გერმანიამ არგენტინა დაჯაბნა, გამანადგურებელი ანგარიშით მოუგო და ნახევარფინალში გავიდა. დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ფიფა ყოველი სამუნდიალე მატჩის შემდეგ, საუკეთესო ფეხბურთელს ასახელებს. გუშინწინ, ბუნდესნაკრებიდან მიუნხენის “ბაიერნის” შუახაზელი ბასტიან შვაინშტაიგერი სცნეს, თუმცა, თამამად შეგვიძლია მეოთხედფინალის გმირებად, ყველაზე ცოტა, კიდევ 2 მოთამაშე - ტომას მიულერი და მიროსლავ კლოზე მივიჩნიოთ. ჩვენეულ თვალსაზრისს შვაინშტაიგერიც “იზიარებს”, დანარჩენს კი, იმ სახელდახელო ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც გერმანელთა მე-7 ნომერს ნახევარფინალში გასვლის შემდეგ რამდენიმე საათში ჩამოართვეს.
- გილოცავთ დამაჯერებელ მოგებას და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებას.
- დიდი მადლობა, თუმცა ვთვლი, რომ შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებას, ჩემზე მეტად, მირო კლოზე და ტომას მიულერი იმსახურებდნენ. მატჩს რაც შეეხება, განსაკუთრებით კარგად ვითამაშეთ. ვამაყობ დღევანდელი ბუნდესნაკრების წევრი რომ ვარ. გუნდის წარმატებულ გამოსვლაში ლომის წილი ჩვენს მთავარ მწვრთნელს იოაჰიმ ლიოვს და მთლიანად სამწვრთნელო შტაბს მიუძღვის. დამრიგებლებმა იდეალური ტაქტიკა შეგვირჩიეს ისეთი სწრაფი და მაღალტექნიკური გუნდის წინააღმდეგ სათამაშოდ, როგორიც არგენტინის ნაკრებია.
- დიეგო მარადონას რჩეულებს მხოლოდ სწორად შერჩეული ტაქტიკის გამო სძლიეთ?
- მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გუნდს დიდად გამოცდილს ვერ ვუწოდებ, საკმარისად აღმოჩნდნენ ფეხბურთელები, რომლებიც არგენტინელ ვარსკვლავებს არათუ არც ერთ საფეხბურთო კომპონენტში ჩამორჩნენ, პირიქით - აჯობეს კიდეც. მეოთხედფინალისთვის ფსიქოლოგიურადაც მზად გახლდით, ფიზიკურადაც და ტექნიკურ-ტაქტიკურადაც. ვფიქრობ, არგენტინელები ყველა ამ კომპონენტში დავჯაბნეთ.
- სპეციალისტთა საკმაოდ დიდმა ნაწილმა უკვე გამოთქვა ვარაუდი, რომ ბუნდესნაკრების თამაშიდან გამომდინარე, ჩემპიონობისკენ გზა ხსნილი გაქვთ...
- ფინალში გასვლის უდიდესი სურვილი გვაქვს და უნდა გამოგიტყდეთ, ვთვლი, რომ ამის ღირსებიც ვართ. ინგლისისა და არგენტინის მძლავრ ნაკრებებს 4-4 გოლი გავუტანეთ, ნახევარფინალში ვართ და მიღწეულზე შეჩერებას არ ვაპირებთ.
- ესპანეთთან მომავალ სანახევარფინალო დაპირისპირებაზე რას იტყოდით?
- ფიფას რეიტინგით თუ ვიმსჯელებთ, პირენელებს მსოფლიოს საუკეთესო ნაკრები ჰყავთ. ჩვენ პატივს ვცემთ ვისენტე დელ ბოსკეს გუნდს, მაგრამ გერმანიის ნაკრებს საიმისო პოტენციალი აქვს, ესპანეთს რომ მოუგოს. თუკი ასე მოხდა, ევროპის პირველობის ფინალში 2 წლის წინათ განცდილი მარცხის რევანშს ავიღებთ. გიმეორებთ, ინგლისისა და არგენტინის ძლევის შემდეგ, მხოლოდ და მხოლოდ მსოფლიოს თასის მოპოვებას ვუმიზნებთ.
გოჩა კაჭარავა







