ფეხბურთი

3:40 | 24.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნი” უტევს, “რეალს” გააქვს

“რეალსა” და “ბაიერნს” შორის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გამართული მატჩი ისე წარიმართა, როგორც მოსალოდნელი იყო – მიუნხენური გუნდი უპირატესობას ფლობდა და უტევდა, ხოლო მადრიდელები თავს კარგად იცავდნენ და კონტრიერიშებს ახორციელებდნენ.

საწყის წუთებში, ისევე როგორც თითქმის მთელ პირველ ტაიმში, ბურთი მხოლოდ სტუმარ გუნდს ჰქონდა. პირველ 45 წუთში, “ბაიერნი” ბურთს 74%-ის განმავლობაში ფლობდა. ეს განსაკუთრებით საწყის 20 წუთში შეიმჩნეოდა, როდესაც თამაში მხოლოდ “რეალის” ნახევარზე მიდიოდა. თუმცა, მადრიდელებმა შეტევაზე პირველივე გადასვლა გოლით დაასრულეს.

მე-19 წუთზე, კრიშტიანუ რონალდუმ, რომელიც მოედანზე ყოფნის თითქმის მთელი დროის განმავლობაში ინერტული იყო, მარცხენა ფლანგიდან შეტევაში ჩართულ კოენტრაუს ძალზე ზუსტი პასი გაუკეთა, პორტუგალიელმა მცველმა ბენზემას გადაცემა არ დაუგვიანა და ფრანგ თავდამსხმელს ანგარიშის გახსნა არ გასჭირვებია.

გოლის გატანის შემდეგ, რამდენიმე წუთის განმავლობაში, უპირატესობას “რეალი” ფლობდა, რის შემდეგაც, ბურთზე კონტროლი კვლავ “ბაიერნმა” დააწესა, მაგრამ ამით კასილიასის კართან სიტუაცია განსაკუთრებით არ დაძაბულა.

თამაშის სცენარი არც მე-2 ტაიმში შეცვლილა. მიუნხენელები ბურთს ფლობდნენ, ხოლო მადრიდელები თავს კარგად იცავდნენ. პეპ გვარდიოლას გუნდებს ბოლო წუთებზე მეტოქისთვის შტურმის მოწყობა არ ჩვევიათ და ეს არც ამჯერად მომხდარა. “ბაიერნი” სტილის შეუცვლელად უტევდა და ერთადერთი გამოსარჩევი მომენტი 84-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც გიოტცე ურტყამდა სახიფათოდ, მაგრამ კასილიასმა თავისი მაღალი კლასი გამოავლინა. ცნობისთვის, კასილიასმა ჩემპიონთა ლიგაზე მე-80 თამაში მოიგო და მან ამ მაჩვენებლით ყოფილ თანაგუნდელს, რაულს გაუსწრო. ესპანელი მეკარე მხოლოდ ჩავი ერნანდესს ჩამორჩება, რომელსაც ამ ტურნირზე 83-ჯერ მოუგია.

“ბაიერნის” მცდელობა მთელი თამაშის განმავლობაში ამაო იყო, რის გამოც პეპ გვარდიოლამ “სანტიაგო ბერნაბეუზე” პირველი თამაში წააგო.

დაფიქსირებული ანგარიში, ერთი შეხედვით, უპირატესობას “რეალს” აძლევს, მაგრამ ისტორია საპირისპირო დასკვნის გამოტანის საშუალებას გვაძლევს. მადრიდული გუნდი, ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში, მსგავს სიტუაციაში 2-ჯერ ყოფილა და ესპანელები გათამაშებას ორივეჯერ გამოეთიშნენ. “ბაიერნმა” კი, პირველი მატჩის სტუმრად 0:1 ექვსჯერ წაგების შემდეგ, მომდევნო ეტაპზე 5-ჯერ გააღწია.

 

რეალი-ბაიერნი  1:0 (1:0)

მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”

რეალი (4-3-3): კასილიასი, კარვახალი, რამოსი, პეპე (ვარანი 73), კოენტრაუ, მოდრიჩი, ალონსო, დი მარია, ისკო (ილიარამენდი 82), ბენზემა, რონალდუ (ბეილი 73)

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი, რაფინია (მარტინესი 66), ბოატენგი, დანტე, ალაბა, ლამი, შვაინშტაიგერი (მიულერი 74), რობენი, კროოსი, რიბერი (გიოტცე 72), მანჯუკიჩი

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

გოლე: 1:0 ბენზემა (19)

გაფრთხილება: ისკო 57

მსაჯი: ჰოვარდ უები (ინგლისი)

ბურთის ფლობა: 36%-64%, დარტყმა: 9 (7)-15 (10), კუთხური: 3-15, თამაშგარე: 4-3, სეივი: 10-6, ჯარიმა: 10-10.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.140068