გიორგი ცინცაძის “ბუდიველნიკმა” უკრაინის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა. შეგახსენებთ, რომ კიეველები მარიუპოლის “აზოვმაშთან” 1:2-ს აგებდნენ და თანაც მოედნის უპირატესობაც დათმობილი ჰქონდათ, დღეს კი სტუმრად წონასწორობის აღდგენა მოახერხეს.
“ბუდიველნიკმა” უპირატესობა პირველივე წუთებიდან ხელთ იგდო და მეტოქისთვის წამოწევის საშუალება აღარ მიუცია, საბოლოოდ კი 80:63 იმარჯვა.
ქართველი კალათბურთელი ტრადიციულად ერთ-ერთი სარგებლიანი გახლდათ. იგი სასტარტო ხუთეულში იყო და სტუმართაგან მოედანზე ყველაზე მეტი დრო – 33:59 წუთი გაატარა. ცინცაძის მონაგარი 12 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა გახლდათ.
საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა 10-დან 5 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, 3 შეცდომა დაუშვა და მის წინააღმდეგ 4-ჯერ დაჯარიმდნენ, თავად კი სოლიდურ სათამაშო დროში არცერთი პერსონალური ფოლი არ მიუღია.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, კიეველებმა მოედნის უპირატესობა დაიბრუნეს. 26 მაისს “ბუდიველნიკი” მეტოქეს შინაურ კედლებში მიიღებს, 29-ში მომდევნო შეხვედრა უკვე მარიუპოლში შედგება, საჭიროების შემთხვევაში კი, გადამწყვეტ თამაშს კვლავ “ბუდიველნიკი” უმასპინძლებს.







