ევრო2012-ის ვიცე-ჩემპიონი იტალია უახლოეს დღეებში მსოფლიოს მორიგი პირველობის შესარჩევ მატჩებს სომხეთსა (გასვლა, 12 ოქტომბერი) და დანიასთან (შინ, 16 ოქტომბერი) ჩაატარებს. პრინციპული ორთაბრძოლების წინ “სკუადრა აძურას” თავკაცი ჩეზარე პრანდელი აპენინელ ჟურნალისტებს შეხვდა და მათ კითხვებს უპასუხა.
- რატომ არაა სიაში ანტონიო კასანო? მასზე უკვე უარი თქვით?
- არც კასანოსა და არც ანტონიო დი ნატალეზე უარი არ მითქვამს. უბრალოდ, ნაკრების განვითარების ამ ეტაპზე რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელის შესაძლებლობათა შემოწმება მინდა. თუკი, სამომავლოდ კასანო და დი ნატალე კარგ ფორმაში იქნებიან, “სკუადრა აძურაში” მათ დაძახებას წინ არაფერი დაუდგება.
- მარიო ბალოტელი როგორ ფორმაშია?
- ძალიან გულნატკენი ვიყავი, როდესაც მარიოს თვალზე ოპერაციის გაკათება დასჭირდა. ამის გამო მან მიმდინარე შესარჩევი ციკლის საწყისი მატჩები გამოტოვა. ბალოტელის ტალანტის კვლავინდებურად მწამს. ერთადერთი იმაში უნდა დავრწმუნდე, ჩამოუყალიბდა თუ არა მას გამარჯვებულის მენტალობა.
- კრიშიტოს საკითხი საბოლოოდ გადაწყდა?
- დომენიკოს დაბრუნება დიდად მახარებს. როგორც იქნა, მან პრობლემები უკან მოტოვა. ამიერიდან მას სრულად დავეყრდნობი. ევრო2012-ის წინ კრიშიტოს ნაკრების სიიდან ამოშლა იძულებითი ნაბიჯი იყო. ამასთან, დომენიკოს მტკივნეული ფსიქოლოგიური დარტყმა მივაყენეთ, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, როგორც კი “სკუადრა აძურას” მაისურით მინდორზე გავა, ყველაფერს ცუდს უმალ დაივიწყებს.
- როგორ გგონიათ, რატომ გამოტოვეს ბოლო ტურის მატჩი “რომას” ფეხბურთელებმა დანიელე დე როსიმ და პაბლო ოსვალდომ?
- ჩემთვის ძნელია ამ თემაზე საუბარი. ეტყობა, ზდენეკ ზემანს განკარგულებაში უფრო მეტად დასვენებული მოთამაშეები ჰყავდა. დე როსი და ოსვალდო ჩვენი გუნდის საკვანძო ფეხბურთელები არიან. ერთიცაა, ზემანი ყოველთვის გამოირჩეოდა ორიგინალური გადაწყვეტილებებით. სხვას ვერაფერს გეტყვით.
- თქვენი ფეხბურთელები სრულ საბრძოლო ფორმაში არიან?
- ბალოტელი და დე როსი რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არიან. ყველაფერი უნდა ვიზრუნოთ მათი ამ განწყობიდან გამოყვანისთვის. კმაყოფილი ვარ მარკო ვერატით – მას ნახევარდაცვის ნებისმიერ პოზიციაზე თამაშისას შეუძლია ნაკრებისთვის სარგებლობის მოტანა. ჩემი აზრით, “სკუადრა აძურას” მომავალი სტეფან ელ შაარავია. მას ხელი ყოველმხრივ უნდა შევუწყოთ და თავის გამოჩენის საშუალება მივცეთ.
- მოახლოებული შესარჩევი შეხვედრების წინ რა ტაქტიკურ სქემებს ამუშავებთ?
- ამ თემაზე საუბარი ნაკლებად მსურს. ბოლო 2 წლის განმავლობაში რამდენიმე კონკრეტული ვარიანტი დავამუშავეთ და დავნერგეთ. ამ სისტემებს კიდევ უფრო განვავითარებთ. ერთიცაა – ჩვენი სათამაშო სქემა დიდადაა დამოკიდებული მოწინააღმდეგის ტაქტიკაზე. ასე რომ, შესაძლოა 3 უკანახაზელით ვითამაშოთ, ან 4 მოთამაშით დავიცვათ კარის უსაფრთხოება. მთავარი კი მაინც ისაა, რომ “სკუადრა აძურას” წევრები ეროვნული ნაკრების სულით განიმსჭვალონ და ზედმიწევნით ზუსტად შეასრულონ სამწვრთნელო შტაბის დავალებები.
გოჩა კაჭარავა







