თამაშგარე

11:36 | 3.09.2011 | ნანახია [] - ჯერ

ბრიტანელ კომენტატორს ირონია არ აპატიეს

ეთნიკური შოვინიზმი, რასიზმი, შუღლის თესვა... აი, ბრალდებების მცირე ჩამონათვალი, რომლებსაც ინგლისური სპორტული ტელეკომპანია “სქაი სპორტსის“ ცნობილ წამყვანს, წარსულში ირლანდიის ნაკრების მრისხანე ფორვარდ ტონი კასკარინოს უყენებენ. ტონი ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული სპორტული კომენტატორია, რომელიც თავისი მახვილსიტყვაობით გამოირჩევა და ტელეწამყვანებს შორის რამდენიმე დიდი კონკურსიც აქვს მოგებული. თუმცა, ეს უამრავი დამსახურება, შესაძლოა, არარად ექცეს, რადგან “მანჩესტერი“-”არსენალის“ მატჩის დროს, სიტყვაუხვ კომენტატორს ლონდონელი ფეხბურთელების მისამართით რამდენიმე დამცინავი და ირონიული ფრაზა უთქვამს.
ტონი კასკარინოს მწარე ენის მსხვერპლი ვენგერის ორი შეგირდი – ანდრეი არშავინი და არმან ტრაორე გახდნენ. ბრიტანელი უფლებადამცველები თვლიან, რომ კომენტატორის მხრიდან ტრაორეს მისამართით ნათქვამი სიტყვები რასიზმის ელემენტს შეიცავდა. ანდრეი არშავინისათვის კი, მისტერ ტონის “რუსული სირცხვილი“ უწოდებია, რაც ზოგიერთის შეფასებით, ეთნო-შუღლის გამღვივებელი სიტყვებია. უკვე რამდენიმე დღეა, რაც “ სქაი სპორტსის“ ხელმძღვანელები ფიქრობენ, გაათავისუფლონ თუ არა თანამდებობიდან ტონი კასკარინო, ვინც ბრიტანეთში და მის ფარგლებს გარეთაც უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.
სხვათა შორის, ტელეკომპანია “სქაი სპორტსი“ თითქმის იდენტურ სკანდალში რამდენიმე თვის წინაც გაეხვა. მაშინ, ტონი კოსკარინოს მსგავსად, ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა კომენტატორმა, ფეხბურთის ქალი მსაჯი “აღმაფრთოვანებელი უკანალის პატრონად” მოიხსენია, რაც სექსიზმად შეფასდა და საბოლოო ჯამში ყველაფერი კომენტატორის სამსახურიდან გაშვებით დასრულდა. რა იქნება კონი კასკარინოს შემთხვევაში, ამას სულ მალე შევიტყობთ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.131371