სხვისი ნივთის მოპარვის სურვილი ცხოვრებაში პირველად ამ რამდენიმე დღის წინ გამიჩნდა, როდესაც ერთ-ერთი ჩაჟამებული ლუდხანის წინ გამოკიდებული მტვრიანი, დასვრილი და დაჭმუჭნული ინგლისის დროშა დავინახე. ამ ლუდხანაში, ბუნებრივია, დიდი ტელევიზორი ედგათ და მეპატრონეებმა ლუდხანის კარებთან ინგლისის დროშა ქომაგების მისაზიდად დაჰკიდეს. ინგლისის ნაკრების ქომაგი არასოდეს ვყოფილვარ და გარწმუნებთ, არც მომავალში ვაპირებ ამ სარისკო ნაბიჯის გადადგმას, მაგრამ ის დროშა ისე უმწეოდ და საცოდავად ეკიდა, მისი მოპარვა, სახლში წაღება, გარეცხვა-გაუთოვება და შემდეგ ინგლისის ქომაგი მეგობრისათვის ჩუქება, გულში მართლაც გავივლე. რას ვიზამთ, ვერ გამოვდექი მელიტონ ქანთარია და ის დასვრილ-დაჭმუჭნული დროშა ახლაც ისევ იქ ჰკიდია. ადვილი შესაძლებელია, რომ იმ ლუდხანის მეპატრონეებმა ახლაც კი არ იციან, ინგლისის ნაკრები გერმანიასთან 1\8-ფინალური მატჩის შემდეგ, მსოფლიოს ჩემპიონატიდან რომ გამოვარდა. და რომც იცოდნენ, მეეჭვება, დროშაზე იდარდონ.
სიმბოლოებით მანიპულირება არასოდეს მიზიდავდა, მაგრამ ინგლისი-გერმანიის მატჩის დროს, ბრიტანელთა გუნდი ისე ძალიან ჰგავდა ჩემს მიერ ნანახ ინგლისის დაჭმუჭნულ და იავარქმნილ დროშას, როგორც უეინ რუნი ინგლისის არმიის მსუქან ჯარისკაცს, რომელიც ოფიცერმა ეს-ესაა წამოაგდო საწოლიდან და იორკშირისაკენ მარშირება უბრძანა. საშინელი მოსასმენია ბოროტი და ბოღმიანი ხალხის მონოლოგები, რომლებიც აწ უკვე დამარცხებულ და შერცხვენილ ინგლისელებზე გულღრძოდ ქირქილებენ და მასხარად იგდებენ. გერმანიამ რომ ღირსეულად გაიმარჯვა, ამაში ეჭვის შეტანაც კი დიდ ცოდვად მიმაჩნია და მატჩის შედეგი – 4:1 ბევრ კითხვას სცემს პასუხს, თუმცა, როგორ არ უნდა დაეთანხმო ინგლისელთა ქომაგებს იმაში, რომ ურუგვაელმა არბიტრმა – ხორხე ლარიონდამ დაუფიქრებლად აიღო ხელი სინდისზეცა და პროფესიონალიზმზეც და ფაბიო კაპელოს გუნდს ისეთი გოლი არ ჩაუთვალა, სხვა მსაჯების “გმირობები” ამასთან შედარებით არაფრად მოსჩანს.
ამის შემდეგ, ბუნებრივია, დაიწყო მარადიული და ტრადიციად ქცეული მკითხაობა და იმის მტკიცება, რომ თუ ურუგვაელი მსაჯი ამ გოლს ჩათვლიდა, შესაძლებელი იყო თამაში სულ სხვანაირად წარმართულიყო. ამ მოსაზრებას, რა თქმა უნდა, აქვს არსებობის უფლება და სულაც არ გახლავთ გამორიცხული, რომ ბრიტანელები გამათანაბრებელი გოლის შემდეგ, მართლაც გამოცოცხლებულიყვნენ და ზანტ ინგლისელ ჯარისკაცს დამსგავსებულ რუნისაც ეგებ გამოეღო ხელი, თუმცა, რაც არ მომხდარა, იმის წინასწარ განჭვრეტა ჯერ ერთი რომ შეუძლებელია და მეორეც: ამით ჩრდილი ადგება გერმანიის ნაკრებს, რომელმაც მთელი მატჩი შესანიშნავად ჩაატარა და რაც კი რამ ინგლისელთაგან გერმანელებს ისტორიული წყენა ახსოვდათ, ყველაფერი ამ ერთი მატჩით გადაწონეს.
ინგლისის მიერ გატანილი და არჩათვლილი გოლი, არგენტინის ნაკრების მიერ მექსიკის კარში გატანილი პირველი (ჩათვლილი) გოლი, აშშ-ს მე-3 (არჩათვლილი) გოლი სლოვენიასთან... ეს მხოლოდ ნაწილია იმ ეპიზოდებისა, რომლებმაც გულშემატკივრის სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია, როგორც კონკრეტულად მსაჯების, ასევე, ამ მსაჯების მარადიულად გამმართლებელი ფიფას ჩინოვნიკების მიმართ. ევროპაში უკვე ხმამაღლა ალაპარაკდნენ ფიფას წინააღმდეგ საპროტესტო მოძრაობის ჩამოყალიბებაზე, თუმცა, რაღა დაგიმალოთ და ძალიან მეეჭვება, ეს მოძრაობა სიცოცხლისუნარიანი გამოდგეს. ბლატერმა უხერხული შმუშვნით ბოდიშისმაგვარი კი მოიხადა, მაგრამ ფიფას შეუვალობა და სიჯიუტე, მართლაც რომ დიდ გაკვირვებასა და აგრესიას იწვევს გულშემატკივრებში. ამის მიუხედავად, ფიფას წინააღმდეგ ფართო მოძრაობა და გამოსვლები არასოდეს დაწყებულა. აქტიურობდნენ მხოლოდ კონკრეტულ მატჩში დაჩაგრული გუნდების ქომაგები და მათი აქტივობაც ძალიან მალე ბარდებოდა წარსულს. ეს მაშინ, როდესაც ანტიგლობალისტები (რომელთა მოთხოვნები, საბოლოოდ ისე გამოდის, თავადაც არ იციან) “დიდი რვიანის” ქვეყნების მეთაურების შეხვედრებზე დედამიწის ყველა კონტინენტიდან ჩადიან და ისეთ ამბავს სტეხენ, ამ კადრების ცქერისას, წინდახედულმა კაცმა ბავშვებს თვალებზე ხელი რომ უნდა ააფაროს.
ფეხბურთის ქომაგებს არც მანქანების მტვრევისაკენ მოვუწოდებთ და არც “მოლოტოვის კოქტეილების” ბათქა-ბუთქია ნორმალური ადამიანის საქმე. უბრალოდ, ხომ შეიძლება, ერთხელ ფიფას ჩინოვნიკებმაც იგრძნონ, რომ მათი გაუმჭვირვალე საქმიანობა ბევრ გულშემატკივარს სტკენს გულს და პლანეტა ჩალით ნამდვილად არ არის დაფარული. ასეთი მოძრაობა აუცილებლად უნდა დაიწყოს და ფეხბურთის გულშემატკივრებმაც უნდა დაიცვან საკუთარი უფლებები. თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, მეეჭვება, ეს მოძრაობა სიცოცხლისუნარიანი გამოდგეს. მაგრამ საქმის დაწყება რომ ნახევარ საქმეს ნიშნავს, ესეც ფაქტია...
ლევან სეფისკვერაძე







