უყურეთ ერთი ამ პატარა ბიჭს, “ლილის” ბელგიელი “ვარსკვლავუნა” ნამდვილი ბრილიანტი ყოფილა. Daily Mail-ის მესვეტის ეს სიტყვები ზუსტად გამოხატავს ინგლისური და ალბათ მთლიანად ევროპული საფერხბურთო საზოგადოების სათქმელს. “ჩელსიში” ახალი ოქროსბიჭუნა – ედენ აზარი გამოჩნდა. არა, მის შესახებ ადრეც ვიცოდით, ბოლო-ბოლო, “ლილში” გამოსვლისას ის ორჯერ დაასახელეს საფრანგეთის წლის ფეხბურთელად. მაგრამ რაც მან პრემიერლიგის პირველ სამ მატჩში გააკეთა, ეს უკვე მის განსაკუთრებულობაზე მიუთითებს. ახალ გარემოში ასეთი სწრაფი ადაპტაცია გასაკვირია. გარშემო არა-ერთი გამოცდილი, ჭიპმოჭრილი ვარსკვლავი ჰყავს, მაგრამ ლამის უკვე ის არის მთავარი ფიგურა, თითქოს ლამპარდი და ტორესიც გამოაცოცხლა, აათამაშა – ამასაც ინგლისელები წერენ. მას უკვე ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ადარებენ. მე თუ მკითხავთ, ის ძალიან ჰგავს თავისსავე თანამემამულე – ენცო შიფოს, რომელიც 80-იანი წლების დასაწყისში ევროპული ფეხბურთის მთავარი იმედი იყო, თუმცა შემდეგ ავანსების ნახევარიც ვერ გაამართლა. ვიმედოვნოთ, რომ აზარი არ დაიკარგება. მისი სისწრაფე, ტექნიკა, მოედნის ხედვა და სასწაული პასები ამის საფუძველს გვიტოვებს.
Aამბობენ, “ჩელსის” მისი ტრანსფერი 32 მილიონი გირვანქა დაუჯდაო, ხოლო თვეში ჯამაგირად 170 ათასს უხდიანო. წლევანდელი პრემიერლიგის პირველივე მატჩში მან ჯერ ბრანისლავ ივანოვიჩს გაატანინა საუცხოო პასით, შემდეგ კი პენალტი “მოინადირა”, რომელიც ლამპარდმა ზუსტად დაარტყა. “ჩელსიმ” 2:0 მოიგო. მერე “რედინგის” წინააღმდეგ ჯერ ისევ პენალტი გამოიმუშავა, რომელიც ასევე ლამპარდმა გარდასახა, შემდეგ გარი კეხილსა და იმავე ივანოვიჩს უასისტენტა. “ლურჯებმა” 4:2 გაიმარჯვეს. სამ დღეში კი აზარმა პირველი “არისტოკრატული” გოლი მიითვალა. “ნიუკასლთან” პენალტი შეაგდო, თან მერე ტორესსაც გაატანინა. “ჩელსიმ” 2:0 მოიგო. “კაჭკაჭების” მწვრთნელი ალან პარდიუ აღფრთოვანებული დარჩა ბელგიელი ჭაბუკით: “გასაოცარი ამბავია, რაც ამ ბიჭმა პირველ ტურებში გაკეთა. “ჩელსი” შარშანაც კარგი გუნდი იყო, მაგრამ წლეულს მათ ჰყავთ აზარი, ადამიანი, რომელსაც მარტოს ძალუძს ნებისმიერი თამაშის ბედის გადაწყვეტა. ამიტომ, მიმდინარე სეზონში “არისტოკრატები” ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტები მგონია.”
Aახლა საფეხბურთო საზოგადოება ხვალინდელ მატჩს ელოდება. მონაკოში ევროპის სუპერთასზე “ჩელსი” ესპანურ “ატლეტიკოს” დაუპირისპირდება და “ლურჯებს” შორის ყველაზე საინტერესო ადამიანი აზარი იქნება.
ამ ზაფხულს “ჩელსის” ახალგაზრდულ გუნდში ედენის უმცროსი ძმა – 19 წლის თორღანიც ჩაირიცხა. ესეც უფროს ძმასავით ტექნიკური, სწრაფი, შემტევი ნახევარმცველი ყოფილა და შესაძლოა მალე ძმის მხარდამხარ პირველ გუნდშიც ვიხილოთ. “თორღანი კლასიკური 10 ნომერია, თუმცა ფრთებზე თამაშიც კარგად ეხერხება, - ამბობს ედენი, - ჩვენ არასოდეს გვითამაშია ერთ გუნდში. ახლა კი ვიმედოვნებ, რომ კლუბშიც და ბელგიის ნაკრებშიც ერთად დიდ წარმატებებს მივაღწევთ.”
აზარების მშობლებიც პროფესიონალი ფეხბურთელები იყვნენ. დედა ბელგიურ ქალთა ფეხბურთში თურმე ერთობ დაფასებული პერსონაა, მამა კი ბიჭების პირადი მწვრთნელიც იყო და დამრიგებელიც: “ყოველი თამაშის შემდეგ მამა ჩემს გვერდით იდგა და მეუბნებოდა რა როგორ გამომდიოდა.” – იხსენებს ედენი. თუ აზარების ოჯახს უფრო ახლოს გავიცნობთ, აღმოვაჩენთ, რომ იქ კიდევ ორი პატარა ფეხბურთელი – კილიანი და ეთანი – იზრდება. “ერთი “ლილის” ახალგაზრდულ გუნდში თამაშობს, მეორე ბელგიაში, მაგრამ სერიოზულად რაიმეს თქმა ნაადრევია, რადგან ისინი ჯერ პატარები არიან, – სიცილით ამბობს ედენი, - ვინ იქნება ჩვენს შორის საუკეთესო, მაშინ ვილაპარაკოთ, როცა კარიერას დავასრულებთ.”
საინტერესოა მათი გვარის წარმომავლობაც. კომპეტენტური წყაროები გვამცნობენ, რომ აზარი (Hazard) არაბული წარმოშობისაა, თუმცა შუასაუკუნეების წარჩინებულ ფრანგულ გვარებშიც გვხვდება. ადრე ეს სიტყვა აზარტულ, გამოუსწორებელ მოთამაშეს ნიშნავდა. თუ აზარების ოჯახს შევხედავთ, ცხადი ხდება, რომ ძველი ჟამთაღმწერები არ ცდებოდნენ.
სოლომონ გულისაშვილი







