიიღო, იმ თამაშში მოედანზე დაბრუნება მოახერხა, მაგრამ ახლა მწვრთნელებმა დასვენების საშუალება მისცეს. კახაბერ კობერიძის, ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ნემსაძის “ტარბი” “ბიარიცთან” 10:52 დამარცხდა. ნემსაძემ მეორე ხაზში შეუცვლელად ითამაშა, კობერიძე შეცვლაზე 48-ე წუთზე შევიდა. “ტარბი” 12 ქულით მე-8 ადგილზეა.

ლევან დათუნაშვილის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და მერაბ შარიქაძის “ორიაკმა” “კარკასონს” 15:10 აჯობა. შარიქაძემ სრულად ითამაშა, დათუნაშვილმა მოედანზე 60 წუთი გაატარა, ხოლო ხატისაშვილი განაცხადში იყო, მაგრამ მწვრთნელმა სათამაშოდ არ შეუშვა. მასპინძლებმა ქულები ჯარიმებით აგროვეს, შეხვედრის ერთადერთი ლელო სტუმრებმა გაიტანეს და ტაიმი 7:6 მოიგეს, მაგრამ მარცხს თავი ვერ დააღწიეს და ქულას დასჯერდნენ. “ორიაკი” 12 ქულით მე-7 ადგილზეა.

Pro D2-ის მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა ვახტანგ ახობაძის, დავით აშვეთიას, დავით დადუნაშვილის, ელიზბარ ყუფარაძისა და შალვა სუთიაშვილის “მასიმ”. ქართველთა გუნდმა “ბურგონს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 27:25 აჯობა. ყუფარაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 76-ე წუთზე ახობაძემ შეცვალა, ხოლო აშვეთიამ პირველიდან 52-ე წუთამდე ითამაშა. მასპინძლებმა პირველ ტაიმში ერთი ლელო გაიტანეს და 13:12 მოიგეს, თამაშის განახლებისას კი, მეორედ გადალახეს მეტოქის ჩათვლის მოედანი 20:12 დაწინაურდნენ. 55-ე წუთისთვის “ბურგონი” 22:20 იგებმა, მაგრამ “მასიმ” მალევე შეძლოს მესამე ლელოს გატანა და 27:22 დაწინაურდა, 71-ე წუთზე კი, საბოლოო შედეგი დაფიქსირდა.

Pro D2-ის მომდევნო ტურის თამაშები 4 ოქტომბერს გაიმართება.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.148617