ინგლისის “ლივერპულის” აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელის, როი ჰოჯსონის თანამდებობიდან წასვლას და ქვეყნის თასის 1/32-ფინალური შეხვედრის წინ, კენი დალგლიშის დანიშვნას, ბუნებრივია, ინგლისური პრესა უყურადღებოდ ვერ დატოვებდა. მართალია, დალგლიშის დებიუტი უიღბლო გამოდგა და ლივერპულელები “მანჩესტერ იუნაიტედთან” მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ, მაგრამ “მერსისაიდელები” კენის “მეფეს” უწოდებენ და მის დაბრუნებაზე დიდ იმედებს ამყარებენ.
“ჰოჯსონი განწირული იყო” - წერს The Independent-ი და ამ სტატიის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედთან” მატჩის წინ, მთავარი მწვრთნელის გადადგომა, პრაქტიკულად, გარდაუვალი იყო. პრინციპში, ნაჩვენები შედეგის გათვალისწინებით, ეს ასეც იყო. პრემიერლიგაში ჩატარებულ 20 მატჩში, “ლივერპულმა” მხოლოდ 25 ქულის მოგროვება მოახერხა და მე-12 ადგილზე მყოფი მერსისაიდელები, საევროთასო ზონას მთელი 10 ქულით ჩამორჩებიან, გასავარდნ ზონას კი, სულ რაღაც 4 ქულა აშორებთ. ამრიგად, “ლივერპულის” თავკაცის პოსტზე, 63 წლის სპეციალისტის დღეები დათვლილი იყო, მაგრამ მანჩესტერში მოულოდნელი წარმატების შემთხვევაში, მწვრთნელის გათავისუფლება გართულდებოდა.
“პრინციპულ მეტოქესთან მატჩის წინ, მთავარი მწვრთნელის შეცვლა უშუალოდ ამ შეხვედრის მომზადებას ხელს ვერ შეუწყობს, მაგრამ კონკრეტულად ამ ნაბიჯს, თავისი დადებითი მხარეები აქვს. არავინ გაკიცხავდა კენი დალგლიშს, თუკი ის “მანჩესტერთან” დამარცხდებოდა. ამასთან, როი ჰოჯსონს მანჩესტერი რომ გამარჯვებულს დაეტოვებინა, მისი გათავისუფლება ასე მარტივი აღარ იქნებოდა” - წერს გამოცემა.
“ლივერპული” უმწვრთნელოდ დიდხანს არ დარჩენილა და მართალია, დროებითი შემცვლელის სტატუსით, მაგრამ ეს ვაკანტური ადგილი “ლივერპულის” ლეგენდამ, კენი დალგლიშმა, დაახლოებით 20-წლიანი შესვენების შემდეგ დაიკავა. შოტლანდიელი “ლივერპულში” 1977-1990 წლებში თამაშობდა და როგორც ფეხბურთელმა, 6-ჯერ ქვეყნის ჩემპიონატი, ერთხელ თასი, 4-ჯერ ლიგის თასი, 5-ჯერ ქომუნითი შილდი, 3-ჯერ ჩემპიონთა თასი, ერთხელ უეფას თასი და ერთხელ საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო. 1985 წლიდან დალგლიში “ლივერპულის” მოთამაშე-მწვრთნელი იყო და როგორც მწვრთნელმა, 1991 წლამდე, გუნდს 3-ჯერ ქვეყნის ჩემპიონატი, 2-ჯერ თასი და 2-ჯერ ქომუნითი შილდი მოაგებინა. დალგლიში ლივერპულელებს 2009 წლიდან დაუბრუნდა, მაგრამ ამ დრომდე, მხოლოდ ახალგაზრდულ გუნდში მუშაობდა.
“ლივერპულის” გმირი “ენფილდზე” ბრუნდება! შოტლანდიელი, ჰოჯსონის ადგილს დაიკავებს, რომელთანაც კლუბმა კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა. ვაკანტურ თანამდებობაზე დალგლიშის დანიშვნით, “ლივერპულის” ხელმძღვანელობამ სწორი ნაბიჯი გადადგა. “მეფე კენი” “წითლების” გულშემატკივრებში დიდი პოპულარულობით სარგებლობს, რადგანაც გუნდმა ინგლისის ჩემპიონობა უკანასკნელად სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოიპოვა” - წერს The Mirror-ი.
“ლივერპულის” ახალმა მფლობელებმა, არაპოპულარული მწვრთნელის, გულშემატკივართა კუმირით შეცვლით, უდიდესი ნაბიჯი გადადგეს” - კოლეგებს ეთანხმება The Guardian-ი.
დალგლიშმა შეთავაზება “ნისლიანი ალბიონის” ფარგლებს გარეთ მიიღო, მაგრამ 59 წლის სპეციალისტს ბევრი არ უფიქრია და მშობლიური კლუბისგან დახმარების სიგნალს ოპერატიულად გამოეპასუხა. მან შვებულება შეწყვიტა და უმოკლეს ვადებში ინგლისში დაბრუნდა.
“კენი დალგლიში, მეუღლე მარინასთან ერთად, ბახრეინში ისვენებდა და გოლფს თამაშობდა, როდესაც “ლივერპულისგან” კლუბის დახმარების თხოვნა მიიღო. შოტლანდიელმა სპეციალისტმა სიგნალ SOS-ს უყოყმანოდ უპასუხა, მოგზაურობა შეწყვიტა და დაუყოვნებლივ ინგლისში დაბრუნდა” - იუწყება The Daily Mail-ი.
რაღა თქმა უნდა, “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე, დალგლიშის კანდიდატურა ერთადერთი არ იყო და სხვა, ალტერნატიული ვარიანტებიც არსებობდა. The Independent-ის თანახმად, პრეტენდენტთა შორის, “ბოლტონის” თავკაცი ოუენ კოილი, “ასტონ ვილას” ყოფილი მთავარი მწვრთნელი, მარტინ ონილი, ამჟამად პორტუგალიური “პორტოს” დამრიგებელი, ანდრე ვილიაშ ბოაში და ცოტა ხნის წინ, გერმანული “ჰოფენჰაიმიდან” გადამდგარი, რალფ რანგნიკი სახელდებოდნენ.
“ონილის წარმომადგენლებმა ყველას აგრძნობინეს, რომ მათი კლიენტი “ლივერპულში” მუშაობას დათანხმდებოდა, მაგრამ მისი კანდიდატურა კლუბის ხელმძღვანელობამ დაიწუნა. ჰიჯსონის შესაძლო შემცვლელთა შორის, “მარსელის” მთავარი მწვრთნელი, დიდიე დეშამი და “დორტმუნდის” დამრიგებელი, იურჰენ კლოპიც სახელდებოდნენ, მაგრამ საბოლოოდ, კლუბში ლეგენდის დაბრუნება გადაწყდა” - იკითხება The Telegraph-ის ფურცლებზე.
ამრიგად, მკითხაობა დასრულდა, “მეფე კენი” “ლივერპულში” დაბრუნდა და შეძლებს თუ არა ის გუნდისათვის ძველი დიდების დაბრუნებას, უახლოეს პერიოდში გამოჩნდება.
მოამზადა ზურა ქსოვრელმა







