რვაწლიანი შესვენების შემდეგ უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულმა “სამტრედიამ”, თავისუფლად შეიძლება მიმდინარე საფეხბურთო სეზონის აღმოჩენის ნომინაცია მოიგოს. გუნდი, რომელიც აუტსაიდერთა რიგებში მოიაზრებოდა, ცხრილის შუაგულშიც (22 ქულით VI ადგილზე) მყარად დამკვიდრდა და არაერთი მოულოდნელი შედეგის (თბილისური “დინამოსა” (3:1) და “ვიტ ჯორჯიას” (2:2) სამტრედიიდან უკან ქულანაკლულად გაშვება) შემოქმედიც გახდა.
იმერული კლუბის პრეზიდენტ ზაზა ადეიშვილთან საუბარი, “მსოფლიო სპორტმა” გუნდის მზადების ვადებსა და უახლოესი გეგმების შესახებ დაიწყო.
- როდიდან შეუდექით სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას?
- გუნდი 22 დეკემბერს შეიკრიბა. რამდენიმე უცნობი ბიჭიც მოვიდა და გუნდთან ერთად ვარჯიშობს. საახალწლოდ დავითხოვთ ფეხბურთელებს და 3-4 იანვარს ხელახლა შევიკრიბებით. 15 იანვრიდან, ასე 10-12 დღის განმავლობაში, ურეკში შეკრებაზე გამგზავრებას ვგეგმავთ. ამხანაგურების გრაფიკს და ფეხბურთელთა მიგრაციას ჯერ ვერ გეუბნებით, არ ჩამოვყალიბებულვართ. ალბათ, 3-4 ფეხბურთელი დატოვებს გუნდს და მათი ადგილი ამდენივეთი შეივსება.
- ასეთები წასვლის მსურველები არიან, თუ თქვენი ინიციატივითაც შეელევით რომელიმეს?
- საკუთარი ნებით ამ ეტაპზე არავინ აპირებს გუნდის დატოვებას.
- როგორც ვიცით, ზაურ ხაჭიპერაძეს უცხოეთში ელოდებიან.
- ამ საკითხზე ერთობლივად მოგვიწევს ჩამოყალიბება. სურვილი აქვს და თუ არ ვცდები, რაღაც უცხოური ვარიანტიც, მაგრამ კონკრეტული ჯერ არაფერია. ძალიან აბსტრაქტული წინადადებები აქვს - ვიღაც ისრაელში ჰპირდება, ავსტრიაშიცაა ვარიანტი. ძალიან ზოგადი საუბარი რომ არ გამოგვივიდეს, ამიტომ უფრო რომ გამოიკვეთება კლუბის ვარიანტი, აი, ბილეთს რომ აიღებს და წავა, მაშინ გავახმიანოთ.
- ხაჭიპერაძეს თქვენს კლუბთან კონტრაქტი უკვე დაუმთავრდა, თუ კიდევ აქვს დარჩენილი სათამაშო?
- 2010 წლის მაისის ბოლომდე კიდევ უნდა ითამაშოს ჩვენთან და რეალური წინადადება თუ გამოჩნდა, მის მსურველ გუნდს ტრანსფერის გამოსყიდვა მოუწევს.
- სამტრედიაში რამდენიმე აფრიკელი ფეხბურთელიც ვარჯიშობდა და ყველას შეელიეთ?
- თავიდან ორნი იყვნენ, არა უშავდათ, მაგრამ ეგზოტიკის გამო გუნდში მათი დატოვება არ გავრისკეთ. მერე მათ ნაცვლად კიდევ ორი კამერუნელი მოვიდა და ახლა ისინი ისინჯებიან. ახლა გამძლეობაზე ვარჯიშობენ და აფრიკელს რომ სირბილი არ გაუჭირდება, აშკარაა და ბურთთან კონტაქტი რომ დაეწყებათ, მერე გამოჩნდება რისი მაქნისები არიან. მათგან ერთი ცენტრალური მცველია, მეორე გარემარბი.
- იმ დაწუნებულებიდან ერთი მეკარეც უნდა ყოფილიყო.
- თუ არ ვცდები, მას ახლა ცხინვალის “სპარტაკისკენ” აქვს გეზი. საინტერესო კანდიდატურა იყო, მაგრამ ვერ გავრისკე. ამ თემის განვითარება იმაში იქნებოდა, რომ ის კამერუნელი ჩემპიონატზე კარში რამდენიმე თამაშში ჩამეყენებინა, მაგრამ მეკარე ცოტა არ იყოს სპეციფიკური შესამოწმებელია და როგორც ვთქვი, რისკს მოვერიდე. არ გამოვრიცხავ, რომ ამ მეკარემ სერიოზული თამაში აჩვენოს და შეიძლება თითზე საკბენად გამიხდეს საქმე.
- თითქოს ხელფასზე ვერ შეთანხმდით.
- სხვათა შორის, სულაც არ იყო დიდი პრეტენზიების მქონე ფეხბურთელი. ის რომ ითხოვდა, მაგ ხელფასად შეიძლება ქართველი არ გაგვკარებოდა.
- მზადებას ახლა სად გადიხართ და ახალი წლიდან სად ივარჯიშებთ.
- სირბილში ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონის სარბენ ბილიკებზე ვემზადებით. ნაახალწლევს კი, ძირითადად, ვაზისუბნის საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშებენ, რადგან იანვარში ჯიხაიშის დატვირთვა ჭირს. ვაზისუბანში ძალიან მდგრადი გაზონი გვაქვს, რომელიც ზამთარში კარგად მუშაობს.
ფრიდონ კერვალიშვილი







