უკრაინის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალურ სერიაში მოპოვებული საწყისი გამარჯვების შემდეგ, გიორგი ცინცაძის “ბუდიველნიკმა” უკვე მეორე მარცხი განიცადა და მარიუპოლის “აზოვმაშს” 1:2 ჩამორჩა.
ამჯერად, გუნდები ერთმანეთს მარიუპოლში დაუპირისპირდნენ და მასპინძლებმა 86:74 იმარჯვეს. კიეველები მთელი შეხვედრის განმავლობაში მდევრის როლში იყვნენ და მართალია, 14-ქულიანი ჩამორჩენა ორ ქულამდე დაიყვანეს, ბოლოსკენ მაინც უშანსოდ წააგეს.
ცინცაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 28:25 წუთში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. ქართველმა უკანახაზელმა 6-დან 5 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა და 13 ქულას, 7 პასი და 3 მოხსნა წაამატა.
გიორგიმ ბურთი სამჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, ქართველი კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 16-ს უწია, რითაც იგი მხოლოდ ლეო ლაიონსს ჩამორჩა. ამ უკანასკნელმა 14 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა და ორმაგ დუბლს გამორჩა.
“აზოვმაშის” გამარჯვებაში ლომის წვლილი ასევე ლეგიონერებმა დაიდეს. ამერიკელმა ლინ გრირმა 28 ქულა და 10 პასი მიითვალა, სერბებმა მიროსლავ რადულიცამ და ტადია დრაგოჩევიჩმა კი, შესაბამისად, 20 და 18 ქულა მიითვალეს, თანაც ამ უკანასკნელმა მონაგარს 6 მოხსნა და 7 პასიც შემატა.
ფინალური სერია ოთხ მოგებამდე გრძელდება, მომდევნო მატჩს კი 22 მაისს ისევ მარიუპოლი უმასპინძლებს. ისიც ვთქვათ, რომ თუკი საქმე გადამწყვეტ მე-7 შეხვედრამდე მივიდა, ის უკვე კიევში შედგება.









