გულშემატკივრის სვეტი

11:45 | 29.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

ჭინკები სამხრეთაფრიკულად

2000 წლის ევროპის ჩემპიონატი, ბოლო ათწლეულებში, ალბათ, ერთადერთი დიდი საფეხბურთო ღონისძიება იყო, როდესაც ტოტალიზატორის მოთამაშეებს გაღიმებულს ნახავდით. მაშინ იმდენი წინასწარპროგნოზირებადი მატჩი დასრულდა “სათანადო” შედეგით, რომ არასოდეს დამავიწყდება ერთ-ერთი ტოტალიზატორის მფლობელის ცრემლმორეული ხმა და სიტყვები: “ესპანეთიდან დაწყებული, საფრანგეთამდე, ყველამ ჩემთვის როგორ მოიცალაო”.
მას შემდეგ, უკვე 10 წელი გავიდა და ყველაფერი ძველსა და ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდა, თუმცა, მიმდინარე მუნდიალი ამ მხრივ მაინც განსაკუთრებულია. წინასწარი პროგნოზების საწინააღმდეგოდ იმდენი მატჩი “წამოვიდა”, რომ როგორც ერთ-ერთმა მოთამაშემ მითხრა: “ახლა ის დროა, ტოტალიზატორში თამაშს ყველამ თავი დავანებოთ და კოჭობანას “მივაწვეთო”. ალბათ, ბავშვობაში ბევრს გითამაშიათ კოჭობანა. დაკლული ცხვრისა ან ძროხის მოკალულ კოჭებს 21-ე საუკუნეში რაიმე აზარტი ექნება თუ არა, მაგაზე ვერაფერს გეტყვით, თუმცა, კოჭობანათი ოჯახდაქცეული კაცი რომ არავის გვინახავს, ესეც ფაქტია.
სხვადასხვა ინფორმაციით, ევროპის მსხვილ-მსხვილმა ტოტალიზატორებმა მიმდინარე მუნდიალის გამოისობით, უკვე მილიარდობით დოლარი, ევრო, თუ ფუნტი ჩაიჯიბეს და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მათი ფრთაგაშლა, ვინძლო, ჩემპიონატის ბოლომდე გაგრძელდეს. გაივლი ქალაქში და მამაკაცების დაღვრემილი სახეების შემხედვარე, უკვე მიხვდები, ვის ინგლისმა მოუწამლა ცხოვრება, ვის გერმანიამ და ვის კიდევ იმის იმედი ჰქონდა, ბრაზილია კომუნისტურ კორეას ფორით რომ დაამარცხებდა. მატჩის მიმდინარეობისას, კუთხურებისა და ყვითელი ბარათების თვლაში თვალებამოღამებულ ჩვენს მეგობრებსა თუ ნაცნობებს ხომ საერთოდ რა დათვლის... ეს კი არადა, ერთი კაცი გუშინ წუწუნებდა: მატჩში რომ ყველა შეცვლა მოხდება, მაგის კოეფიციენტები უკვე ამოიღეს ტოტალიზატორებმა. არადა, ამდენი წაგების შემდეგ, მაგ შეცვლებითღა მედგა სულიო”.
თბილისში დიდი ამბებია, თუმცა, ამბებსაც გააჩნია. ზოგიერთისთვის ეს “დიდი ამბები” ბოლო თეთრების წაგებად დაჯდა და ახლა, იატაკის საწმენდჯოხმომარჯვებული ცოლების შიშით, მეგობრებთან უწევთ ღამის გათევა. ჰოდა, როდესაც ყველა ყველაფერს აგებს და ტოტალიზატორების მფლობელები სიხარულისაგან ცქმუტავენ, რა გასაკვირია, რომ საქმეში მისტიური, ბნელი და ხშირ შემთხვევაში წარმოსახვითი ძალების ჩართვა ხდება საჭირო. ჯერ მისტიურ ძალებზე გეტყვით. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ერთ-ერთ ქართველ პარაფსიქოლოგს, ბოლო დღეებია, ტოტალიზატორის მოყვარული კლიენტების რიგები უდგას. ქალაქში ხმა გავრცელდა, რომ ამ პარაფსიქოლოგს მხოლოდ მატჩების შედეგების კი არა, ანგარიშების გამოცნობაც კი შეუძლიაო. მიხვალ, მისცემ 50 ლარს და რომელი თამაშიც გინდა, იმის შედგეს გეტყვისო. ხოლო, ერთი მაგდენსაც თუ დაუმატებ, შეიძლება მატჩში გოლების ავტორებიც კი ჩაგჩურჩულოსო.
ბუნებრივია, ჩნდება ლოგიკური კითხვა: თუკი ეს პარაფსიქოლოგი, ასე გვარიანად “არტყამს” ყველა თამაშს, მაშინ თვითონ რატომ არ დებს ფულს ტოტალიზატორში და რატომ არის მავანთა 50 ლარის შემყურე?! კიდევ სხვა ბევრი კითხვაც ჩნდება, მაგრამ სჯობს, ახლა ბნელ ძალებზე გითხრათ ორი სიტყვა. ამ ძალებს საქართველოში ათასი სახელით მოიხსენიებენ. მასონებიო, ფარდისმიღმელებიო, ლოჟისტებიო და ათასი ოხრობაო... აბა მე ფარდისმიღმელი კი არა, ფარდისგამოღმელიც კი არავინ მინახავს და როგორ გითხრათ ეგ ხალხი ვინ არიან და მართლა თუ არიან სადმე. თუმცა, ფაქტია, რომ ბოლო დროს, ძალიან ბევრი სწორედ ამ წარმოსახვით ხალხს აბრალებს მსოფლიოს ჩემპიონატზე ძნელადპროგნოზირებადი შედეგების სიმრავლეს და იმასაც ხშირად გაიგებთ, რომ: ყველაფერი წინასწარ არის გადაწყვეტილი და სანამ ეს “ბნელი ძალები” “საწყალი ხალხის ხარჯზე” 100 მილიარდ დოლარს არ იშოვნიან, მანამდე სულ ასეთი არასასურველი შედეგები დაფიქსირდებაო. რა გითხრათ? სლოვენია-აშშ-ის მატჩზე ამერიკელებს ვგულშემატკივრობდი და დიდ უსამართლობად მიმაჩნია, მატჩის არბიტრის მიერ ევროპელთა კარში გატანილი და არჩათვლილი გოლი, მაგრამ თუკი მატჩის არბიტრს სასტვენში ჭინკები და ქაჯ-ეშმაკები უსხდნენ, მაგას არასოდეს ვიფიქრებ და ღმერთმა ნუ მაფიქრებინოს.
მოკლედ, თანდათან ეშხში შედის მუნდიალი და მრავალი მითქმა-მოთქმა თქვენ მერე უნდა ნახოთ. არადა, ეს ხომ მხოლოდ ფეხბურთია. მიუჯდები ეკრანს მეგობრებთან ერთად კოხტად და ლამაზად... მოიდგამ გვედით ცოტა ლუდსა და სახრაშუნოებს, უყურებ ფეხბურთს, აქა-იქ შეიგინები კიდეც... ბოლოს კი წახვალ სახლში და ტკბილად დაიძინებ, ემოციებისაგან დაღლილი. მეტი სხვა რაღა უნდა გინდოდეს კაცს?

ლევან სეფისკვერაძე
 

0.092273