გულშემატკივრის სვეტი

9:49 | 1.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

ჩვენ ისევ გვჯერა!

სულ მალე, საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები მორიგ შესარჩევ ეტაპში ჩაებმება. ამჯერად, ოპტიმისტი ქართველი ქომაგი უკრაინისა და პოლონეთის სტადიონებზე ჩვენი გუნდის ხილვის ოცნებით აღივსება და ეს უკვე მერამდენედ ვირწმუნებთ, რომ ჩვენი გუნდი არც ისეთი ცუდია, როგორც აქამდე ჩატარებული მატჩებით გამოჩნდა და არც ისეთი უნიათო ხალხი ვართ, როგორც ამას ჩვენი პესიმისტი თანამემამულეები გაიძახიან ყოველი შესარჩევი ეტაპის წინ. როგორც ამასწინათ ერთმა ზესტაფონელმა ტაქსისტმა მითხრა: “მაი ქეცბაია რომაა ჩვენი “ტრეინერი”, იმიტომ ვართ ასთე იმედიანად, თვარა, რავარი ბედოვლათებიც ვართ, ეგი ხომ ისედაც გასაგებიაო”. არ დავეთანხმე ამ ტაქსისტს და კარგა გვარიანი კამათიც მოგვივიდა. თუკი, მთელი გუნდი ბედოვლათია (რაც ასე ნამდვილად არაა), მაშინ რაგინდ დიდი მწვრთვნელი ჩაუყენო მას სათავეში, მაინც ყველგან და ყველასთან წააგებს, რადგან ბედოვლათი იმის ბედოვლათია, რომ მწვრთნელის მითითებებსაც კი ვერ გაიგებს. ხოლო, რაკი ჩვენი ნაკრები ასე “გაბედოვლათობისათვის” გასაწირად არ მემეტება, შესაბამისად, მხოლოდ ქეცბაიას მონდომებისა და გამჭრიახობის იმედად ვერ ვიქნები და იმის იმედიც მიღვივის გულში, რომ ფეხბურთელებიც მოინდომებენ ცოტას.
 ისტორიკოსებმა რამდენიც არ უნდა აქონ და ადიდონ იულიუს კეისრის მხედართმთავრული ნიჭი და ყველა მისი სასახელო გამარჯვება მხოლოდ მხედართმთავრის შესაძლებლობებსაც რომ დაუკავშირონ, მაინც ვერავინ გაექცევა იმ ფაქტის, რომ იულიუს კეისარი სათავეში ედგა არა გალებივით, ან მაშინდელი გერმანელებივით ნახევარად შიშველ და ჩამოფხავებულ მუტრუკებს, არამედ კარგად გაწვრთვნილ, შეიარაღებულ და მოტივირებულ ლეგიონერებს, რომელთათვისაც, ომის ხელოვნება სპეციალობა იყო და არა ცხოვრების ერთ-ერთი ეტაპი. ისევე, როგორც კეისარი ვერ მიაღწევდა ვერაფერს ტიტლიკანა ველური მუტრუკების ხელში, ასევე ჩვენს თემურსაც არაფერი გამოუვა, თუ მისმა ფეხბურთელებმა ძალიან არ მოინდომეს და ყოველ თამაშზე ბოლომდე არ დაიხარჯნენ. ქართველებს ერთი ძალიან კარგი გამოითქმა გვაქვს “ერთი მერცხლის ჭიკჭიკზე” და ასეა ჩვენი ნაკრების შემთხვევაშიც. გარდა ამისა, აუცილებელია პასუხისმგებლობების გადანაწილება როგორც დამარცხებების, ასვე მოგებების შემთხვევაში. იტალიელი ჩეზარე პრანდელისადმი განსაკუთრებული პატივისცემა იტალიელებს თუნდაც იმიტომ აქვთ, რომ როდესაც პრანდელის გაწვრთვნილი “ფიორენტინა” მარცხდებოდა, ბრალეულობას პრანდელი მუდამ თავის თავზე იღებდა, გამარჯვებას კი ფეხბურთელების მონდომებას მიაწერდა ხოლმე. ყველამ იცოდა, რომ სენიორ ჩეზარე არც ერთ შემთხვევაში არ იყო მთლად მართალი, მაგრამ საკუთრივ ის ჟესტი, რომ პასუხისმგებლობას მწვრთვნელი არ გაურბის, ქომაგებში დიდ აღტაცებას იწვევდა.
 თუმცა, მე უფრო სხვა რამეს ვისურვებდი. ღმერთმა ქნას, რომ მომავალში სულ გამარჯვებები გვეზეიმოს, მაგრამ, როდესაც მარცხიც იქნება, აუცილებელი სულაც არ არის, რომ ყველაფერი მწვრთვნელს, ფეხბურთელებს, ანდა კიდევ უფრო უარესი – რომელიმე კონკრეტულ ფეხბურთელს დაბრალდეს. თუკი “ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანეს”, ბუნებრივია, რომ ის “ერთი მერცხალი” ვერც ავბედით და სუსხიან “ზამთარს” შემოუძღვება. შესაბამისად, მარცხიცა და გამარჯვებაც მთლიანად გუნდმა უნდა იკისროს და ამ გუნდთან ერთად გულშემატკივრებმაც, რომელთა გარეშე, ფეხბურთი ადრეეპოქის ბერძნულ თეატრს დაემსგავსება, სადაც სპაქტაკლები ხშირად 2-3 ადამიანისათვის იმართებოდა.
 ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ჩვენს ნაკრებს მეტოქეების, ანუ იმ გუნდების მხრივ, რომლებიც ჩვენს ჯგუფში მოხვდნენ არ გაუმართლა, ანდა ისე გაგვიმართლა, რომ ჯგუფიდან სულ კისკისით გავალთ. ვინც შეგვხვდნენ, ისინი შეგვხვდნენ და ყოველგვარი ზედმეტი ემოციები ამასთან დაკავშირებით, ფუჭია და აზრი არა აქვს. ახლა, ერთადერთი ის დაგვრჩენია, რომ ყველამ ერთად მოვინდომოთ და წარსულში აურაცხელი ცუდი თამაშებისა და საშინელი მოგონებების შემდეგ დავამტკიცოთ, რომ ქართველებს ჯერ კიდევ შეგვიძლია ფეხბურთის თამაში და დღეს, სწორედ ამის გაკეთებაა ყველაზე მნიშვნელოვანი. უკიდურესი მაქსიმალისტების გარდა, ჩვენს ნაკრებს არავინ სთხოვს აუცილებლად ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას. ჩვენ გულიანი და ვაჟკაცური თამაშითაც კმაყოფილები და უფრო მეტიც – მადლიერიები ვიქნებით! ყველზე მეტად ხომ, სწორედ ეს გვენატრება...

ლევან სეფისკვერაძე   





 

0.160619