ფეხბურთი

22:05 | 25.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩისკოს მეცამეტე, მარცვალაძის პირველი, გლიშიჩის მომენტალური

თბილისის "დინამომ" მოსალოდნელი გამარჯვება მოიპოვა ლანჩხუთის "გურიასთან". ვერ ვიტყვით, რომ მალხაზ ჟვანიას გუნდმა რაიმე განსაკუთრებული აჩვენა - 38-ე წუთამდე, ანუ გოლამდე სულაც მომენტი არ შეუქმნია, მაგრამ საბოლოოდ 3:0 იმარჯვა და "ზესტაფონთან" 8-ქულიანი ჰანდიკაპი შეინარჩუნა.

სანამ მატჩი დაიწყებოდა, "დინამო არენაზე" წუთიერი დუმილი იყო: "გურიას" პრეზიდენტ კობა მირზაშვილის ვაჟის, 22 წლის სერგის გარდაცვალების გამო. "მსოფლიო სპორტი" მწუხარებას გამოთქვამს ამ ტრაგედიის გამო.  

თამაშს რაც შეეხება, "გურიას" ფეხბურთელები კარგად ასრულებდნენ დავალებას, დაცვაში მწყობრად თამაშობდნენ და დინამოელებს ხიფათს არ აქმნევინებდნენ. მართალია, თბილისელები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ლანჩხუთელთა საჯარიმოში შესვლას იშვიათად თუ ახერხებდნენ. პირველ გოლამდე მხოლოდ ჩისკოს შორეული დარტყმა იყო გამოსარჩევი, როცა ბურთი კარს ასცდა.

ანგარიში კი ასე გაიხსნა: ნიკა კილაძემ საჯარიმოში შეცდომა დაუშვა, ბურთი ვერ გამოიტანა და ჩისკომ ერთი შეხებით ზუსტად დაურტყა მინდია ბობღიაშვილს – 1:0. კილაძე ძალიან განიცდიდა ამ მომენტს. მალევე, ირაკლი ძარიას სახიფათო დარტყმა ვიხილეთ, რომელიც ოდნავ არაზუსტი გამოდგა.

მეორე ნახევრის დასაწყისში კი მასპინძლებმა მეორე ბურთი გაიტანეს. ბობღიაშვილმა ცხრიანიდან ჩამოხსნა თორნიკე გორგიაშვილის დარტყმული, ბურთი ჩისკოს მიუვიდა და ბობღიაშვილს ვერ აჯობა, მესამე ჯერზე კი "გურიას" მეკარე უძლური გახდა – ოთარ მარცვალაძემ ახლოდან გადაგზავნა ბურთი კარში. 2:0 და თამაშის ბედიც გადაწყდა. ეს მარცვალაძის პირველი გოლი იყო "დინამოს" მაისურით.

უფრო გაიხსნა თამაში, რადგან "გურიამ" შეტევა სცადა და დაცვაში დიდი ძალებით აღარ იდგა. გიორგი ლორიამ ზურაბ ძამსაშვილის დარტყმული მოიგერია, შემდეგ ვილი ისიანს აუღო. "დინამოს" კი გაცილებით მეტი შანსი ჰქონდა: დორინ გოგას ჩაწოდებას გიორგი პაპავას (ჩვენი აზრით, საუკეთესო იყო მინდორზე) ოდნავ არაზუსტი თავური მოჰყვა, გოგამ შემდეგ საჯარიმო ოდნავ ააცილა, ხოლო მესამე გოლი დარკო გლიშიჩმა მიითვალა…- სულ რამდენიმე წამის შესული იყო მოედანზე, როცა "გურიას" საჯარიმოში მიიღო ბურთი და ლამაზი დარტყმით შორეულ კუთხეში გაუტანა ბობღიაშვილს. ასე გახდა 3:0.

დარჩენილ დროში საინტერესო მხოლოდ "გურიას" შემტევ გიორგი ნიქაბაძის დარტყმული და ლორიას ნახტომი იყო. საერთო ჯამში, ლანჩხუთელებს ცდა არ დაუკლიათ და რაც შეეძლოთ იბრძოლეს. 

 

 

მატჩის შემდეგ:

დავით მახარაძე: "ვულოცავ "დინამოს". ვიცოდით, რომ რთული მატჩი გვექნებოდა. მეორე ნომრად თამაში ვარჩიეთ და ყველაფერი კარგად გამოგვდიოდა იმ შეცდომამდე, რამაც პირველი გაშვებული გოლი მოიტანა. შემდეგ ვეცადეთ შეტევაზე წავსულიყავით, მაგრამ ამან უარესი შედეგი გამოიღო. მომდევნო ტურებში შევეცდებით, წარმატებას მივაღწიოთ. და კიდევ, მადლობა ყველას, ვინც "გურიას" პრეზიდენტის შვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო მხარი დაგვიჭირა".  

მალხაზ ჟვანია: "მწუხარებას გამოვთქვამ "გურიას" პრეზიდენტის შვილის გარდაცვალების გამო. თამაშს რაც შეეხება, ბურთის კონტროლი და უპირატესობის მოპოვება შევძელით. სასიამოვნოა, რომ ამჯერად გოლგაუშვებად ჩავამთავრეთ მატჩი. იანსეს ტრავმა ჰქონდა, ორი დღეა, რაც ვარჯიში დაიწყო და ამიტომაც არ იყო განაცხადში. რაც შეეხება ვუოს, მისი მომზადების დონე არაა საკმარისი".

25.03. 18:00. თბილისი. "დინამო არენა". 2000 მაყურებელი

დინამო (თბილისი) – გურია (ლანჩხუთი) 3:0 (1:0)

დინამო: ლორია, ხურცილავა, გველესიანი, რეხვიაშვილი, კვირკველია, პაპავა, ძარია, გორგიაშვილი (პაპუნაშვილი 60), მერებაშვილი (გოგა 76), ჩისკო, მარცვალაძე (გლიშიჩი 82).

მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია.

გურია: ბობღიაშვილი, ქურდაძე, ნიკა კილაძე, ძამსაშვილი (ბენჟამინი 65), მეგრელიშვილი, გაჩეჩილაძე, ერეკლე კილაძე (ჩუენსუ 46), შენგელია (ნიქაბაძე 65), კვირტია, კვერენჩხილაძე, ისიანი.

მწვრთნელი: დავით მახარაძე.

გოლები: 1:0 ჩისკო (38), 2:0 მარცვალაძე (50), 3:0 გლიშიჩი (83).

გაფრთხილება: ხურცილავა (22), შენგელია (45), ჩუენსუ (53), ნიკა კილაძე (84).

მსაჯი: კრიჭაშვილი.

 

 

 

ჩიხურა (საჩხერე) – სიონი (ბოლნისი) 1:2 (0:0)

გოლები: 0:1 ზვიად ლობჟანიძე (59), 0:2 ჯაბა უგულავა (77), 1:2 ზაზა ჭელიძე (82)

 

ზესტაფონი – მეტალურგი (რუსთავი) 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 ნიკა საბანაძე (14), 2:0 დიმიტრი ტატანაშვილი (34)

 

1      დინამო (თბ)                                                      23            16            3           4           54:17           51          
2 ზესტაფონი 23 13 4 6 32:15 43
3 ჩიხურა 23 11 5 7 41:35 38
4 სიონი 23 10 6 7 29:24 36
5 მეტალურგი 23 9 6 8 26:27 33
6 გურია 23 11 0 12 25:32 33

  

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.181606