სტატიები

11:57 | 7.11.2011 | ნანახია [] - ჯერ

ბარაბაძის 3.8 წამი სტაბილურია

“მსოფლიო სპორტის” მკითხველმა გუჯა კახაძის სპეციალური კურსების შესახებ უკვე კარგად იცის. ახალგაზრდა თავდამსხმელი მიხეილ ბარაბაძე მასთან ვარჯიშს აგრძელებს და როგორც თავად ამბობს, კმაყოფილიცაა. ფეხბურთელის სისწრაფე სტაბილური გახდა – მიშა 30 მეტრს 3.8 წამში ფარავს. ბარაბაძისთვის ეს კახაძესთან ჩატარებული მე-12 ვარჯიში იყო. აქვე გეტყვით, რომ ერთი ვარჯიში დაახლოებით საათნახევარს გრძელდება. აღსანიშნავია, რომ ჩვენი დირექტორის, ბატონ ირაკლი ჟღენტის თხოვნით, დღევანდელ წვრთნას დაესწრო უეფას მედიაოფიცერი მამუკა კვარაცხელია. გარდა ამისა, გადაწყვეტილია, რომ ამ თვეში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ბატონი გუჯა ჩაატარებს ღია ვარჯიშს, რომელსაც პრესისა და ტელევიზიების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
გუჯა კახაძე:
“როგორც იცით, მიშა ჩემთან 1 თვის წინათ მოვიდა. გავზომეთ სასტარტო სიჩქარე და აღმოჩნდა, რომ ფეხბურთელი 30 მეტრს 4.1 წამში ფარავდა. საერთოდ, ჩემთან სისწრაფის გაზომვა ასე ხდება: სპორტსმენი აკეთებს სამ გარბენს და რომელი შედეგიც უკეთესი იქნება, მის სისწრაფედაც მას მივიჩნევთ. ჩავატარეთ 30-წუთიანი მსუბუქი ვარჯიში, რის შემდეგაც ბარაბაძემ ეს მანძილი 3.78 წამში დაფარა. თუკი მიშა ვარჯიშს შეეშვება, დროთა განმავლობაში ეს მაჩვენებელი გაუარესდება. თავდაპირველად შევთანხმდით, რომ ბარაბაძე ჩემთან 47-დღიან კურსს ჩაიტარებდა, მაგრამ სამწუხაროდ, მან ვერ მოახერხა და დღეს მხოლოდ მე-12 ვარჯიშია. 3.8 წამი დასტაბილურდა, რაც ფეხბურთელისთვის უკვე ძალიან კარგი შედეგია. უახლოეს ერთ კვირას გამძლეობაზე ვარჯიშს მოვანდომებთ. შედეგად, მიშა მეორე ტაიმის მიწურულსაც არ დაკარგავს სისწრაფეს. დღევანდელ ვარჯიშზე ბარაბაძემ ყველაზე უარესი შედეგი 3.9 წამი აჩვენა, უარესი – 3.8. რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ. ყოველდღიური წვრთნა გაცილებით ეფექტურია, მაგრამ მიშას ამის საშუალება არ ჰქონდა. მე-12 ვარჯიშის კვალობაზე, საკმაოდ კარგი შედეგი გვაქვს. მომდევნო ერთი კვირა ფეხბურთელი ყოველდღიურად ივარჯიშებს და ახალ შედეგსაც ვნახავთ, რომელიც, დარწმუნებული ვარ, გაუმჯობესებული იქნება”.

მიხეილ ბარაბაძე:
“როგორც უკვე ვთქვით, თავდაპირველი შედეგი 4.1 წამი იყო. მწვრთნელმა ვარჯიში სიარულის სწავლებით დამაწყებინა და სიმართლე გითხრათ, გულში მეცინებოდა კიდეც. შემდეგ გადავედით ძუნძულზე და სირბილზე. შემასწავლა გარკვეული ელემენტები: მუხლის გატანა, ხელების მოძრაობა, თავის სწორად დაჭერა და ა.შ. ამ ყველაფერმა შედეგი მოიტანა. ბატონ გუჯასთან ვარჯიშის გაგრძელებას მომავალშიც ვაპირებ. რაც შეეხება საწვრთნელ პროცესს, პირადად მე, გამძლეობის პრობლემა მქონდა. მალე დავიწყებთ სწორი სუნთქვის შესწავლასა და ნელ დისტანციაზე ტემპის დაჭერას”.

ირაკლი ჯაფარიძე
 

 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.078601