კალათბურთი

16:41 | 23.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბოლო სიტყვა “მეფისაა”

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალის პირველივე მატჩი დრამატული გამოდგა. ფავორიტად შერაცხული “მაიამი ჰითი” მარცხს ძლივს გადაურჩა და “ინდიანა პეისერზი” ოვერტაიმში, ლებრონ ჯეიმსის მიერ საფინალო სირენასთან ერთად ჩაგდებული ბურთის წყალობით 103:102 დაამარცხა.

აქედანვე ვთქვათ, რომ ლებრონს მართლაც ფენომენალური თამაში ჰქონდა. “მეფემ” 30 ქულა, 10 მოხსნა და 10 პასი მიითვალა და პლეი-ოფებში კარიერაში მე-9 სამმაგი დუბლი მიითვალა. ამგვარად, ჯეიმსი ლეგენდარულ ცენტრ უილტ ჩემბერლენს გაუტოლდა, მის წინ კი მხოლოდ მეჯიკ ჯონსონი (30), ჯეისონ კიდი (11), რაჯონ რონდო (10) და ლარი ბერდი (10) იმყოფებიან.

საინტერესოა, რომ მატჩის შემდეგ მთავარ განსახილველ თემად ბოლო წამებზე ინდიანელთა თავკაცის ფრენკ ვოგელის მოულოდნელი გადაწყვეტილება გახდა. ამ უკანასკნელმა გადამწყვეტ მომენტებში გუნდის წამყვანი ცენტრი როი ჰიბერტი სათადარიგოთა სკამზე დასვა და ორივე შემთხვევაში, ლებრონისგან ზუსტი შეტევა მიიღო.

თავად ვოგელმა მოულოდნელი ჩანაფიქრი ასე ახსნა: “ყველა ველოდით, რომ ბოლოს ჯეიმსი შემოგვიტევდა, თუმცა, ისიც ცხადი გახლდათ, რომ კრის ბოში ჩვენი დაცვის “გაწელვას” ეცდებოდა. თუკი ჰიბერტს მოედანზე დავტოვებდი, ბოში პირველ ან მეორე ოფციად იქცეოდა. ისინი როის ფარქვეშ შესვლას აიძულებდნენ და კრისი სასროლ პოზიციაზე დარჩებოდა. მოკლედ, არჩევანის წინაშე ვიდექი და გადავწყვიტე, ბოშის წინააღმდეგ ტაილერ ჰენსბრო დამეყენებინა”.

აღსანიშნავია, რომ მწვრთნელის პოზიცია სრულად გაიზიარა თავად ჰიბერტმა, “პეისერზის” კიდევ ერთ ლიდერ პოლ ჯორჯს (27 ქულა) კი საკუთარი უკმაყოფილება არ დაუმალავს. “ვფიქრობ, ყველასე გვინდოდა, რომ გადამწყვეტ მომენტებში როი ჩვენს გვერდით ყოფილიყო. მან ფარქვეშ უდიდესი სამუშაო გასწია და დაცვაში ჩინებულად გამოიყურებოდა. 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ იგი მოედანზე უნდა დარჩენილიყო”.

ასე იყო თუ ისე, ინდიანელებმა ძალიან დასანანი მარცხი განიცადეს და მოედნის უპირატესობს ხელში ჩაგდების ჩინებული შანსი გაანიავეს. სერია ტრადიციულად ოთხ მოგებამდე გაგრძელდება, მომდევნო შეხვედრა კი ისევ მაიამიში 25 მაისის დილას შედგება.

ნბა-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალი

მაიამი – ინდიანა 103:102 ოტ. (22:21, 15:21, 27:23, 28:27, 11:10)

მაიამი: ჯეიმსი (30 ქულა, 10 მოხსნა, 10 პასი), უეიდი (19 ქ.), ბოში (17 ქ.), ჩალმერსი (10 ქ.), ჰასლემი (2 ქ. 7 მ.); ანდერსენი (16 ქ.), ალენი (4 ქ.), ბატიე (3 ქ.), კოული (2 ქ.).

ინდიანა: ჯორჯი (27 ქ.), უესტი (26 ქ.), ჰიბერტი (19 ქ. 9 მ.), სტივენსონი (7 ქ. 12 მ.). ჰილი (5 ქ. 7 პ. 5 ჩ.); ჰენსბრო (10 ქ.), ოგასტინი (8 ქ.), ჯონსონი, იანგი, მაინმი.

მაიამი იგებს სერიას 1:0

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093504