ფეხბურთი

0:07 | 25.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ჩიხურამ” ბრძოლით გაიტანა

საჩხერელთა მომდევნო მეტოქე ბაქოს "ნეფტჩია"

კენჭისყრის შემდეგ, “ბურსასფორის” მრავლისმნახველი მთავარი მწვრთნელი შენოლ გიუნეში ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, რომ საჩხერის “ჩიხურასთან” ასეთი ბრძოლა გადახდებოდა და ორრაუნდიანი დაპირისპირება მისთვის სავალალოდ დასრულდებოდა. საჩხერელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ორივე მატჩში თავდაუზოგავად იბრძოლეს და გამარჯვებაც დაიმსახურეს. მართალია, პენალტებს ლატარეას ეძახიან, მაგრამ ფაქტია, რომ ქართველებმა თავისი შანსი უკეთ გამოიყენეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.

თამაშის დაწყებამდე “მიხეილ მესხის” ერთ-ერთ სექტორში მსხდომი თურქი გულშემატკივრები, რომლთაც ბანერი გამოეკრათ წარწერით: “რადიკალ” ახმაურდნენ, ხოლო მათ მხარი ვიპ ლოჟაში მყოფმა თანამემამულეებმა აუბეს. ქართველებმა საპასუხოდ: “ჩიხურა”, “ჩიხურა” და სტვენა შეაგებეს სტუმრებს. სხვათა შორის, ეს “რადიკალები”  მთელი მატჩის განმავლობაში მღეროდნენ და თავის გუნდს მხარს უჭერდნენ. თუმცა, ქართველებისგან ქომაგობა არც საჩხერლებს დაკლებიათ.

მატჩის დასაწყისში ტერიტორიულ უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ და მასპინძლები ფონს გასვლას კონტრშეტევებით ცდილობდნენ. 21-ე წუთზე, დავით ოდიკაძემ უწყინარ სიტუაციაში ბურთი დაკარგა თავის საჯარიმოსთან და კირაზის გადაცემის შემდეგ, ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ უნალს საჩხერელმა მცველებმა არ დაარტყმევინეს.

27-ე წუთზე, “ჩიხურას” კონტრშეტევის დროს, გიორგი ქიმაძემ მარჯვენა ფლანგზე ბესიკ დეკანოიძე მოძებნა, რომელმაც საჯარიმოს მისადგომებიდან არაზუსტად დაარტყა. 30-ე წუთზე, შეტევაში გიორგი რეხვიაშვილი ჩაერთო, რომელმაც შორი მანძილიდან სახიფათოდ, მაგრამ უზუსტოდ “გაისროლა”.

43-ე წუთზე, პირველი ტაიმის ყველაზე სახიფათო მომენტი შეიქმნა, როდესაც თურქების კონტრშეტევის დროს, მარჯვენა ფლანგიდან ბაკაიე ტრაორემ “ჩიხურას” კართან ახლოს მყოფი უნალი შენიშნა, რომელსაც ბურთი კარში მასპინძელთა მცველმა არ გადააგზავნინა. შესვენებამდე, “ბურსამ” მარჯვნიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ოზთურქის თავური მიზანს ასცდა.

მეორე ტაიმის დასაწყისშივე, მარცხნიდან კირაზის ჩამოწოდების შემდეგ, ქართველების საჯარიმოში მყოფმა შენმა მკერდით პასი ტრაორეს გაუკეთა, რომელსაც კარის ახლოდან შეუჩერებლად გიგა ბეჭვაიამ არ დაარტყმევინა. ამ ეპიზოდს “ჩიხურას” რამდენიმე იერიში მოჰყვა და 52-ე წუთზე კარგად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ, ბეჭვაიას მიერ საშუალო მანძილიდან დარტყმული ბურთი “ბურსას” კარს მცირე მანძილით აცდა.

მე-60 წუთზე, კირაზმა “ჩიხურას” საჯარიმოს ფარგლებიდან “სტანდარტული” ძალიან სახიფათოდ, მაგრამ ოდნავ არაზუსტად დაარტყა. მალევე, შენის პასის შემდეგ, ტრაორეს თავურმა მიზანს ვერ მიაღწია. 68-ე წუთზე, უნალმა მეტოქის საჯარიმოში დასარტყმელ პოზიციაზე ტრაორე გაიყვანა, რომელსაც რეხვიაშვილმა “დაუფარა”. 71-ე წუთზე, მარცხნიდან ერალთაის ჩამოწოდების შემდეგ, ტრაორე ბურთს თავით ვერ მისწვდა, თორემ შესაძლოა ანგარიშიც გახსნილიყო.

76-ე წუთზე, გაბედავამ მარცხნიდან კუთხური ძალიან სახიფათოდ მოაწოდა და თურქები გოლის გაშვებას გადაურჩნენ, თუმცა შეტევა გაგრძელდა და ლაშა კუჭუხიძის დარტყმამ მიზანს ვერ მიაღწია. მე-80 წუთზე, ტრაორეს დარტყმის შემდეგ, საჩხერელთა კარის წინ ბურთი უნალმა მიიღო, რომელსაც შეტევა შოთა კაშიამ ფეხებში ვარდნით არ დაასრულებინა. 87-ე წუთზე, ტრაორე მოწინააღმდეგის საჯარიმოში მარჯვნიდან შევიდა და ძლიერად დაარტყა - მაქსიმე ქვილითაია ბურთს ადგილზე დახვდა.  

93-ე წუთზე, ოზბაირაქლი გაბედავას ეუხეშა და მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, რომელიც ავტომატურად წითელში გადაიზარდა. “ბურსასფორი” მოედანზე კაცნაკლული დარჩა. 98-ე წუთზე, მსაჯმა სათადარიგოთა სკამიდან “ჩიხურას” მეკარე გიორგი სომხიშვილი გააძევა.

103-ე წუთზე, შენის გარღვევის მერე, ტრაორე, რომელიც “ბურსაში” ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო, “ჩიხურას” კართან კარგ პოზიციაზე აღმოჩნდა, თუმცა რეხვიაშვილმა არ დაარტყმევინა. 105-ე წუთზე, მარჯვნიდან გიორგი კორიფაძემ პასი არ დაუგვიანა გაბედავას, რომელიც ბურთს კარგად ვერ მისწვდა, თორემ სტუმართა მეკარესთან პირისპირ დარჩებოდა. საბოლოოდ, მან ასისტენტობა კუჭუხიძეს გაუწია, რომლის სუსტ დარტყმულს თექინისთვის პრობლემა არ შეუქმნია. 113-ე წუთზე, კირაზმა “ჯარიმა” სახიფათოდ, მაგრამ უზუსტოდ შეასრულა.  

119-ე წუთზე, მარცხნიდან თორნიკე მუმლაძის გადაცემის მერე, “ბურსას” საჯარიმოში ბურთს ჯაბა ჯიღაური ვერ მისწვდა, ხოლო კორიფაძეს თურქების მცველმა დაასწრო.

120 წუთმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა და პენალტების სერია დაინიშნა. პენალტები უკეთ “ჩიხურამ” შეასრულა და 4:1 გაიმარჯვა. თერთმეტმეტრიანები ოდიკაძემ, გაბედავამ, კორიფაძემ და მუმლაძემ გაიტანეს. მუმლაძე ბოლო პენალტის შემდეგ წელსზემოთ გახდილი იმ ტრიბუნისკენ გაიქცა, სადაც თურქების გულშემატკივრები ისხდნენ და ბალახზე გასრიალდა. ამან “ბურსას” ქომაგები აღაშფოთა და მათ მოედანზე სხვადასხვა ნივთები ისროლეს. ზოგიერთმა თურქმა ფეხბურთელმაც გაიწია ქართველისკენ და საბოლოოდ, ვითარება პოლიციამ განმუხტა.

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე საჩხერის "ჩიხურა" ბაქოს "ნეფტჩის" დაუპირისპირდება. ბაქოელებმა შინ სლოვენიის "კოპერთან" 1:2 წააგეს, მაგრამ გასვლაზე 2:0 იმარჯვეს და მომდევნო სტადიაზე გავიდნენ.

უეფას ევროპის ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპი, საპასუხო მატჩი

24 ივლისი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.

ჩიხურა (საჩხერე) – ბურსასფორი (თურქეთი) 0:0 (პირველი მატჩი 0:0) პენ 4:1

ჩიხურა: მაქსიმე ქვილითაია, შოთა კაშია, ოდიკაძე (კ), ჯიღაური, რეხვიაშვილი ქიმაძე (ჩიკვაიძე, 116), კუჭუხიძე (მუმლაძე, 119), გიორგი დათუნაიშვილი, ბეჭვაია, დეკანოიძე (კორიფაძე, 89), გაბედავა.

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე.

ბურსასფორი: თექინი, ციველი, ჩინაზი, ტრაორე, შენი, ოზბაურაქლი, ერალთაი, ოზთურქი, კირაზი, ილმაზი (ტოფანი, 54), უნალი (მუსტაფა ალტინტაში, 80).  

მთავარი მწვრთნელი: შენოლ გიუნეში.

გაფრთხილება: ჯიღაური (45), ბეჭვაია (45), ოზბაირაქლი (90+4), ოზბაირაქლი (94), შენი (94), კუჭუხიძე (114)

გაძევება: ოზბაირაქლი (94), გიორგი სომხიშვილი (98)

მთავარი მსაჯი: ტომაშ მუსიალი (პოლონეთი).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.406829