გულშემატკივრის სვეტი

12:44 | 27.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

ბიჭი ბიბლიოთეკის ეზოში

ზაფხული. ყველასგან მივიწყებული დაბა. პატარა მაღაზია, გვერდით იაფფასიანი სასადილო. უკან სადალაქო და უსაქმურობით მოწყენილი ულვაშებიანი დალაქი, რომელიც გამუდმებით შესასვლელთან დგას და ზეზეულად ამთქნარებს.
აღმართში  სკოლა გამოჩნდა, რომლის ფანჯრის ანჯამები პატარა ნიავის დაბერვის დროსაც კი ჭრიალებს. სკოლის გვერდით კი ძველი, დამპალსახურავიანი ბიბლიოთეკაა. ბიბლიოთეკის უკანა კედელს ბოლო ზამთრისათვის ვერ გაუძლია და ჩამოქცეულა. წიგნების ნაწილი გარეთ, ეზოში ყრია და წვიმასა და ქარს ერთიანად მოუსპია. იქვე, შენობის კედლიდან ჩამოვარდნილ დიდ ქვაზე ასე 10-12 წლის ბიჭი ზის, მუხლებზე გაყვითლებული და დაგლეჯილი წიგნები დაუდვია და ნაფლეთებში ცხვირჩარგული რაღაცას კითხულობს.
- ალბათ, საინტერესო რამეს კითხულობ, არა? - ვეკითხები და იქვე, მშრალ ფიცარს ვეძებ ჩამოსაჯდომად.
- თბილისელი ხარ? – კითხვას მიბრუნებს.
- ჰო, მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს კაცო. ამ მზის გულზე წიგნებს რომ ჩასჩერებიხარ, გამიკვირდა და რას კითხულობდი, დამაინტერესა.
- ფეხბურთი გიყვარს?
- აბა, როგორ... ფეხბურთზეა წიგნი? მაჩვენე აბა, ერთი...
- ყდა მოხეული აქვს. ვერ გაიგებ. ”პელე, გარინჩა და ფეხბურთი” – იცი ასეთი წიგნი? ახლა ვიპოვნე, მაგარია!
- მაგ წიგნს ვეძებ სამი წელიწადია და ვერსად ვიშოვნე. ბიბლიოთეკაშიც კი დავდიოდი მაგ წიგნის წასაკითხად... კარგია ჰო?
- შენც ბრაზილიას გულშემატკივრობ?
- არა, მაგრამ ეს წიგნი კარგია და ბრაზილიაც კარგია. მომწონს ეგ ხალხი.
- მაგრამ ჩვენსავით გაჭირვებულები ყოფილან...
- ახლა აღარ უჭირთ ეგრე. ნავთობი იპოვნეს და ეშველათ...
- ჩვენთანაც იპოვნიან ნავთობს?
- აბა, მე რა ვიცი. ისე, ნავთობი სულაც არაა კარგი. გარემოს აბინძურებს და ხალხს აზარმაცებს...
- ბრაზილიელები რომ არ გააზარმაცა? ახლაც ხომ კარგად თამაშობენ ფეხბურთს? აი, ახლა ნეიმარი რომ ჰყავთ, იცი? მაგარია! გუშინ აჩვენეს მისი გოლები. ცენტრიდან გაუტანია თურმე გოლი!
- ჰო, ნეიმარი კარგი ბიჭია. კიდევ ბევრ გოლს გაიტანს ეგ. შენ ის მითხარი, ახლა ამ ბიბლიოთეკას პატრონი თუ ჰყავს და ეს წიგნები რატომ ყრია მზის გულზე?
- მამაჩემისა და ჩემს მეტი მაინც არავინ დადიოდა აქ. ყურადღებასაც არ აქცევდნენ. მერე დიდი თოვლი მოვიდა, ჩამოინგრა და ხალხმა წიგნების მოპარვა დაიწყო. განა წასაკითხად?!.. ზოგს ტუალეტში მიჰქონდა, ზოგს რაღაცეების გასახვევად სჭირდებოდა. პოლიციას რომ არ დაეშალა, ყველაფერს გაზიდავდნენ. მეც მიშლიდნენ აქ შემოსვლას, მაგრამ ახლა აღარაფერს მეუბნებიან. ნახეს, მართლა რომ მიყვარს კითხვა.
- მარტო სპორტულ წიგნებს კითხულობ?
- კი, უფრო ეგეთები მომწონს. თუმცა, ცოტა ხნის წინათ, ”გმირთა ვარამი” წავიკითხე ბოლომდე და ძალიან მომეწონა. ეგეთ წიგნებს ვეძებ, მაგრამ ბევრი კარგი წიგნი უკვე გაზიდეს და აქ მარტო დახეულ წიგნებში თუ ვიპოვნი რამეს.
- შენ არ წაგიღია წიგნები სახლში? ნუ გეშინია, არავის ვეტყვი – ვეუბნები და ეშმაკურად თვალს ვუკრავ...
- მომკლავს მამაჩემი, ბიბლიოთეკის წიგნი სახლში რომ მივიტანო. მამაჩემი სხვებივით გამორჩენაზე არ არის და ქურდობას არ მაპატიებს. თან კარგია აქ. ყველა დასასვენებლადაა წასული. ხელს არავინ მიშლის.
- მარტო ბრაზილია და ბრაზილიური ფეხბურთი მოგწონს?
- ძველი წიგნები სულ ბრაზილიაზეა დაწერილი. ალბათ, ადრე უფრო უყვარდათ ბრაზილიური ფეხბურთი და იმიტომაც წერდნენ. ახალი წიგნები არ არის აქ. ისე, სხვა გუნდებზეც წავიკითხავდი, რომ იყოს.
- მე გაჩუქებ შენ კარგ წიგნებს ფეხბურთზე.
- მართლა? ახლა მაჩუქებ?
- ახლა, აბა, თან არა მაქვს. მითხარი, რა გქვია, რომელ სახლში ცხოვრობ და წიგნებს თბილისიდან გამოვატან მძღოლს. ოღონდ, მართლა უნდა წიკითხო, იცოდე.
- დედას გეფიცები, წავიკითხავ! მადლობა!!!
- აბა, წავედი მე, ჩავალ თუ არა, გამოგიგზავნი წიგნებს. კარგი ბიჭი ხარ, კითხვა რომ გყვარებია.

...რომ მოვდიოდი, ვგრძნობდი, როგორ მაყოლებდა თვალს დახეული წიგნების ზღვაში ჩამჯდარი ბიჭუნა. გორაკი ავათავე და იქიდან უფრო კარგად ჩანდა დანგრეული ბიბლიოთეკა. ბიჭი ისევ იქ იჯდა, სადაც დავტოვე და დაფურცლულ წიგნებში გულდასმით განაგრძობდა ქექვას...
 

 

ლევან სეფისკვერაძე
 

0.083104