მოდი, პირდაპირ ერთგვარი პათეტიკური კითხვით დავიწყებ - რატომ ვართ ვალდებული, 26 მარტს, საქართველოსა და ხორვატიის საფეხბურთო მატჩის დროს, ეროვნული სტადიონი გავავსოთ?
ყველას ჩვენ-ჩვენი წვრილმან-მსხვილმანი პრობლემები და საქმეები გვაქვს. 26 მარტს, ზოგს ფეხბურთთან მწყრალად მყოფი დირექტორები დააყოვნებენ სამსახურში (თუნდაც, საღამოს 9 საათზე), ზოგს ცოლები დაავალებენ ბავშვის პამპერსებისა და საჭმლის მოსატანად საშოვარზე წასვლას, ზოგს კი, მეგობრები მიიწვევენ დიდ-პატარა სუფრებზე და ყანწის ტრიალს შესთავაზებენ. იქნებიან ისეთებიც, რომელთაც 26 მარტს, საკუთარი გაფუჭებული ავტომანქანის ხელოსნის ”თავზე დადგომა” აქვთ გადაწყვეტილი. გრიპშეყრილი და ავადმყოფი ხალხი ხომ იქნებიან და იქნებიან...
მაგრამ, ამ ათასი პრობლემებისა და ვაგლახის მიუხედავად, ფეხბურთზე მწყრალი “ხაზეინებისა” და ზანტი ხელოსნების არსებობის მიუხედავად – ჩვენ ამ ერთ დღეს, უნდა ავდგეთ, უბრალოდ ჩავიცვათ, თუკი საკუთარი არ გვაქვს, მეზობლისაგან ვინათხოვროთ დროშები და მწყობრი თუ არეული ნაბიჯით, გავუყვეთ წერეთლის ან აღმაშენებლის გამზირს. ჩვენ, უპირველესად, საკუთარ თავს უნდა დავუმტკიცოთ, რომ გადატენილი ეროვნული სტადიონი მხოლოდ წარსულის ლამაზი ზმანება არაა და დღესაც, როგორც ათეულობით წლების წინ ვიყავით, ისეთივე გულიანი და საკუთარი ქვეყნის ეროვნული გუნდის ერთგული ხალხი ვართ. პირთამდე გადატენილი სტადიონი ხომ ჩემს თაობას მხოლოდ ერთხელ – გერმანიის ეროვნულ ნაკრებთან მატჩისას ახსოვს.
არავინ იცის, საქართველოს ნაკრები რას იზამს ხორვატიასთან მატჩში. რეალურად რომ ვიმსჯელოთ, ჩვენი გუნდის მარცხი არ იქნება დიდად გასაკვირი, რამეთუ, ამჟამინდელი ხორვატიის ნაკრები, ჩემი მოკრძალებული აზრით, ერთ-ერთი საუკეთესოა ჩვენს კონტინენტზე და დარწმუნებული ვარ, ხორვატიის ახლანდელი ფორმაციის გუნდი, არაფრით ჩამოუვარდება ამ ქვეყნის ლეგენდარულ ნაკრებს, რომელმაც 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე არაერი საოცრება მოახდინა...
ცხოვრება გრძელდება და ერთი წელი მეორეს არასოდეს ჰგავს. წელს თუ ხორვატიაა ძლიერი, მომავალში შესაძლებელია სხვების ჯერი დადგეს და ასე, მუდამ სხვა ქვეყნების ნაკრებთა ქომაგობაში გაივლის ჩვენი სიჭაბუკე და სიბერე. თბილისში ისევ ჩვეულებრივი მოვლენა იქნება, სხვადასხვა დიდი მუნდიალების დროს, ამა თუ იმ უცხო ნაკრების ქომაგობის გამო, ქართველი ბიჭების მიერ, ერთმანეთის ცემა-ტყეპა და ყოველთვის ამოოხვრით ვიტყვით: ”ეჰ, ჩვენი გუნდის ჩემპიონატზე გასვლას ოდესმე თუ ვეღირსებითო”, სანამ ერთხელ მაინც არ დავიჯერებთ, რომ ქართველები არც ისეთი ცუდი ხალხი ვართ, როგორც ამას რუსები 3 საუკუნის განმავლობაში ჩაგვაგონებდნენ და რომ ჩვენც ვიმსახურებთ დიდ, ხელშესახებ წარმატებებს.
ღრმად მწამს, ხორვატიასთან სულ რამდენიმე დღეში გასამართი მატჩი გადამწყვეტი იქნება ქართული ფეხბურთისათვის. ან ყველანი ჩვენ-ჩვენს პრობლემებს გვერდით გადავდებთ და პირთამდე გავავსებთ ეროვნულ სტადიონს, ანდა, ვიტყვით, რომ ჩვენ არ გვაღელვებს მომავალი და არც ბნელ წარსულზე შეგვტკივა გული. მით უმეტეს, რომ ეს ”წარსულიც” თითოეული ჩვენგანის მიერ იყო შექმნილი.
თუკი კაცს მოზრდილი შვილი ჰყავს, ქართველი ქომაგებით პირთამდე გადატენილ სტადიონზე კარგი რა უნდა აჩვენოს? როგორ შეიძლება ბავშვში პატრიოტიზმი მხოლოდ საბჭოთა დროს დაწერილი ისტორიული წიგნებით ინერგებოდეს, თუკი იგი ცხოვრებაში ერთხელ მაინც ვერ ნახავს ერთ მუშტად შეკრულ ათეულობით ათას თანამოქალაქეს, რომელთაც პოლიტიკური პარტიებისადმი ტრფობა და მსგავსი საძაგლობები კი არა, საკუთარი ქვეყნის ეროვნული ნაკრები და ღირსების გრძნობა აერთიანებთ. ჩემი ნება რომ იყოს, საქართველოში აქამდე არსებულ ყველა ლოზუნგს ერთადერთით შევცვლიდი: ”ჩვენ არავისზე ნაკლებნი არ ვართ!”. სწორედ ამის გააზრებაა დღეს უმთავრესი, რადგან, მთლიანობაში, ერთნაირად სისულელეა შენი დაკნინების ხარჯზე სხვათა ქება-დიდებაცა და უსაგნო, გულზე მუშტების ბრახუნით გამოხატული არაფრისმომცემი ფსევდოპატრიოტიზმიც. სწორედაც რომ - ჩვენ არავისზე ნაკლები არ ვართ! თუკი, საქართველოზე არანაკლებად გაჭირვებულ ურუგვაისა და ეკვადორში ივსება სტადიონები, ჩვენ ვითომ რატომ ვერ შევძლებთ ამას? ბოლოს და ბოლოს, ხომ ვხვდებით, რომ მხოლოდ საკუთარ ეზოში მდგარი ”ამერიკის ასაკის კაკლით” თავმოწონება, არაფრისმომტანია...
ლევან სეფისკვერაძე







