გულშემატკივრის სვეტი

11:48 | 25.10.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჩუმჩუმელა

პორტუგალიის ნაკრების დამარცხების შემდეგ, მთელი რუსეთი ფაბიო კაპელოზე აბოდებს და დითირამბებს უძღვნის. პატარა საქმე ხომ არაა, დაამარცხო გუნდი, რომელშიც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი თამაშობს... თან დაამარცხო რუსეთის ეროვნული ნაკრებით, რომელსაც ფაქტია, რომ “ცაში ვარსკვლავები” არასოდეს მოუწყვეტია. მოკლედ, მთელი რუსეთი დონ ფაბიოს ქება-დიდებაშია და თუკი რუსულ სპორტულ ვებგვერდებს ჩახედავთ, აღმოაჩენთ, რომ ჩვენ “ტკბილ მეზობლებს” მადაც ძალიან გახსნიათ და უკვე მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატების გეგმებს აწყობენ. ვინ იცის, რა მოხდება ბრაზილიაში ორი წლის შემდეგ...
გამოგიტყდებით და ყოველთვის მიყვარდა კაპელო და მომწონდა ის ფეხბურთი, რასაც ეს მხცოვანი კაცი დღემდე ქადაგებს. მაგრამ, “რომაში” მისი მოღვაწეობის პერიოდს თუ არ ჩავთვლით, ფაბიო კაპელო სულ ისეთ გუნდებს წვრთნიდა, რომლებსაც არასოდეს ვგულშემატკივრობდი. როდესაც ფაბიოს გაწვრთნილი გუნდის თამაშს ვუცქერდი, მუდამ გაორებული გრძნობა მქონდა. თან მინდოდა, რომ კაპელოს ყველგან და ყველაფერი მოეგო, მაგრამ, რაკი მის გაწვრთნილ გუნდებზე არ მიმდიოდა გული, ბოლომდე ვერ ვიყავი “ფაბიოისტი.” რუსეთთან თამაშის დროსაც ასე იყო. ქართველმა ალბათ ძალიან უნდა “მოინდომო”, რომ რუსეთის ნაკრებს მხოლოდ მისი მწვრთნელის ფაქტორის გამო უგულშემატკივრო. მე კი ეს “მონდომება” რა დასამალია და არ მეყო. არადა, ისეთი კაცია კაპელო, ჩვენში “ჩუმჩუმელას” რომ დაუძახებდნენ.
ფაბიო კაპელოს ყოველთვის რაღაც განსაკუთრებული შირმა ჰქონდა და ძალიან განსხვავდებოდა სხვა მწვრთნელებისაგან. (ისევე როგორც ჟოზე მოურინიო, ან ხოსეპ გვარდიოლა განსხვავდებისან სხვათაგან) გადახედეთ სხვა იტალიელ მწვრთნელებს - დი მატეო ვარჯიშებზე “ჩელსის” ფეხბურთელებზე მეტს ხუმრობს და ხორხოცობს. მასიმილიანო ალეგრი საკუთარ თავზე თხზავს ანეკდოტებს. კარლო ანჩელოტი ერთი ჭიქა გრაპას დალევის შემდეგ ომახიან სიმღერას იწყებს. მგონი მხოლოდ ორი კაცია მთელს იტალიაში ყველაზე ჩუმჩუმელა და ცინიკოსი. ფაბიო კაპელო და მარჩელო ლიპი. თუმცა, მარჩელო ლიპი კაპელოსაგან განსხვავებით, ალბათ ცოტა ბოღმიანიცაა. კაპელო კი უფრო ეშმაკია და “გაცვეთილი.”
სად ჟოზე მოურინიოს აგრესიული ბუნება და პირდაპირობა და სად კაპელოს ეშმაკურ-ჩუმჩუმელური ღიმილი. გონებაში მოწინააღმდეგე გუნდის წინააღმდეგ ათასგვარ სივერაგეს რომ ხლართავს... ან სად სერ ალექს ფერგიუსონის ბრძნული სიდინჯე, ყველა თამაშის წინ რომ “კვდება და ცოცხლდება”... ან გუუს ჰიდინკს შევხედოთ, ყოველი მატჩის წინ მოწინააღმდეგე გუნდის ქებად რომ იღვრება. ფაბიო სხვა ვინმეა. ჩუმჩუმელაა და ვერაგი. შეუძლებელია გამოიცნო რა უდევს გულში და რას მოიმოქმედებს მისი გუნდი. საუბრობს ღიმილით და დაუფარავი ირონიით. დადის მხრებგაშლილი და ხელები ზაფხულშიც კი გამუდმებით ჯიბეებში უწყვია. გეახლებათ მხოლოდ იტალიურ კერძებს და აყოლებს გერმანულ ლუდს. უყვარს 50-იანი წლების ძველი იტალიური ფილმები და ქირქილებს ჰოლივუდზე, რომელიც, მისი აზრით, ჩვეულებრივი “ქარხანაა”, რომელიც ფილმებს კონვეირული ტემპებით აწარმოებს. ერთხელ კაპელოს ცოლმა თქვა: ჩემი ქმარი მწვრთნელი კი არა, რეჟისორი უნდა გამოსულიყო – რეჟისორივით ცხოვრობსო. არ ვიცი, რას ნიშნავს ეს “რეჟისორივით ცხოვრება”, მაგრამ დონ ფაბიო თავის საქმეში რეჟისორიცაა, გამნათებელიც და მსახიობიც... მაგრამ, ამ რუსეთთის ნაკრებს მაინც ვერ ვუგულშემატკივრებ და მომკალით!

 

ლევან სეფისკვერაძე

 
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093954