ბლოგი

20:22 | 17.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩურჩული, თუ ყვირილი?

იცით, რას ჩურჩულებს “ფიორენტინას“ მორიგი მარცხით გულდამწვარი ფლორენციელი ქომაგი? მარცხი ხომ მაშინაა განსაკუთრებულად გულსატკენი, როცა ქომაგები ამბიციებით არიან დახუნძლულნი... იცით, რამდენი წელია მთელი ფლორენცია “ფიორენტინასგან“ თუნდაც ყველაზე “მარტივს”, იტალიის თასს ელის? ამის გაგებას რა უნდა? აი, აქვე გვაქვს “ვიკიპედია“ და შეგვიძლია წლებიც ზუსტად გავიგოთ და თარიღებიც, მაგრამ დარდმა წელი და რიცხვი არ იცის. დარდმა გუშინ და დღეს არ იცის. თუ არ გჯერათ, კითხეთ “ბარსელონას“ გულშემატკივრებს, რომლებიც სულ რაღაც 2 წლის წინ, მსოფლიოს ”საფეხბურთო ჯომოლუნგმადან” გადასცქეროდნენ, მაგრამ თქვენ გგონიათ მოსწყინდათ გამარჯვებები? მათ პრიმერა დივიზიონში ვერგაჩემპიონების გამოც ისევე სტკიოდათ გული გასულ სეზონში, როგორც, ვთქვათ, “ოვიედოს“ ქომაგებს მრავალი წაგების გამო. გამარჯვებებმა ძღომა არ იცის. გამარჯვებები მოსაწყენი არასოდესაა. დამარცხებები კი, ყველა ქომაგისთვის ერნაირად გულის დამსუსხველია.

ცოტა თამამი თუ ხართ და თუკი თვალებში უტიფრად ჩახედავთ “ფორენტინას“ 76 წლის ქომაგს, სენიორ ანდრეას, დარწმუნდებით, რომ მისი სიბერე არაფერია იმასთან შედარებით, რაც ამ კაცს გულში უდუღს და უბორგავს. სენიორ ანდრეა უკვე 20 წელია ინვალიდის ეტლსაა მიჯაჭვული, მაგრამ მისი მრავალრიცხოვანი შვილებიდან და შვილიშვილებიდან რომელიმე, ყოველთვის გვერდით უდგას და როგორც იტალიური გაზეთები წერენ, ანდრეას, ბოლო 10 წლის მანძილზე, “არტემიო ფრანკიზე“ “ფიორენტინას“ არც ერთი საშინაო მატჩი არა აქვს გამოტოვებული. ზოგმა შეიძლება თქვას, რომ ეს კაცი მოცლილია, საქმე არაფერი აქვს და მისი მთავარი საქმეცა და გასართობიც ფეხბურთიაო, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ სენიორ ანდრეა ფლორენციის ერთ-ერთი ცნობილი ბიბლიოთეკის დირექტორია და ასაკის მიუხედავად, ისე კარგად უძღვება თავის საქმეს – თქვენი მოწონებული.

“არტემიო ფრანკის“ აღმოსავლეთ ტრიბუნაზე (სადაც “ფიორენტინას“ ყველაზე გადარეული ტიფოზები იკრიბებიან), ხშირად დაინახავთ ორ ქერათმიან გოგონას, რომლებიც გარეგნობით იტალიელებს ნამდვილად არ ჰგვანან. მაშ, რამ შეაყვარათ ეს კლუბი და ეს სტადიონი ასე? წარმოშობით შვედებს, ჰელგასა და ანას, “ფიორენტინას“ სიყვარული  მამებმა და ბაბუებმა ასწავლეს, რადგან მათ ნათლად ახსოვდათ იისფერი მაისურით შემოსილი მათი ტომის გენიალური კაცი, კურტ ჰამრინი, რომლიც დღემდე “ფიორენტინას“ უკვდავ ლეგენდად ითვლება და ამ კაცის ხსენებაზე, ჭარმაგი ფლორენციელების თვალებში, შესაძლოა, ცრემლებიც კი დაინახოთ.

და მაინც, იცით რას ჩურჩულებს “ფიორენტინას“ მორიგი მარცხით გულდამწვარი ფლორენციელი ქომაგი?...

აი, იტალიიის ჩემპიონატის მორიგმა სეზონმა მოგვიკაკუნა და იქნებ, ამ სეზონში მაინც მივაყურადოთ ამ ხალხს და მოვუსმინოთ მათ ჩურჩულს. ვინ იცის, შეიძლება მოხდეს დიდი სასწაული და ჩურჩულის ნაცვლად, ხმამაღლა, მთელი ძალ-ღონითა და შემართებით იყვირონ ისე, როგორც თუნდაც მაშინ ყვიროდნენ, როდესაც შვედეთის მიწის შვილი კურტ ჰამრინი დაჰქროდა ფლორენციის უპირველესი სტადიონის მინდორზე. ვინ იცის?!...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117102