კალათბურთი

18:06 | 4.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხეთის ნაკრები კაპიტნის გარეშე დარჩა

პეტრ ბენდა ვერც საქართველოსთან ითამაშებს

ჩეხეთის საკალათბურთო ნაკრები, რომელიც 2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული გუნდის ერთ-ერთი მეტოქე იქნება, იმ იშვიათთაგანი გახლდათ, რომელიც მომავალ ტურნირს სრული შემადგენლობით ხვდებოდა, თუმცა...

შეგახსენებთ, რომ ჩეხების მთავარმა მწვრთნელმა პაველ ბუდინსკიმ შეკრებაზე ყველა სასურველ კალათბურთელს უხმო ახალგაზრდა ვარსკვლავების – იან ვესელის და ტომაშ სატორანსკის და ვეტერანების – ირჟი ველშის და ლუბოშ ბარტონის ჩათვლით. გამოძახებულთა შორის გახლდათ 31 წლის ცენტრი პეტრ ბენდაც (203 სმ.), რომელიც ევრობასკეტზე გუნდის კაპიტანი უნდა ყოფილიყო....

ამ უკანასკნელმა ტრავმა ჯერ კიდევ თებერვალში მიიღო, თუმცა, მშობლიურ “ნიმბურკს” არ უღალატა და ქვეყნის ეროვნული ჩემპიონატის ოქროს მედლების მოპოვებაში დაეხმარა. ბენდამ სეზონი ტკივილებით ჩაამთავრა და მას შემდეგ თერაპიულ კურსს გადიოდა, თუმცა, მომჯობინება ვერაფრით მოახერხა.

ნაკრებში გამოჩენის შემდეგ, ჩეხების კაპიტანმა ფიზიოთერაპევტების ზედამხედველობით სამი ინდივიდუალური ვარჯიში ჩაატარა, რის შემდეგაც ეროვნული გუნდის ექიმებმა დაასკვნეს, რომ ბენდა დანარჩენ კალათბურთელებთან ერთად სრულად დატვირთვას ვერ მოახერხებს.

ბუდინსკის გადაწყვეტილებით, ბენდა ნაკრების მომავალი შეკრებიდან უკვე განთავისუფლებულია და ისიც ცხადია, რომ იგი ევრობასკეტამდე მომჯობინებას ვერ მოახერხებს, ამასთან, მთავარი მწვრთნელი მისი შემცვლელის გამოძახებას არ აპირებს.

“ძალიან გულნატკენი ვარ, რომ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას ვერ ვახერხებ. ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობა სრულად დატვირთვის საშუალებას არ მაძლევს, ამდენად, გადავწყვიტეთ, ეროვნული გუნდის საზაფხულო შეკრებებს გამოვაკლდე”, - აღნიშნა ბენდამ, რომელიც გასული წლების განმავლოვაში ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა გახლდათ. ცნობისთვის, მომავალი ევრობასკეტის შესარჩევ ციკლში მისი საშუალო მონაგარი 12.5 ქულა და 6.5 მოხსნა გახლდათ.

“ბენდას გარშემო არსებული სიტუაცია ჩვენთვის ძალიან არაკომფორტული ორი მიზეზის გამოა”, - განაცხადა ბუდინსკიმ, - პირველ რიგში იგი ნაკრების კაპიტანი და ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო, მეორეც, პეტრს ეროვნული გუნდის და მისი მაისურისადმი ყოველთვის სამაგალითო დამოკიდებულება ჰქონდა. ამ მომენტისათვის, ბენდა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ნაკრებიდან გავათავისუფლეთ და იმედია, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს მალე მოაგვარებს”.

ჩეხეთის ნაკრებს პირველი ორკვირიანი შეკრება ტრუტნოვში ჰქონდა, რომელიც 5 აგვისტოს დასრულდება, მეორე შეკრება კი 7-12 აგვისტოს დეჩინში გახლავთ დაგეგმილი. ბუდინსკის ნაკრები ევრობასკეტამდე 7 საკონტროლო მატჩს ჩაატარებს და ყველას – სტუმრად. ჩეხების მეტოქეები თურქეთი (ორჯერ), რუსეთი, ფინეთი, ლიტვა და ბელგია (ორჯერ) იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ ჩეხეთის ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში მოხვდა და საქართველოს გარდა, მეტოქეებად ესპანეთი, სლოვენია, ხორვატია და პოლონეთი ეყოლება. ჩეხეთის და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება ქალაქ ცელიეში 8 სექტემბერს შედგება.

ჩეხეთის ნაკრების შემადგენლობა 2013 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის

მცველები: ტომაშ სატორანსკი (“კახასოლი”, ესპანეთი, დაბადების წელი 1991, სიმაღლე 200 სმ.), ირჟი ველში (“ნიმბურკი”, 1980, 201), მიხალ ჩარნეცკი (“პარდუბიცე”, 1985, 184), იაკუბ კუდლაჩეკი (“კანტუ”, იტალია, 1990, 193).

ფორვარდები: ვოიტეხ ჰრუბანი (“ნიმბურკი”, 1989, 202), პაველ პუმპრლა (“ობრადოირო”, ესპანეთი, 1986, 200), დავიდ ჟელინეკი (“კახა ლაბორალი”, ესპანეთი, 1990, 196), ლუბოშ ბარტონი (“ბრაუნშვაიგი”, გერმანია, 1980, 202), იან ვესელი (“ვაშინგტონ უიზარდსი”, NBA, 1990, 211).

ცენტრები: ონდრეი ბალვინი (“კახასოლი”, ესპანეთი, 1992, 216), პაველ ჰოუშკა (“ნიმბურკი”, 1984, 203), იაკუბ ჰოუშკა (“დეჩინი”, 1982, 206), კამილ სვრდლიკი (“პროსტეიოვი”, 1986, 206).

სათადარიგო მოთამაშეები: იარომირ ბოჰაჩიკი (“პროსტეიოვი”), ადამ ჩიჟი (“ოსტრავა”), მარტინ გნიადეკი (“ოსტრავა”), ტომაშ ჰამპლი (“ანდორა”, ესპანეთი), ონდრეი კოჰოუტი (“პროსტეიოვი”), პაველ სლეჟაკი (“პროსტეიოვი”), ტომაშ პომიკალეკი (“ნიმბურკი”), ონდრეი სტაროსტა (“ნავარა”, ესპანეთი), ლუბოშ სტრია (“დეჩინი”), იაკუბ შირინა (“ოპავა”).

ჩეხეთის ნაკრების მზადების გეგმა

7-12 აგვისტო: შეკრება დეჩინში

16 აგვისტო: თურქეთი – ჩეხეთი (სტამბული)

17 აგვისტო: თურქეთი – ჩეხეთი (სტამბული)

21 აგვისტო: რუსეთი – ჩეხეთი (ვილნიუსი)

22 აგვისტო: ფინეთი – ჩეხეთი (ვილნიუსი)

23 აგვისტო: ლიტვა – ჩეხეთი (ვილნიუსი)

28 აგვისტო: ბელგია – ჩეხეთი (ოსტენდე)

29 აგვისტო: ბელგია – ჩეხეთი (ოსტენდე)

2 სექტემბერი: გამგზავრება ევროპის ჩემპიონატზე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.173124