ავტოსპორტი

14:19 | 2.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბატონის მომავალი ფ1-ში გაურკვეველია

ჯენსონ ბატონს ნათქვამი აქვს, რომ თავის კარიერას „მაკლარენში“ დაასრულებს. და როგორც ჩანს, ამის დრო მოახლოვდა. „ჰონდას“, რომელიც ბრიტანულ გუნდს მომავალი სეზონიდან ძრავებით მოამარაგებს, სებასტიან ფეტელის და ფერნანდო ალონსოს მოწვევა სურს. რაც პერსპექტივაში იმას ნიშნავს, რომ მათ ჯენსონ ბატონის და კევინ მაგნუსენის ადგილი უნდა დაიკავონ.

თუმცა, ყველაფერი ასე მარტივად არაა. საქმე ისაა, რომ ფეტელსაც და ალონსოსაც შესაბამისად „რედ ბულთან“ და „ფერარისთან“ კონტრაქტები მომავალ სეზონზეც აქვთ. „მაკლარენი“ მაინც ცდილობს მათს გადაბირებას და თუნდაც ერთი მათგანის დათანხმებას თუ შეძლებს, ახლანდელი პილოტებიდან ერთ-ერთის გაშვება მოუწევს. მართალია, ბატონის პოზიცია, როგორც მსოფლიო ჩემპიონისა, მყარად მოჩანს, მაგრამ ახალგაზრდა დანიელმა შესანიშნავი თვისებები გამოავლინა და სამართლიანად ითვლება ამომავალ ვარსკვლავად. და ასაკის გამო, მასთან ხანგრძლივი კონტრაქტის გაფორმება უფრო მიზანშეწონილია.

„მაკლარენის“ სარბოლო დირექტორი ერიკ ბუიე ამბობს, რომ სიტუაცია საკმაოდ რთულია, მაგრამ დასძენს, რომ გადაწყვეტილება რამდენად რთული მისაღებიც უნდა იყოს, ის მაინც „დადებითი“ პრობლემაა, რადგან მისი აღმოცენება, გუნდში სუპერ ვარსკვლავის მოსვლის მანიშნებელი იქნება. კითხვაზე, მაგნუსენის კარგი გამოსვლები არჩევანს კიდევ უფრო ხომ არ ართულებს, ბუიე პასუხობს:

„ამ ეტაპზე ამაზე არც ვფიქრობთ. მაგრამ ვიმედოვნებ, ეს საკითხი წამოიჭრება და საქმეს გამირთულებს. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გუნდისთვის რა უფრო უკეთესია. ეს არჩევანი არის იმ სტრატეგიის ნაწილი, რომელიც შემდგომ სამ-ხუთ სეზონზე უნდა გვქონდეს. და ამ ყველაფრის გათვალისწინება მოგვიწევს“.

შანსები იმისა, რომ „მაკლარენი“ შეძლებს ალონსოს, ან ფეტელის გადაბირებას, მინიმალურია. ეს კი იმის შანსს ზრდის, რომ „მაკლარენი“ მომავალი სეზონისთვის ბატონსაც და მაგნუსენსაც შეინარჩუნებს. მერე კი აუცილებლად დადგება დრო, როცა გუნდს მრავალწლიანი სტრატეგიის შესაბამისად მოქმედება მოუწევს.

http://autopanoramaf2.blogspot.com/

0.114058