ფეხბურთი

12:09 | 1.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბაქოში დაკავებული ქართველი ქომაგები და მედიის წარმომადგენლები ღამითვე გაათავისუფლეს

უეფას ევროპის ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბაქოს “ნეფთჩისა” და საჩხერის “ჩიხურას” პირველი მატჩის (0:0) დროს და მის შემდეგ, ქართველ ქომაგებს თავს ცუდი ამბავი გადახდათ.

მათ მიერ გამოფენილი ბანერის შინაარსი არც ადგილობრივ ქომაგებს მოეწონათ და არც პოლიციელებს. რატომღაც ორივემ ბანერის შინაარსი აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფად ჩათვალა. ამის გამო, მისი ხელში ჩაგდება მოინდომეს და ქომაგებმა არ მისცეს.

თუმცა, მატჩის დასრულების მერე, პოლიციელებმა ქართველი ქომაგები სპეციალური ავტომანქანით სტადიონის ერთ-ერთ დარბაზში შეიყვანეს და ბანერის წართმევა მოინდომეს. ქომაგებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, რის გამოც, სამი გულშემატკივარი ძალის გამოყენებით და ცემით წაიყვანეს. იმ დარბაზში ფეხბურთელები გიორგი გაბედავა და გიორგი დათუნაიშვილი, ასევე, “ჩიხურას” დირექტორი ბერიკა შუკაკიძე იმყოფებოდნენ. სხვათა შორის, პოლიციელებისგან დათუნაიშვილსაც მოხვდა.

ამ ფაქტს ტელეკომპანია “მაესტროს” , “იმედისა” და “TV3”-ის ოპერატორები, ასევე “იმედის” და “TV3”-ის ჟურნალისტები შეესწრნენ. პოლიციელებმა, იმ სამი ქომაგის მსგავსად, ისინიც განყოფილებაში წაიყვანეს და ბოლოს გაუშვეს, მაგრამ  გადაღებული კადრები წააშლევინეს. რამდენიმე საათის მერე, აზერბაიჯანში საქართველოს კონსულის, “ჩიხურას” პრეზიდენტისა და აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნის საქმეში ჩარევის მერე, სამივე ქომაგი პოლიციამ გაათავისუფლა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, აზერბაიჯანელ სამართალდამცავებს ჰგონებიათ, რომ ეს ბანერი სომხეთის მხარდამჭერი იყო და ქართველები პროვოკაციას აწყობდნენ. ბანერზე ასეთი შინაარსის წარწერაა: “მე არასოდეს დავთმობ ტერიტორიებს, რაც ნებით არ დამითმია”, თან საქართველოს დროშაა გამოსახული. ავტობუსი, რომელშიც ქომაგები და მედიის წარმომადგენლები ისხდნენ, აზერბაიჯანული პოლიციის ესკორტმა აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრამდე გააცილა.  

ლაშა თაბაგარი worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი ბაქოდან

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114364