ფეხბურთი

21:37 | 30.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბოლნისელთა დამრიგებლის ტაქტიკამ გაამართლა

 

დავით ყიფიანის თასის გათამაშების ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული შეხვედრა ზესტაფონში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა ,,ზესტაფონმა’’, 1/8 ფინალის განმეორებით მატჩში, ბოლნისის ,,სიონს’’ უმასპინძლა. ამავე გუნდების პირველი შეხვედრიდან გამომდინარე, ყველა დაძაბულ ბრძოლას მოელოდა. ბოლნისში გამართულ პირველ მატჩში, მასპინძლებმა მინიმალური ანგარიშით – 1:0 იმარჯვეს, თანაც გამარჯვების გოლი შეხვედრის ბოლოს, თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანეს. ეს ანგარიში ორივე გუნდს ბრძოლის გაგრძელების შანსს უტოვებდა.

მართლია, ბოლნისელები უკეთეს მდგომარეობაში იყვნენ, რადგან მეოთხედფინალში გასასვლელად მათ ფრე ან შედეგიანი ერთბურთიანი სხვაობით დამარცხებაც ხელს აძლევდათ, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ზუსტად ამ თამაშის წინ გუნდი მთავარმა მწვრთნელმა გიორგი კიკნაძემ დატოვა და მის მაგივრად “სიონის” გაძღოლა მანამდე მეორე მწვრთნელად მომუშავე გიორგი ლოლაძეს მოუხდა. ბოლნისელთა ახალდანიშნულმა დამრიგებელმა ხუთი მცველით თამაში გადაწყვიტა. მან ფლანგებზე ფოფხაძე და უგრეხელიძე გაამწესა, შუა ხაზის გაკონტროლება კი გამოცდილ სვანიძეს, აბრამიძეს და ქემოკლიძეს დაავალა. საყრდენად იმედაშვილი ირჯებოდა, ხოლო მის წინ გოგობერიშვილი და პარუნაშვილი მოქმედებდნენ. შეტევაში კახელიშვილი გახლდათ, რომელსაც ბიბილეიშვილი უნდა დახმარებოდა.

ბოლნისელთა დამრიგებლის ფრთხილმა ტაქტიკამ გაამართლა. სტუმრებმა საკუთარი კარის მისადგომები გაამაგრეს, მეტოქეს სივრცე შეუზღუდეს და პრაქტიკულად შეტევის საშუალება მოუსპეს. თუ არ ჩავთვლით შეხვედრის პირველივე წუთზე შარიქაძის მწვავე გარღვევას, მასპინძლებს პირველი ტაიმის განმავლობაში მეტოქის კარისკენ ერთხელაც არ დაურტყამთ.

სტუმართა უპირატესობა მატჩის დებიუტშივე გამოიკვეთა. ქვემოქართლელები გაცილებით უფრო გააზრებულად მოქმედებდნენ და ბურთსაც უმეტესად ისინი აკონტროლებდნენ. პირველი სახიფათო მომენტი ბოლნისელებმა მე-8 წუთზე შექმნეს. გამოცდილმა გოგობერიშვილმა მოედნის ცენტრიდან წინ წაიწია და საჯარიმოს მიახლოებულმა ძლიერი დარტყმა განახორციელა. ბურთი ოდნავ გადასცდა ხარიხას. ორი წუთის შემდეგ, ისევ გოგობერიშვილი ურტყამდა სახიფათო საჯარიმოს, მაგრამ სიტუაცია მცველებმა განმუხტეს, თუმცა დროებით, ბურთს შეტევაში ჩართული უგრეხელიძე დაეუფლა და მახვილი კუთხიდან სცადა მასპინძელთა კარის დალაშქვრა. ბურთი ზესტაფონელთა კარის ბადეს გარედან შეეხო. ტაიმის მესამედის ბოლოს, სტუმრებმა სანიმუშო კომბინაცია გაითამაშეს, რის შემდეგაც პარუნაშვილი თანაგუნდელებმა ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანეს. ბოლნისელთა ნახევარმცველს ხელს არავინ უშლიდა, თუმცა საჯარიმოს წინა ხაზიდან მისი სახიფათო გასროლის შემდეგ ბურთმა ხარიხას ზევიდან გადაუფრინა. მომდევნო სახიფათო მომენტი ქვემოქართლელებმა ნახევარის საათის მიწურულს შექმნეს. სტუმრების სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ კახელიშვილი და ბიბილეიშვილი მეტოქის ერთი მცველის პირისპირ დარჩნენ, თუმცა კახელიშვილმა კომბინაციას სწორი გაგრძელება ვერ მოუძებნა, თანაგუნდელს პასი დაუგვიანა და კარის აღების შანსიც გაანიავა. 44-ე წუთზე, პარუნაშვილი ვალდებული იყო ანგარიში გაეხსნა. შეტევაში ჩართულმა დაჩი ფოფხაძემ გოგობერიშვილთან ,,კედელი’’ გაითამაშა, შემდეგ პირით ხაზამდე ჩაირბინა და საჯარიმოში შევარდნილ პარუნაშვილს ზუსტი გადაცემა გაუკეთა. მართალია, ბოლნისელთა ნახევარმცველმა თანაგუნდელის პასს შეუჩერებელი დარტყმა მოაყოლა, მაგრამ ზესტაფონელთა კიპერიც უნაკლოდ გაისარჯა. კვასხვაძემ შესაშური რეაქცია გამოავლინა. იგი ნახტომით მისწვდა კარში მიმავალ ბურთს და თავისიანები აშკარა გოლისგან იხსნა.

შეხვედრის განახლებისთანავე ბოლნისელებმა ანგარიში გახსნეს. ბიბილეიშვილმა კვასხვაძისა და რენე ფერეირას შეუთანხმებელი მოქმედებით ისარგებლა და ზუსტი დარტყმით თავისიანები დააწინაურა – 0:1.

ამის შემდეგ ზესტაფონელები კიდევ უფრო აირივნენ. ისინი დუნედ მოქმედებდნენ, სწრაფი მოძრაობა უჭირდათ და ვერც ბურთს აკონტროლებდნენ. ბოლნისელებმა მეტოქის უნიათობა სათავისოდ კარგად გამოიყენეს. მათ ზესტაფონელებს სამოქმედო არეალი შეუზღუდეს. მატჩი გამარჯვებამდე უპრობლემოდ მიიყვანეს და მეოთხედფინალის საგზური გაინაღდეს.

 

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/8 ფინალი. განმეორებითი მატჩი.
,,ზესტაფონი
” (ზესტაფონი) -,,სიონი” (ბოლნისი) 0:1 (0:0)
30 ოქტომბერი
. ზესტაფონი. ,,დავით აბაშიძე’’. 15:00 სთ. 800 მაყურებელი                                    

,,ზესტაფონი”:  რ. კვასხვაძე (კ), თორნიკე გრიგალაშვილი, თედორე გრიგალაშვილი, რენე ფერეირა, კანდელაკი, აჯურუ, შარიქაძე, ჭანტურიშვილი (კვერნაძე 62), სამუშია (სარდალიშვილი 62), ლ. კუტალია (რაჟამაშვილი 76), ს. ლომია;

მთავარი მწვრთნელი:  რატკო დოსტანიჩი

,,სიონი”:  მერლანი, აბრამიძე, უგრეხელიძე (თოთაძე 68), პარუნაშვილი, სვანიძე (კ), იმედაშვილი, კახელიშვილი (ლობჟანიძე 81), ქემოკლიძე, გოგობერიშვილი, ფოფხაძე, ბიბილეიშვილი (აფციაური 70);

მთავარი მწვრთნელი:  გიორგი ლოლაძე

გოლი: 0:1 ბიბილეიშვილი (49);

გაფრთხილება: უგრეხელიძე (24), აჯურუ (51), ქემოკლიძე (66), იმედაშვილი (73), ფოფხაძე (90);

არბიტრი:  თორნიკე გვანცელაძე;

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11645